სად მიიდრიკონ თავი დევნილებმა

 31 აგვისტოს დევნილთა სამინისტროსთან რამდენიმეკვირიანი შიმშილობის აქცია დასრულდა. თექვსმეტი მოშიმშილე მათთვის საცხოვრებელი ფართების თბილისის ტერიტორიაზე გადაცემას ითხოვდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი რეგიონებში თავის გატანას ვერ მოახერხებდნენ. საბოლოოდ, ეს ადამიანები ფოთში დასახლებას დათანხმდნენ.
ივლის-აგვისტოში ასობით დევნილს რამდენიმე კოლექტიური ცენტრი დაატოვებინეს. ეს პროცესი დევნილების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი საცხოვრებლებიდან იძულებით გამოსახლებაზე ჩიოდნენ და თბილისის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. აქაც იგივე არგუმენტი იყო – რეგიონებში თავის რჩენის მწირი შესაძლებლობა.
როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, დევნილები არავის გამოუსახლებია. ისინი დროებით თავშესაფრებში იმყოფებოდნენ და არა კერძო საკუთრებაში. რაც შეეხება მათი განსახლების პროცესს, იგი 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდგომ, ეტაპობრივად მიმდინარეობს. თავდაპირველად 400-ზე მეტი ობიექტი იყო დაკავებული. ჯერ პირველადი საჭიროების ობიექტები გამოათავისუფლეს, მაგალითად, სკოლები. ივლის-აგვისტოს მოვლენები კი ამ პროცესის ნაწილია.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს სთავაზობდნენ ან ფულად, 10 000-დოლარიან კომპენსაციას, ან საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში. ნელ-ნელა ისინი წეროვანში, გორში, რუსთავში, ხობში, ფოთში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში და სხვა ადგილებში დაბინავდნენ. ეს საცხოვრებლები მათ კერძო საკუთრებაში გადავიდა. ნაწილმა ფულადი კომპენსაცია აიღო. როგორც სამინისტროში ამბობენ, უმეტესობამ კომპენსაციას კერძო საკუთრება არჩია. მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს, რომ ამჟამად ფართებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპენსაცია არჩიეს) დაკმაყოფილების ეტაპი დასრულებულია. ქუჩაში არავინ დარჩენილა. დევნილები კვლავ მიიღებენ დახმარებას. იყვნენ ადამიანები, რომელთაც უკვე აღებული ჰქონდათ კომპენსაცია. მათ სახლებიც გააჩნდათ, მაგრამ საცხოვრებელი ცენტრების დატოვება მაინც არ სურდათ.
ივლის-აგვისტოს მოვლენებს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებული მათი ალტერნატიული საცხოვრებლების შესახებ. შესაბამისად, არჩევანსაც ვერ აკეთებდნენ. ასევე საუბარია შემჭიდროებულ ვადებზე. „დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ 5 დღით ადრე აფრთხილებდნენ” – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა ფოცხო-ეწერში (ერთ-ერთი ადგილი, სადაც დევნილებს საცხოვრებლებს გადასცემენ) მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმებამ გამოავლინა, რომ საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია. თუმცა, ჩასახლებულ დევნილებს არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, დაზიანებული იყო იატაკი, არ ჰქონდათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.
განცხადება გამოაქვეყნდა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმაც. მათ პროცესის გაუმჭვირვალობა აღნიშნეს.
სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილები კარგად იყვნენ გაცნობიერებულნი იმ ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა. საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირება კი შეუძლებელია, თუ თავად არ დაინტერესდა.
მინისტრი სუბელიანი სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებზეც საუბრობს. მისი თქმით, ფოცხო-ეწერს ელექტროენერგია ავარიის გამო არ მიეწოდებოდა. პრობლემის მოგვარებას რამდენიმე დღე დასჭირდა. გაზი კი მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ არის. რაც შეეხება ნივთებსა და ავეჯს, ისინი დევნილებს მათ გადაზიდვაში დაეხმარებიან. თუმცა, ახლით ვერ უზრუნველყოფენ.
ვრცელი და კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა დევნილების თემაზე Amnesty International-მაც. ანგარიშში საუბარია დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, დასაქმების და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აუცილებლობაზე. სამწუხაროდ, ანგარიში ნაკლებ ყურადღებას უთმობს დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას.

კომენტარები