ბაგრატის ტაძარი საფრთხეშია

 პრეზიდენტი პატრიარქს ტაძრის აღდგენას დაჰპირდა – კედლების, გუმბათის, ყველაფრის. რეკონსტრუქცია აშკარად მიმდინარეობს. ასეთი ჟესტი მომგებიანია იმ ქვეყანაში, სადაც წარსულის და აწმყოს დიდების ჰიპერტროფირებული გამოხატულება უფრო მოსწონთ, ვიდრე მოკრძალებული ნანგრევები; მაგრამ ეს, შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე რეჟიმისა, რომლის წინაშეც UNESCO ოდესმე დამდგარა”.

ჟურნალ Economist-ის ონლაინ გამოცემა. 26 აგვისტო, 2010 წელი|

ერთი თვის წინ, ბრაზილიაში გამართულმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საფრთხის წინაშე მდგომ მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანა. იუნესკოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „კომიტეტმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ამ ისტორიულ ძეგლზე რეკონსტრუქციის დიდი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომიტეტს მიაჩნია, რომ ეს პროექტი შელახავს ისტორიული ძეგლის მთლიანობასა და თვითმყოფადობას და იგი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”.
ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს გელათის მონასტერთან ერთად შევიდა და იუნესკომ შუა საუკუნეების არქიტექტურის მწვერვალად აღიარა.
გასულ წელს ძეგლს ბევრი რამ გადახდა თავს. ჯერ კიდევ ზაფხულში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და სამუშაოების დაწყებამაც არ დააყოვნა. რეაბილიტაციის გეგმა ნაგებობის სრულად აღდგენას ითვალისწინებს.
პროფესიულ წრეში განხილული და დამტკიცებული პროექტი ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი არ გამხდარა. ბაგრატს, ეროვნულთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს, რაც საქართველოს მისი დაცვისა და შენარჩუნების პასუხისმგებლობას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აკისრებს.
“მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი... ითხოვს წევრი სახელმწიფოს მიერ დადასტურებას, რომ ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ დაიწყება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ საქართველოს მხარისაგან მიწოდებული პროექტის სრული და დეტალური დოკუმენტაციის განხილვამდე” – ნათქვამია იუნესკოს მიერ 2008 წელს სევილიაში მიღებულ გადაწყვეტილებაში.
დიპლომატიური ტონით არაერთგზის გამოთქმული ამ შინაარსის მოწოდებები, ქაღალდზე დარჩა და იუნესკოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები გაჩაღდა.
იუნესკოს 2004 წლის ანგარიში იუწყებოდა, რომ ნებისმიერი სარეკონსტრუქციო პროექტისას აუცილებელია ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა და მისი თვითმყოფადობის გათვალისწინება. ამის გამო, საერთაშორისო ექსპერტები ყველაზე მისაღებ გზად ძეგლის ნანგრევის ფორმით შენარჩუნებას სახავდნენ. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სწორედ ამგვარად შევიდა. იუნესკოს მიერ მისი ავთენტურობის საკითხი კი იმხანად ეჭვგარეშედ მიიჩნიეს.
ადგილობრივი სპეციალისტების მცირე ნაწილისგან სამუშაოებს დაგვიანებული, თუმცა საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით დაიწყო, ფართოდ გაშუქდა და შესაბამისად საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მსახიობები, მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ბაგრატის შესახებ საუბრობდა. ამ ვნებათაღელვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:
“ამ საკითხზე აზრს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს”, – განაცხადა მან გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნის ცერემონიაზე 2009 წელს.
მასშტაბური რეზონანსის გამო საქართველოს საპატრიარქო ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც”.
ბაგრატზე სამუშაოები კი შეაჩერეს, მაგრამ დროებით. 2010 წლის 17 ივნისს რეკონსტრუქცია ისევ განახლდა. ხელისუფლება ძეგლს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს. მის აღდგენას კი მხარს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია უჭერს. ქვეყანა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობისთვისაც მზადაა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, მედიასთან საუბარში განმარტა – “ეს ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების კატეგორიას განეკუთვნება. პრობლემა, რომელიც ამ ძეგლს ყოველთვის ჰქონდა (გამოქარვა, წყალი, თოვლი, წვიმა), მოუგვარებელია და საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობით, ამ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანა. ყველაზე საშიში მისი არსებულ მდგომარეობაში დატოვებაა”.
დატოვებაც არის და დატოვებაც… მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძეგლები დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ბევრი მათგანი ნანგრევის სახითაა წარმოდგენილი ან ძლიერაა დაზიანებული: მათ შორისაა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეი, ნანგრევებად ქცეული კოლიზეუმი, გადახრილი პიზის კოშკი და ა.შ. მრავალი ამგვარი ძეგლის გახსენება შეიძლება, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად, გიზის დიდი პირამიდის ერთგული მცველი სფინქსი თავის დროზე, თურმე, ბათქაშითა და კაშკაშა მოხაზულობებით ყოფილა დაფარული. ნაპოლეონის არმიამ დიდებულ სფინქსს ცხვირი ჩამოუნგრია. თუმცა, სფინქსისთვის ცხვირის მიწებება ჯერ არავის მოსვლია თავში.

 

კომენტარები