ბოლივარული რევოლუცია დამნაშავეობის მორევში

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი
 El National-მა აგვისტოს ერთ-ერთი ნომრის პირველ გვერდზე შემზარავი ფოტო დაბეჭდა. სურათი წინა წლის დეკემბერში კარაკასის უდიდეს მორგში არსებულ ვითარებას ასახავდა. დაწესებულება მოკლული ადამიანების გვამებით იყო სავსე. ვენესუელის მთავარი გამომძიებელი აღნიშნულ ფოტოს 2006 წლით ათარიღებს და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ კრიმინალური ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
არადა, კარაკასში ხუმრობენ, რომ შესაძლოა უფრო უსაფრთხოდ ბაღდადშიც კი ეცხოვრათ. მათ სარკაზმს სტატისტიკური მონაცემები ამყარებს. ერაყსა და ვენესუელაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ადამიანი ცხოვრობს. თუ პირველ მათგანში 2009 წლის დაპირისპირებისას 4 644 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვენესუელაში წელს მოკლულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა.
ვენესუელისთვის ფართომასშტაბიანი მკვლელობები უცხო არ არის. ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე უკვე ათეული წელია დგას. მთავრობა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, უგო ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე სულ 118 541 ადამიანი მოკლეს. ამ მძიმე დანაშაულის კოეფიციენტით ვენესუელა თითქმის უკონკურენტოა ლათინური ამერიკის კონტინენტზე. 2007 წელს 43 792 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. შედარებისთვის, 2006 წელს მექსიკაში ნარკომოვაჭრეებზე თავდასხმებს 28 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კონტინენტის დედაქალაქებშიც სიკვდილიანობის დონის შედარებისასაც სავალალო სურათი იხატება: კარაკასში 100 ათას კაცზე 200 მოკლული მოდის, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის შემთხვევაში იმავე რაოდენობის ადამიანიდან 23-მდე ხდება ძალადობის მსხვერპლი. სან პაულოში კიდევ უფრო იმედისმომცემი მონაცემებია – 14 კაცი 100 ათასიდან.
უგო ჩავესი ვენესუელას 1998 წელს ჩაუდგა სათავეში. მკვლელობების პრაქტიკა ოფიციალური კარაკასისთვის მაშინაც არ იყო უცხო. თუმცა, დღეს არსებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა. სახელმწიფოს პირველი პირი განუკითხაობის გაზრდაზე პასუხისმგებლობას საკუთარ მთავრობას ნაკლებად აკისრებს. ძალადობის გახშირებასთან ერთად უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: მკვეთრია განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. თუ ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკურ სექტორში დადებითი ძვრები შეიმჩნევა, ვენესუელაში, სიღარიბის დაძლევის სხვადასხვა პროგრამების გატარების მიუხედავად, თითქმის არაფერი შეცვლილა.
ექსპერტები ანარქიამდე მისული სიტუაციის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. პირველ რიგში მიუთითებენ პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ხარვეზებზე. სამართალდამცავებს დაბალი ხელფასი აქვთ, რაც მათ ნაკლებ მოტივაციას განაპირობებს. შედეგად, დანაშაულებების მეხუთედში თვითონ არიან გარეულნი.
ძალადობის აღკვეთას ხელს უშლის პოლიტიზირებული, არაეფექტური და ჩავესის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემაც. მაშინ, როცა მკვლელობათა 90% გაუხსნელია, საპატიმროები სავსეა უგოს ოპონენტებით: მათ შორის მოსამართლეებით, დისიდენტი გენერლებითა და მედიის წარმომადგენლებით. სახელმწიფო მოხელეები საჯარო სექტორსა და ქვეყნის ტერიტორიას ხშირად ტოვებენ.
ძალადობის ერთ-ერთ კატალიზატორად ჩავესის მიერ მისი ოპონენტების მართული შტატებისა და ქალაქების მთავრობებისთვის დაფინანსების შემცირებაც სახელდება. მეტიც, რეგიონულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჩავესმა რეგიონალურ პოლიციას იარაღის დიდი ნაწილი ჩამოართვა. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 15 მილიონამდე არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღი არსებობს.
მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ პრობლემის გადასაჭრელად. ახლახან შექმნეს უსაფრთხოების ძალები – ბოლივარული ეროვნული პოლიცია. კადრების მოსამზადებლად გახსნეს ექსპერიმენტული უსაფრთხოების უნივერსიტეტი. პოლიციელებს წვრთნებს კუბელი და ნიკარაგუელი სპეციალისტები უტარებენ. ტრადიციულად ამ ორ ქვეყანაში მკვლელობების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის. ზოგიერთ ადგილას პატრულირების პრაქტიკის დანერგვის შემდეგ მკვლელობათა რიცხვი ოდნავ შემცირდა. მცირედი პროგრესის მიუხედავად, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ჯგუფის მონაცემებით, მხოლოდ ამ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის 23 შტატში 5 962 მკვლელობა მოხდა.
გაზეთ El National-ში გამოქვეყნებულმა ფოტომ შედეგი უკვე გამოიღო – გახშირდა მოსახლეობის მხრიდან მთავრობის ქმედებებზე გაცხარებული დისკუსია. ხელისუფლებამ კი სრულიად განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭირო გზების ძიების ნაცვლად, გაზეთი ძალადობის შემცველი სურათების გავრცელებით ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. სასამართლომ მედიასაშუალებებს ამგვარი მასალების გამოქვეყნება აუკრძალა. მოქალაქეთა ნაწილი ხვდება, რომ მაღალჩინოსნებისთვის მთავარ საფიქრალს არა თვითონ ფაქტის სიმწვავე, არამედ საზოგადოებისთვის მისი დამალვა წარმოადგენს.
ეს მოვლენები ჩავესისთვის ერთგვარი გამოწვევაა. 26 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მოქმედი პრეზიდენტი სურათის გავრცელებას ოპოზიციის მიერ მის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულების ნაწილად განიხილავს. ჩავესი ირწმუნება, რომ ოპონენტებს მისი ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა სურთ. საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ძალადობის მატების პარალელურად, ჩავესის მმართველობით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 55% ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს.

კომენტარები