ოპელ მერივა საქართველოშია

ინსინიასა და უახლესი ასტრას შემდეგ, ჯენერალ მოტორსის ქართველმა პარტნიორმა, კომპანია აუტოჰაუზმა ჩვენს ბაზარზე უახლესი ოპელ მერივაც შემოიყვანა. ეს ავტომობილი ევროპული სტანდარტით, B-სეგმენტის მინივენებს განეკუთვნება, როგორებსაც საქართველოში არ სწყალობენ, თუმცა აუტოჰაუზის შოურუმში მან ერთი კვირაც ვერ „გაძლო” – ორი ცალი რამდენიმე დღეში გაიყიდა.
მერივა მესამე მოდელია, რომელიც ოპელმა თავის ახალ კორპორატიულ სტილში შეასრულა და მასზე გერმანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს. მართალია, საქართველოში ასეთი საოჯახო ავტომობილები პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა ორი ეგზემპლარი, რომლის შემოყვანასაც აუტოჰაუზი წელს აპირებდა, უკვე გაყიდულია. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ოთარ ჩიტეიშვილი ამბობს, ახალ წლამდე მერივას ჩამოყვანა კიდევ იგეგმება, მომავალი წლიდან კი შეზღუდვები აღარ იქნება.
მერივა ოჯახთან ერთად, კომფორტული მგზავრობისთვისაა შექმნილი. მასში ოპელის საფირმო „ფლექს” სისტემების მთელი სერიაა გამოყენებული, რომლებიც სწორედ კომფორტის გაუმჯობესებას ემსახურება. მათი დახმარებით, მერივა თავის მფლობელსა და მგზავრებს ისეთ კომფორტს სთავაზობს, როგორიც უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვისაც კი მისწრება იქნებოდა.
ასეთი სისტემაა „ფლექს დორზ”, რომლის წყალობითაც, წინა და უკანა კარები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება (როლს-როის ფანტომის სტილში), ეს კი უკანა სავარძელზე დაჯდომას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს. „ფლექს სპეისი” უკანა სავარძლებს ემსახურება და სალონის კონფიგურაციის სწრაფად ცვლას უზრუნველყოფს. ამის წყალობით, საბარგულის მოცულობა იზრდება და ავტომობილით დიდგაბარიტიანი ბარგის გადატანაც შესაძლებელი ხდება. სალონში სივრცის გაზრდა სისტემა „ფლექს რეილითაა” შესაძლებელი. ამ სისტემით, სავარძლების წინ და უკან გაწევა შეიძლება. სისტემა „ფლექს ფიქსი” კი მათთვისაა, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ავტომობილით ველოსიპედის გადატანა ხშირად უწევს – ამ სისტემაში სწორედ ველოსიპედის სამაგრი/საბარგული შედის.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ერთი „ფლექს” სისტემა – „ეკო ფლექსი”, რომელიც სპეციალურად, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად შეიქმნა. ამ სისტემის ფარგლებში, მომზადდა ახალი ტურბოდიზელი 1.3 CDTI ეკო ფლექსი, რომელიც ამ სერიის წინამორბედთან შედარებით, 21%-ით მძლავრია და ატმოსფეროში დაახლოებით 11.2%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სულ კი მერივას ძრავების გამაში ბენზინის სამი და დიზელის ხუთი აგრეგატი შედის, რომელთა სიმძლავრეც 75-140 ცხენის ძალის ფარგლებშია.
მერივა მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომელმაც ხერხემლის პრობლემებზე მომუშავე ექიმების მსოფლიო ასოციაციის მოწონება დაიმსახურა. მათი მოწონება კი სწორედ „ფლექს” სისტემებმა გამოიწვია. ექიმების კომპეტენტური აზრით, ეს სისტემები, მძღოლის და მგზავრების ხერხემალზე დატვირთვებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
საქართველოს ბაზარზე, მთელი ამ „ფლექს” ავლადიდებით აღჭურვილი ოპელ მერივას საბაზო ღირებულება 12 900 ევროა.

კომენტარები