ჩინეთის საუკუნე დაწყებამდე მთავრდება?

 ჩინეთი შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. ქვეყანამ გაუსწრო იაპონიას, რომელიც 1968 წლიდან მეორე ადგილს იკავებდა. თუმცა უახლესი პროგნოზებით, მისი აღმასვლა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იქნება. ჩინეთს ბევრი პრობლემა და ცოტა პოზიტიური მიდგომა აქვს საიმისოდ, რომ ეკონომიკური ზრდის აღმავალი ტრაექტორია ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს.
რეიტინგში ასეთი გარღვევის შესაძლებლობა ჩინეთს იაპონიასთან შედარებით თითქმის სამჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში გაუჩნდა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება მაშინ, როცა იაპონიისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს მხოლოდ 2-3%-ია. იაპონიის ნომინალური მშპ აპრილ-ივნისში 1.286 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, ჩინეთისა – 1.335 ტრილიონი.
ჩინეთის ეკონომიკური აღმასვლა პარადოქსებითაა სავსე. რეფორმების სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად ელიტამ ისარგებლა: ქვეყანას ათეულობით მილიარდერი ჰყავს. მათთან შედარებით, ჩინელთა უმრავლესობა იმდენად ღარიბია, რომ დანარჩენი 1.3 მილიარდი ადამიანის საშუალო ხელფასი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმცირესია. იმავე იაპონიაში, მაგალითად, შარშან შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 37.800 აშშ დოლარი იყო, ჩინეთში კი – 3.600 აშშ დოლარი. ყველაზე მდიდრები ისევ ამერიკელები არიან, 42.240 აშშ დოლარით ერთ სულ მოსახლეზე.
ასეთი დისბალანსის მიზეზი სახელმწიფო ხარჯების მუდმივი ზრდის პოლიტიკაა: შარშან ჩინეთმა მასიური სტიმულირების გეგმა აამუშავა. ამ პაკეტმა 1.1 ტრილიონი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტმა 4.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, ამ წლის დასაწყისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1%-ს მიაღწია.
ეს იმაზე ბევრად მეტი ფულია, რისი ათვისებაც ჩინეთს შეუძლია. ამის შედეგად წარმოქმნილი დისბალანსი პეკინის უძრავი ქონების ბაზარს მძიმე ტვირთად უკვე დააწვა: სულ რამდენიმე თვის წინ, პეკინის 64.5 მილიონ ბინაში მთელი 6 თვის მანძილზე ელექტროენერგია საერთოდ არ გამოუყენებიათ. ახალ სახლებში ვაკანტური საცხოვრებლების მაჩვენებელი მარტო პეკინში 65%-ს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ჩინელი დეველოპერები კიდევ 50 მილიონ ასეთ ბინას აშენებენ. ტექნიკურად მშპ-ს ქმნიან – თუმცა მხოლოდ გარდაუვალ კოლაფსამდე.
მეორე პრობლემა ჩაკეტილი ეკონომიკისკენ შემობრუნებაა. მთავრობამ, როგორც ჩანს, ზურგი აქცია რეფორმირებისა და ღიაობის პოლიტიკას და პირიქით, რენაციონალიზაციისა და უცხოური ბიზნესების შევიწროების გზას დაადგა.
მესამე – ე.წ. „დემოგრაფიული დივიდენდია”. მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო, ჩინეთს ყოველთვის ჰყავდა იაფი და მრავალრიცხოვანი მუშახელი. თუმცა უკვე პეკინელი სტატისტიკოსებიც აღიარებენ, რომ ჩინეთის მოსახლეობა პიკს 2020 წელს მიაღწევს. სულ რაღაც 3-5 წლის შემდეგ – მუშახელის რაოდენობა, ხოლო 2025 წლიდან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა საგრძნობლად დაიკლებს. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ჩინეთი დემოგრაფიული დივიდენდის ნაცვლად, მძიმე დემოგრაფიულ ბეგარას მიიღებს.
ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ გარემოც იმუშავებს: მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წლისთვის ქვეყანაში გარემოსდაცვითი პრობლემებისგან დაზარალებული 30 მილიონამდე დევნილი იქნება; თანაც არა ერთი რომელიმე დიდი კატასტროფის, არამედ, ზოგადად, წყლის ნაკლებობის გამო.
ჩინეთისგან განსხვავებით, მისი სამხრეთელი მეზობელი – ინდოეთი ეკონომიკური ზრდისათვის განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს – რეფორმირება და კერძო სექტორის ძალისხმევის წახალისება. ეკონომისტები 2011-2015 წლებში იქ მშპ-ს 9.5%-მდე ზრდას ვარაუდობენ.
ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ ავიღებთ (2009 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით), ინდოეთის მშპ საშუალოდ 7.1%-ით გაიზარდა, ჩინეთისა კი – 9.1%-ით. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტია: ინდოეთი ინფრასტრუქტურის მხრივ, გლობალური კონკურენციის ინდექსის მიხედვით, 133 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა. არაერთი გათვლით, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის არარსებობამ შეიძლება, ფისკალურ 2017 წელს, ინდოეთს 200 მილიარდი აშშ დოლარი ანუ ეკონომიკური ზრდის 1.1%-ული პუნქტი დააკარგვინოს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, ინდოეთის მთავრობა გზების, პორტებისა და ელექტროსადგურების მშენებლობისთვის გაორმაგებული დაფინანსების მოზიდვის პროცესში კერძო სექტორის ჩართვასაც გეგმავს. დაფინანსება 2017 წლამდე 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. 2020 წლამდე ინდოეთის მუშახელი 136 მილიონს – იაპონიის მთელს მოსახლეობაზე და ჩინეთის მუშახელზე თითქმის სამჯერ მეტს – მიაღწევს. პარალელურად, შრომითი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ქვეყანა ინტენსიურ რეფორმას გაატარებს.
შიდა პრობლემებისა და გარე კონკურენციის გათვალისწინებით, ჩინეთს განვითარების მხოლოდ ორი შესაძლო სცენარი რჩება – ან უძრავი ქონების ბაზრის კრახი, ან მთავრობის მიერ ამ ბაზრის ხელოვნურად შენარჩუნება. სავარაუდოდ, პეკინი სწორედ მეორე გზას აირჩევს, რაც ქვეყანას, საბოლოო ჯამში, გაცილებით ძვირი დაუჯდება.
2011 წლის ბოლომდე ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულების ტერიტორიას დატოვებს და ღრმა ეკონომიკურ სტაგნაციაში შევა. დამოუკიდებლად ვერც გარემოს პრობლემებს დაძლევს და ვერც ახალ სტატუსს შეინარჩუნებს 2015 წლამდე. უკვე 2013 წლისთვის, ჩინეთს ისევ იაპონია გადაასწრებს და კვლავ მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდება.

კომენტარები