ისტორია, რომელიც ნაცნობი უნდა გახდეს

ლაშა ბაქრაძე
„გერმანულ-ქართული
ურთიერთობები პირველი
მსოფლიო ომის დროს’’
გამომცემლობა პეგასი, 2010 წელი

„გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. ნაშუადღევს ცურვის გაკვეთილი” – ეს ფრანც კაფკას ჩანაწერია, რომელიც ლაშა ბაქრაძემ თავისი წიგნის ერთ-ერთ თავს წაუმძღვარა. ციტატა მწერლის დღიურიდანაა და 1914 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება. სიმბოლურია – ნაშრომში პირადი და ზოგადსაკაცობრიო მოვლენები ერთმანეთს ენაცვლება, ოღონდ მონაწილე მეოცე საუკუნის პროზის კლასიკოსი არ გეგონოთ. წიგნი ეხება გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დროს. დასახელებაც იგივეა.
ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წლებში თითქმის უცნობი მოვლენა გახლავთ. საომარი მოქმედებების გაჩაღებისთანავე ქართველ ემიგრანტთა მცირე ნაწილი გერმანიის მხარეს დადგა. როგორც ავტორი გვამცნობს, სწორედ ამ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა გერმანიის მიერ. ნაშრომში პოპულარულ ენაზე არის მოთხრობილი ისტორია იმ ადამიანებზე, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში გაშორდნენ სამშობლოს და საქმიანობა, თანაც საკმაოდ წარმატებული, საზღვარგარეთ გააგრძელეს.
რა პროფესიისა და შეხედულების კაცს აღარ შეხვდებით, მათი მოღვაწეობის არეალი მთელი ფრონტის ხაზზეა გადაჭიმული. თურქეთში ქართული გაზეთის გამოცემის მცდელობა, ბრანდერ-მაჩაბლის მისია, ლეო კერესელიძის „აგენტობა’’, ევგენი გეგეჭკორი და ნოე ჟორდანია – მოკლედ, არაერთ თქვენთვის უცნობ და უაღრესად საინტერესო ფაქტს გაეცნობით. წიგნში ბევრი უნიკალური ფოტო, პლაკატი, სქემაა გამოქვეყნებული.
პრეზენტაცია 14 სექტემბერს, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. გარდა იმისა, რომ ავტორმა დაწერის მოკლე ისტორია გააცნო მკითხველს, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საინტერესო მასალებიც ენახათ. მაგალითად: ვიდეოკადრები სახელგანთქმული პრინცი მაჩაბლის მონაწილეობით, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი სუნამოს მწარმოებელი გახლდათ.
ლაშა ბაქრაძემ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა:
„ეს წიგნი ჩემი დისერტაციაა, რომელიც მე 2002 წელს დავიცავი და შემდეგ წლების განმავლობაში ვფიქრობდი მის გამოცემას. ამ ეპოქით მაშინ დავინტერესდი, როდესაც საქართველოში მის შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცოდით, ანუ კომუნისტების დროს. თავიდან ჩემი მიზანი იყო დამეწერა წიგნი საერთოდ ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე. მაგრამ მასალის სიმრავლის გამო ამ ეტაპზე ერთ ნაწილზე შევჩერდი. აქ საუბარი საქართველოს 1921 წლის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ პერიოდსაც ეხება, თუმცა ძირითადი ნაწილი საქართველოს ეროვნული კომიტეტის ირგვლივაა. მე მქონდა საშუალება მემუშავა გერმანიისა და ავსტრიის არქივებში. ნაშრომი გამდიდრებულია საარქივო მასალით და დოკუმენტებით, რაც ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე უშუალოდ მოგონებებზე დაყრდნობა”.






კომენტარები