ახალგაზრდა ლონდონი

მაიკლ ვან დე ჰარმი
 ლონდონის მოდის კვირეულს ბრიტანეთის მოდის საბჭო მართავს და მისი პოლიტიკის მთავარ ნაწილს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდის სკოლა სენტ მარტინი და ინგლისელებისთვის დამახასიათებელი ახალგაზრდული ენერგიის სიყვარული განაპირობებს.
მოდის ბრიტანელი ვარსკვლავები ძირითადად მილანსა და პარიზში აჩვენებენ თავიანთ ახალ კოლექციებს, ან პატრიოტული მოსაზრებების გამო, მაგალითად, როგორც ვივიენ ვესტვუდი, თავიანთ მეორეხარისხოვან ხაზს წარმოადგენენ ლონდონის კვირეულზე. დამწყები ვარსკვლავების სანახავად კი ლონდონი საუკეთესო ადგილია. ბრიტანეთში რამდენიმე დიდი პროგრამა და სერიოზული კონკურსია, რომელთა მთავარი მისია რამდენიმე სეზონზე ახალგაზრდა დიზაინერების კოლექციების დაფინანსებაა. სუბსიდირებული ახალგაზრდული ტალღის პასუხიც არ აყოვნებს და, როგორც წესი, ამ პროგრამებში მონაწილე დიზაინერები ან საკუთარ გამორჩეულ კარიერას აშენებენ, ან პრესტიჟულ სახლებთან იწყებენ თანამშრომლობას. კონკურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი „ფეშენ ფრინჯია”, რომელიც 100 ათასი გირვანქის ინვესტიციას დებს გამარჯვებულში. პროგრამებიდან კი ახალი თაობის სქემა და ფეშენ ისტ ზრუნავენ ბრიტანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა დიზაინერებზე.
მერი კატრანცუმ ტექსტილის დიზაინერის მაგისტრის დიპლომი დაიცვა სენტ მარტინის კოლეჯში და უკვე მეოთხედ მონაწილეობს კვირეულზე, სწორედ სხვადასხვა პროგრამების დახმარებით. ციფრული ბეჭდვით შექმნილი მისი ქსოვილები გამომსახველობით და ფერით ყოველთვის გამოირჩევა. ის პოსტმოდერნულ ილეთებს იყენებს და პოპ-კულტურის სხვადასხვა დეტალებს ლამაზ ზედაპირებად აქცევს. წელს, 70-იანების სტილიზებული ინტერიერები კაბებად აქცია. თავის მოდელებს კატრანცუ მონუმენტურ, არქიტექტურულ სამკაულებთან ერთად აჩვენებს.
კაბა-კოლაჟი, ეს იყო მაიკლ ვან დე ჰარმის დიპლომის თემა, რომელიც მან ახალი თაობის სქემის ფარგლებში განავითარა და დიდ კოლექციად წარადგინა. მან ენდი უორჰოლის ილუსტრაცია იპოვა, კაბად გააცოცხლა, ხოლო შალის და აბრეშუმის ჟაკარდის თითქოსდა შეუსაბამო სხვადასხვა ქსოვილებისაგან, ფრაგმენტული დღის და საღამოს ტანსაცმელი შექმნა.
დავიდ კომა, იგივე დავით კომახიძე საქართველოდან პეტერბურგში, პეტერბურგიდან კი ლონდონში ჩავიდა და სენტ მარტინის მოდის დიზაინის სრული კურსი გაიარა. ტანზე მჭიდროდ მომდგარ კაბებს უკვე ჰყავს თაყვანისმცემლები პოპ-ვარსკვლავთა შორის. მიკროკაბები სექსუალური დეტალებით ალბათ მომავალში მისი ხელწერა გახდება.
კრისტოფერ კეინი მოდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელმაც უკვე გაიარა სენტ მარტინის ტრენინგიც და მოდის საბჭოს არაერთი პროგრამა, ახლა კი დამოუკიდებელ კარიერას აშენებს. მომავალი გაზაფხულისათვის მან კლასიკური ბრიტანული ტანისამოსის ერთეულები ინტენსიურ, სინთეტიკურ ფერებში, ნაკეცებისაგან აწყობილი დეტალებით წარმოადგინა და ფოსფორისფერი ხაზები ოკეანიის თემატიკით მოჩითულ ქსოვილებთან ერთად აჩვენა.

კომენტარები