მორგანის ახალი კუპეს დებიუტი პებლ ბიჩში

 შტატ კალიფორნიის პებლ ბიჩში, ელეგანტურობის კონკურსზე, სადაც ავტომოყვარულები საზოგადოებას მათ მფლობელობაში არსებულ რარიტეტულ ავტომობილებს უჩვენებენ ხოლმე, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია მორგანმა თავისი უახლესი შედევრი – კუპე ევაGT წარადგინა.
წინა, კონსერვატიული გარეგნობის მქონე მოდელებისგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი უფრო დახვეწილი ფორმებითაც გამოირჩევა და მისი წარმოებისთვის, კომპანიამ ახალი ტექნოლოგიებიც აითვისა. მაგალითად, შასი და ძარა ალუმინისგანაა დამზადებული და, რა თქმა უნდა, მათ ხელით აწყობენ.
ევაGT-ს სიგრძე 4.7 მეტრი, სიგანე 1.8 მეტრი, სიმაღლე კი 1.2 მეტრია, წონა კი 1250 კილოგრამს აღწევს. როგორც პრეზენტაციაზე მორგანის შეფმა ჩარლზ მორგანმა განაცხადა, ეს მანქანა შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო, ყოველდღიური საჭიროებისთვის, ასევე, როგორც ლუქსის კლასის დიდი ტურიზმის ავტომობილი.
ევაGT-ს კლასიკური შეთანწყობა აქვს. ანუ, ძრავი (რომელიც ბეემვეს წარმოებისაა) წინაა მოთავსებული, მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი კი უკანა ბორბლებს ატრიალებს. ექვსცილინდრიან ძრავს ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 306 ცხენის ძალას აღწევს. მას უწყვილდება 6-საფეხურიანი ავტომატი, ან მექანიკური კოლოფი.
ამ ტანდემის მეშვეობით, ევაGT-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 272 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში დაახლოებით 200 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ევაGT-ს აღჭურვილობაში შედის: მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, სტაბილიზაციის სისტემა, ქსენონის მთავარი ფარები, სანავიგაციო სისტემა და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ბალიშები. ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ახალი ავტომობილის საბაზო ღირებულება. თუმცა, ჩარლზ მორგანის თქმით, ის მოდელ სუპერსპორტსზე გაცილებით იაფი ეღირება. ამ უკანასკნელის ფასი კი ბრიტანეთში 109 ათასი გირვანქიდან იწყება.
მორგანი სულ 100 ევაGT-ს წარმოებას აპირებს, რომლებზეც შეკვეთის შემთხვევაში, მყიდველს წინასწარ მხოლოდ 5 ათასი გირვანქის გადახდა მოუწევს. მართალია, ამ ავტომობილის წარმოება 2012 წელს დაიწყება, მაგრამ მორგანს მასზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს.

კომენტარები