მამარდაშვილის გამოცანა

 მამარდაშვილს ჩვენში არ გაუმართლა. მასზე ძირითადად მხოლოდ მემუარული ჟანრის ტექსტებს წერენ. ერთადერთი ფრაზა, რომლითაც ის შემორჩა ქართული საზოგადოების ცნობიერებას, ისაა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. რადგან მამარდაშვილის შემოქმედებიდან ამ ფრაზის მეტი თითქმის არავის არაფერი ახსოვს, სწორედ ის იქცა სპეკულაციების საგნად. რას გულისხმობდა მამარდაშვილი „ჭეშმარიტებაში”?

ამ სპეკულაციებში რაც გამოვლინდა, არის ფაქტი, რომ, მამარდაშვილისგან განსხვავებით, დიდი განათლებით ვერ დავიკვეხნით. როგორც ვერ მივხვდით იმას, რომ მისი ფრთიანი ფრაზა „უნდა ვიცოდეთ ისტორია იმისთვის, რომ ის არ გამეორდეს”, ამერიკელ ფილოსოფოს სანტაიანას ეკუთვნოდა, ასევე არსად შემხვედრია იმის აღნიშვნა, რომ ერთადერთი წინადადება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა იცნობს მამარდაშვილს, სინამდვილეში რუსი მოაზროვნის, პეტრე ჩაადაევისგან მოდის. აი, ჩაადაევის ციტატაც: „მშვენიერი რამაა – მამულის სიყვარული, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მშვენიერი – ესაა ჭეშმარიტების სიყვარული. მამულის სიყვარული შობს გმირებს, ჭეშმარიტების სიყვარული კი ქმნის ბრძენებს, კაცობრიობის კეთილისმყოფელებს. მამულის სიყვარული ჰყოფს ხალხებს, საკვებს აძლევს ნაციონალურ სიძულვილს და ხშირად აცმევს დედამიწას თალხებს; ჭეშმარიტების სიყვარული კი ავრცელებს საკუთარ ცნობიერებას, ჰქმნის სულიერ ტკბობას, ადამიანებს აახლოებს ღვთაებასთან. არა სამშობლოს, არამედ ჭეშმარიტების გავლით მიდის გზა ზეცისაკენ”.

თითქოს მესმის „ზვიადისტთა” გამარჯვებული ყიჟინა – ისინი ხომ ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მამარდაშვილი სინამდვილეში „რუსი” იყო და „ეროვნულ ხელისუფლებას” ებრძოდა. და, აი, თურმე ეს საკრამენტული ფრაზაც რუსული ყოფილა. ახლა თამამად შეგვიძლია გავაგრძელოთ დელირიუმი თემაზე, თუ როგორ უნდოდა რუსეთს მამარდაშვილი საქართველოს პრეზიდენტად (უკანასკნელ პერიოდში ეს პარანოიდალური ფანტაზია ტელევიზიითაც მოვისმინე).

მაგრამ სიხარული ნაადრევია. ჩაადაევი ვერაფრით გამოდგება რუსი იმპერიალისტი მოაზროვნის სახედ. ეს არც კატკოვია და არც, თუნდაც, დოსტოევსკი. ესაა ადამიანი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმკაცრესი კრიტიკოსი იყო და რომელიც – იშვიათად ნათელი გონების პატრონი – ამ კრიტიკის გამო შეშლილადაც გამოაცხადეს.

ამ ციტატით ვერც ისინი გაიხარებენ მაინცდამაინც, ვისაც მასში მხოლოდ ჭეშმარიტების ღვთაებრივ ბუნებაზე მინიშნებამ მოსჭრა თვალი. ჩაადაევი ცალკე საკითხია, მაგრამ მამარდაშვილი ვერანაირად ვერ გამოდგება რელიგიური აღორძინების ფიგურად – მისთვის ქრისტიანულ რელიგიას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა; პავლე მოციქულის ტექსტებს ის ისევე კითხულობდა, როგორც დეკარტსა და პრუსტს – როგორც ადამიანის შინაგანი გამოცდილების მატარებელ ტექსტებს, რომლებიც ბევრ რამეს ეუბნება მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რომელთა სიტყვასიტყვით აღქმაც – უბრალოდ „უკულტურობაა”.

მაშ, როგორი კონტექსტი მოვუნახოთ ჩაადაევის ამ ციტატას? რატომ მოუნდა მამარდაშვილს სწორედ იმ პერიოდსა და იმ ადგილას, სადაც ე. წ. ეთნიკური ნაციონალიზმი – სინამდვილეში კი უბრალო ეთნიციზმი, სისხლის, ჯიშისა და ჯილაგის აპოლოგია – პიკს აღწევდა, მაინცდამაინც რუსი – თუმცაღა რუსეთისადმი ძალზე კრიტიკულად განწყობილი მოაზროვნის – ციტირება?

ალბათ იმიტომ, რომ, მისი აზრით, სწორედ იქ და მაშინ ძალიან დავემსგავსეთ რუსეთს. რუსეთს, რომელიც არც ჩაადაევს უყვარდა და არც – მამარდაშვილს.

კომენტარები