ფიქლის გაზი პოლონეთში

პოლონეთს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის ახალი შანსი აქვს – ფიქლის გაზი.
აგვისტოში, ჩრდილოეთ პოლონეთის მწვანე მდელოზე, უცნაური რკინის ჩარჩოიანი კონსტრუქცია გამოჩნდა, რომელმაც უამრავი პოლიტიკოსის ინტერესი გამოიწვია; თანაც, უამრავ პოლონელში დამოუკიდებლობისა და აურაცხელი სიმდიდრის იმედი გააღვივა. ეს კონსტრუქცია ეკუთვნის კანადურ კომპანიას – Lane Energy და ფიქლის გაზის მოსაპოვებლად გამოიყენება.
პოლონეთის ნიადაგის გეოლოგიური სტრუქტურა ამერიკულს ჰგავს, ეს უკანასკნელი კი არაკონვენციური ფიქლის გაზით მდიდარია. ამ აღმოჩენას რამდენიმე ათეული წელი და ხანგრძლივი და ძვირი კვლევა-ძიება დასჭირდა. ბოლოს, საშუალო ზომის რამდენიმე ამერიკულმა ენერგოკომპანიამ მიაგნო მეთოდს, რითაც ნიადაგში ღრმად ჩაფლული ფიქლის ფორმაციებიდან გაზი გამოათავისუფლა – ფიქალზე მაღალი წნევის წყლის ჭავლი მიუშვა და წვრილად დაშალა.
ეფექტი რევოლუციური გამოდგა. სულ რამდენიმე წლის წინ ამერიკაც ისეთი პორტების მშენებლობაზე ფიქრობდა, სადაც გაზზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის შენახვას შეძლებდა. დღეს შეერთებულ შტატებს გაზი თავზესაყრელად აქვს და ახლა იმაზე ფიქრობს, როგორმე ტერმინალები იმპორტის ნაცვლად, ექსპორტის შესაძლებლობებს მოარგოს.
პოლონელებს ამერიკული გამოცდილების გამეორება სურთ. მათი სურვილები რეალობასთან საკმაოდ ახლოა: ქვეყანას ევროპაში ფიქლის დეპოზიტების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია.
სხვადასხვა გათვლით, ქვეყნის 12% ფიქლით მდიდარ ნიადაგზეა, რაც დაახლოებით 1.5-დან 3 ტრილიონამდე კუბურ მეტრ ფიქლის გაზს უდრის. ამის წყალობით, 10-15 წელიწადში პოლონეთი შეიძლება უმდიდრესი სახელმწიფო და ნორვეგიის მსგავსი კიდევ ერთი ენერგოგიგანტი გახდეს.
თუმცა მანამდე პოლონეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბარიერის დაძლევა მოუწევს. პირველი სირთულე ფიქლის გაზის ოდენობაა: რეზერვები კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს, რომ მის მოპოვებას აზრი ჰქონდეს. მეორე, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. აქ კი გარემოსდაცვითი რეგულირება ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ამერიკაში. ამასთან, ოპოზიციური ჯგუფები, ნიადაგში არსებული ფიქლის ბურღვის შედეგად წყლის შესაძლო დაბინძურებას სულ უფრო ხშირად აპროტესტებენ. მესამე, რადგან ევროპაში, ამერიკისგან განსხვავებით, მინერალური დეპოზიტები, როგორც წესი, სახელმწიფოს საკუთრებაა, მათი მოპოვება წახალისებული არ არის. და ბოლოს, ევროპას არ გააჩნია ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია გაზის მოსაპოვებლად – ამერიკაში ამგვარი ათასზე მეტი, ხოლო ევროპაში – ასზე ნაკლებია.
პოლონელებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემების მიუხედავად, გარისკვა მაინც ღირს: წინასწარი გათვლებით, 5 წელიწადში პოლონეთს უკვე ზუსტი წარმოდგენა ექნება საკუთარი დეპოზიტების ზომის შესახებ, ხოლო 10 წლის შემდეგ გაზის პირველი ნაკადიც გაჩნდება.
 

კომენტარები