რატომ გენდერული თანასწორობა — ნაწილი I

0 კომენტარი

ნაწილი I
გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული; სელექციური აბორტების, იგივე ინფანტციდის შედეგად კი 100 მილიონზე მეტი გოგონაა გამქრალი; აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს ეროვნული ეკონომიკისა და სოციალური კომისიის (ESCAP) მონაცემებით, აღნიშნული რეგიონი დაახლოებით 47 მილიარდ აშშ დოლარს კარგავს ყოველწლიურად შრომით ბაზარზე ფემინური მონაწილეობის სიმწირის გამო. სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის შედეგებს ითვლიან, გენდერული დისკრიმინაციის პრაქტიკები მსოფლიოს უდიდეს ნაწილში პანდემიური რჩება.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხთა შორის მოექცა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული თემატიკა საქართველოში დღემდე ვერ მოხვდა საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების დღის წესრიგში, კომპლექსურია: დომინანტურ პატრიარქალურ კულტურასა და კონსერვატულ მენტალიტეტთან ერთად, მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებაში გაბატონებული აზრი იმის თაობაზეც, რომ გენდერი ცალსახად ქალთა საკითხია. რეალურად, გენდერული თანასწორობა სცდება “ქალთა პრობლემის” არსს, არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს და გაცილებით მასშტაბური გავლენა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

* * *
შემთხვევითი არ არის, რომ ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია და ფინეთი – მრავალი საზომით მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი ქვეყნები, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში აქტიურად ლიდერობენ Global Gender Gap Index-ს – გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ ქვეყანათა სიას. ამ სახელმწიფოებში ყველაზე მაღალია ქალთა მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, ბიზნესში, მსხვილი საფინანსო კორპორაციების მართვაში. პირდაპირპროპორციულად, სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ მსოფლიოში პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად ყველაზე სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნებს.
როგორც წესი, როდესაც საქმე ბიზნესსა და რთულ ფინანსურ ოპერაციებზე მიდგება, საზოგადოებები ნაკლებად მიესალმებიან ქალების მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ის კომპანიები, სადაც უმაღლესი რგოლის მენეჯმენტსა და დირექტორთა საბჭოებში ქალების დიდი წარმომადგენლობაა, ფინანსურად გაცილებით წარმატებულები არიან. 2007 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის – მაკინზის (McKinsey) მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ კომპანიები, სადაც დირექტორთა საბჭოებში ქალები ჭარბობენ, 40%-ით უფრო მომგებიანები არიან იმ კომპანიებთან შედარებით, სადაც ქალთა წარმომადგენლობა დაბალი ან ნულოვანია. პარადოქსია, რომ მოგებაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა და საზოგადოებებმა აღნიშნული სტატისტიკისგან რესურსების გამოყენების შესახებ გონივრული დასკვნები ვერ გააკეთეს და დღეს ქალების მონაწილეობა ბიზნესში მამაკაცებთან შედარებით საგრძნობლად არაწარმომადგენლობითია: გამოკვლეული 500 მსხვილი კომპანიის დირექტორთა საბჭოებში დღესდღეობით ქალები მხოლოდ 15%-ს შეადგენენ.
90-იანი წლების დასაწყისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა პირველად გააცნობიერეს მსოფლიოს უდიდესი და აქამდე აუთვისებელი ეკონომიკური რესურსის არსებობა, რომელსაც ქალები წარმოადგენენ. დღეს ეს ინსტიტუციები, ისევე როგორც ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასოდეს ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად გვევლინებიან. 90-იან წლებში ლოურენს სამერსმა, ცნობილმა ამერიკელმა ეკონომიკის ექსპერტმა და ამჟამად ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმა, განვითარებად ქვეყნებში ქალებში ინვესტიციას ყველაზე მაღალი ამონაგების მქონე ინვესტიცია უწოდა; კოალიცია HUNGER-მა კი ქალები აფრიკაში შიმშილის დაძლევის გასაღებად შერაცხა.
ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც ქალებისა და გოგონების უფლებები ყველაზე მეტად არის გათელილი და ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნომინალურია, დისპროპორციულად მძვინვარებს ძალადობა და ტერორიზმი. თანამედროვე მეცნიერებაში მომწიფდა თეორია, რომლის თანახმადაც ექსტრემიზმისა და ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი მუსლიმურ ქვეყნებში არა ისლამური მოძღვრებაა, არამედ ქალთა ჩართულობის ნაკლებობა შრომით ბაზარსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ამიტომაც არის, რომ დღეს მოკავშირეთა სამხედრო ძალების გენერლები და წამყვანი საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ხანგრძლივვადიანი გეგმების ფორმირებისას აქტიურად ლობირებენ ქალების განათლებაში და მათ გაძლიერებაში ინვესტიციებს. ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მმართველობაში ამ ქვეყნებში მათ სტაბილურობის წინაპირობად ესახებათ.
დღევანდელ სამყაროში მოვლენები ურთიერთგადაჯაჭვულია და კომპლექსურ განხილვას მოითხოვს. უთანასწორობასთან მჭიდრო კავშირშია დედათა სიკვდილიანობა, რომელიც მსოფლიოში 15-დან 19 წლამდე ასაკის ქალების სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს და უმრავლეს შემთხვევაში განპირობებულია ქალების შეზღუდული ხელმისაწვდომობით ჯანდაცვის სერვისებთან, მათი მარგინალიზებული სტატუსიდან გამომდინარე. სწორედ სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობა წარმოადგენს დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. როდესაც დედა იღუპება, დედის ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვს ნაკლები შესაძლებლობა აქვს მიიღოს ადეკვატური რაოდენობის საკვები და კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რომ იცხოვროს ნორმალურ პირობებში და მიიღოს განათლება. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის მსოფლიოში ე.წ. ქუჩის ბავშვების რაოდენობას, რაც პირდაპირ კავშირშია კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავებასთან, პროსტიტუციის, ძალადობისა და ნარკომანიის ზრდასთან. ეს საკითხები კი დღესდღეობით ყველაზე მწვავედ დგას და მნიშვნელოვნად აფერხებს მსოფლიოში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიღწევას.
 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები