რატომ გენდერული თანასწორობა — ნაწილი II

0 კომენტარი

დღესდღეობით, მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, პლანეტის უდიდეს ნაწილში გენდერული უთანასწორობის შემაშფოთებელი პრაქტიკებია გავრცელებული: ექვსმილიარდიან პლანეტაზე, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, მიწის მესაკუთრე ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1%-ია. სქესის ნიშნის მიხედვით ჩაგვრის შედეგად აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 6 ათას გოგონას უტარებენ გენიტალურ მუტილაციას; 90-იან წლებში კოსოვოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 30 ათასიდან 50 ათასამდე ქალი გააუპატიურეს.
ვისაც ზემოაღნიშნული საგანგაშო ციფრები მხოლოდ აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის განვითარებადი საზოგადოებების პრობლემად ესახება, შეუძლია საქართველოში არსებულ მონაცემებს გაეცნოს: საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, ვერბალურ და ეკონომიკურ ძალადობას; ქვემო ქართლის რეგიონში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს იშვიათად შეხვდებით, რადგან 12-13 წლის ასაკში მათ გარიგებით ათხოვებენ და სწავლის გაგრძელებას უკრძალავენ; ტაბუირებულია ქალთა ოპრესირებული სექსუალობის საკითხიც. საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება ინფანტციდის, იგივე სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი.
ქალები მარგინალიზებულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისითაც: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი), აღმასრულებელ ხელისუფლებასა (18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი) და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით (მაგ. საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და 298 ქალი). კულტურულად კონსერვატულ საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას მავანნი ქალებისვე არჩევნით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები იმისათვის, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ. აღნიშნული მოცემულობა რომ მართლაც ქალების არჩევნით ყოფილიყო განპირობებული, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა, თუმცა მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე დეკლარირებული თანასწორობისა, ე.წ. გამჭვირვალე ჭერის ეფექტი სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ქალებს მაღალ თანამდებობრივ რგოლებზე თვითდამკვიდრებისათვის.
გამჭვირვალე ჭერის ეფექტი ეკონომიკური ტერმინია და კვალიფიციური კადრის დაწინაურებისათვის დაბრკოლებას ნიშნავს გენდერული ან ზოგჯერ ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე. გამჭვირვალე ჭერის შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში – აშშ-ში ქალები დაახლოებით ერთი მესამედით ნაკლებს გამოიმუშავებენ თანაბარი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცებთან შედარებით; გაერთიანებულ სამეფოში 23%-ით ნაკლებს. ევროპაში კი MBA-ს ხარისხის მოპოვებისთანავე მამაკაცები გაცილებით იოლად პოულობენ მაღალანაზღაურებად სამსახურებს, მაშინ როცა ანალოგიურ სასტარტო პირობებში ქალებს ბევრად დაბალ რგოლებზე მიუწვდებათ ხელი და დაახლოებით 4,600 აშშ დოლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ თანაბრად კვალიფიციურ მამაკაცებთან შედარებით.
საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას. ამ სისტემის მომხრენი ამტკიცებენ, რომ კვოტირება იმ ბარიერების კომპენსირებას ახდენს, რომლებსაც ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლისას ხვდებიან; რომ კვოტირება სხვა არაფერია, თუ არა სოციალური სამართლიანობის აღდგენის მცდელობა, სამართლებრივად დეკლარირებული თანასწორობის დე ფაქტო უზრუნველყოფა.
ქალებისათვის პოლიტიკური კვოტირების სისტემა რამდენიმე საფუძვლიან თეორიას ემყარება. ერთ-ერთი არგუმენტის თანახმად, კვოტირების აუცილებლობას განაპირობებს ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისადმი არახელმისაწვდომობა. ის სოციალური სტრუქტურები, რომელთა ფარგლებში კვოტირების შემოღებაზეა საუბარი, შეიქმნა ასეული წლების წინ, პირდაპირი დისკრიმინაციის ეპოქაში და, შესაბამისად, ეს სტრუქტურები მემკვიდრეობითად დისკრიმინაციულია, რაც განაპირობებს ისეთი დროებითი ზომების შემოღებას დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, როგორიც კვოტირებაა.
კვოტირების მეორე თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.
ამ არგუმენტაციამ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში: ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში ნებაყოფლობით დააწესეს კვოტირების სისტემები ქალებისათვის; უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კვოტირება დამკვიდრდა საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ლათინური ამერიკის 11 ქვეყანაში. 2002 წელს ნორვეგია უფრო შორს წავიდა, როდესაც 2008 წლისათვის კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40%-იანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებულ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ლობირების შედეგად კვოტირების სისტემაც იყო მოაზრებული, მაგრამ ამ ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს. სანამ ქალებისათვის კვოტირების შემოღებაზე საქართველოში აქტიური დებატების ნიადაგი მომწიფდება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ე.წ. “აზრის შემქმნელებისა” და “გადაწყვეტილების მიმღებების” მიერ პრობლემისა და მისი თანამდევი შედეგების გაცნობიერება სრული მასშტაბით. აისახება რა საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროზე, გენდერული თანასწორობა უკვე აღიარეს, როგორც ათასწლეულის განვითარების გამოწვევების (MDGs) გასაღები. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი, დავძლიოთ გლობალური სიღარიბე, დავამარცხოთ ექსტრემიზმი და მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. თუკი ჩვენი საზოგადოების მიერ ამ ურთიერთკავშირების გაცნობიერება მოხდება, საქართველოში გენდერული თანასწორობის გულშემატკივართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაალ ანდრონიკაშვილი

კომენტარები