მაჩეტე

0 კომენტარი

სასარგებლო, სასახელო, საგმირო თუ საზიანო საქმეების კეთების გარდა, საზოგადოება ადამიანებს კიდევ ერთი ნიშნით გამოარჩევს ხოლმე, – “ვიღაცით” ე.ი. ვინმე ცნობადთან ნათესაური, მეგობრული, სექსუალური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის კავშირებით. ასეა მექსიკელი რეჟისორის რობერტო როდრიგესის შემთხვევაში, ანუ მისი შემოქმედება ხშირად კვენტინ ტარანტინოსთან დუეტში მოიაზრება. ზოგს ამ რეჟისორების ფილმები ერთმანეთში ერევა, ზოგი როდრიგესს მექსიკელ ტარანტინოს უწოდებს (რაც გადაჭარბებული მგონია), ჩვენში ძმაკაცებადაც კი მოიხსენიებენ, გარდა აღნიშნული საუბრებისა, ეკრანზე იუმორთან თუ სისხლთან მათი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, რეჟისორებს ერთმანეთთან B კატეგორიის (B-Movie) ფილმებით დაინტერესება აკავშირებთ და ხშირად აერთიანებთ კიდეც. ამ კატეგორიის ფილმები არც მაღალი ბიუჯეტით გამოირჩევა და არც მხატვრული დონით, შესაბამისად, როგორც მეინსტრიმულ პროდუქციას, კრიტიკაც არ სწყალობს. თუმცა ორივე ავტორის შემოქმედების ინსპირირების ძირითად წყაროს აღნიშნული კინოსურათები წარმოადგენს. სწორედ ასეთი ფილმების პერსონაჟებით, ჟანრებით, დრამატურგიით და ამ ყველაფერზე სარკაზმით არის შთაგონებული რობერტო როდრიგესის ახალი ფილმი “მაჩეტე”, რომელსაც სოციალური თემატიკა როდრიგესის წინა ნამუშევრებისგან განასხვავებს, აქ არც ანტონიო ბანდერასია და არც სელმა ჰაიეკი, სამაგიეროდ მარადტანჯული სახის მქონე დენი ტრეხო მთავარ როლშია, ის მექსიკელი ემიგრანტის, ყოფილი ფედერალური აგენტის, მეტსახელად მაჩეტეს როლს განასახიერებს. მაჩეტეს სენატორის მოსაკლავად 150 ათას დოლარს შესთავაზებენ და რადგან ეს სენატორი ემიგრანტების მადევარი, მექსიკელ საზღვრისდამრღვევებზე მონადირე მტარვალია, მაჩეტე შემოთავაზებაზე თანხმდება, შემოთავაზება კი სინამდვილეში სენატორის წისქვილზე ასხამს წყალს და მისი რეიტინგის გაზრდას ემსახურება. შესაბამისად მაჩეტე თავად აღმოჩნდება მსხვერპლის როლში და როგორც ხდება ხოლმე, მასზე ნამდვილი ნადირობა იწყება. დევნა, აფეთქებები, მინიმალური ეროტიკა, ხოცვა-ჟლეტა, საფინალო შერკინება, მოკლედ ფილმი სავსეა action ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ელემენტით და როდრიგესისეული უსაზღვრო იუმორით – ყვავილებში შეფუთული იარაღი, თოკად გამოყენებული ნაწლავი, სენატორის სატირული საარჩევნო რეკლამა, პადრეს ვიდეოსათვალთვალო აპარატურა ეკლესიაში, ავე მარიას ფონზე ამტყდარი სროლები, ამბოხებული ემიგრანტები და დენი ტრეხოს საფირმო იარაღი – მაჩეტე, როგორც ამბოხების სიმბოლო. 

რა თქმა უნდა, “მაჩეტე” ინტელექტუალური წიაღსვლებით გამორჩეული მაღალი დონის ფილმი არ არის, პირიქით პოლიტიკურად არაკორექტული და სწორხაზოვანია. არც რობერტო როდრიგესია “დიდი რეჟისორი” (ჩვენში რომ უყვართ ხოლმე თქმა), თუმცა მას ტარანტინოს მსგავსად აქვს უნარი კინოს ისტორიაში მივიწყებული, გნებავთ კინოსანაგვეზე მოსროლილი ფილმების, გმირების, პერსონაჟებისა თუ ჟანრების მოძიების, გახსენების, ნაციონალურად შეფუთვის, მუსიკალურად გაფორმების და ისე წარდგენის, რომ მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს, კინოგაქირავებაში კარგი პოზიციები დაიკავოს, მინიმალური ბიუჯეტით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს (როგორც ეს 1992 წელს, სულ რაღაც 7 ათას დოლარად გადაღებული, ე.წ. home-video-ს მექსიკური ბაზრისთვის გათვლილი ფილმის – El Mariachi-ს შემთხვევაში მოხდა, როდესაც ფილმის ჩვენებისა და გავრცელების უფლება Columbia Pictures-მა შეიძინა და შემქმნელებს სოლიდური მოგებაც მოუტანა) და კრიტიკოსებიც აალაპარაკოს. ე. ი. როდრიგესი ქმნის გასართობ-კომერციულ კინოს, თუმცა ეს ფილმები ხშირად არც პრეტენზიული, მაღალი კინოგემოვნების მქონე მაყურებელს ტოვებს უკმაყოფილოს. რასაც რეჟისორის კინოსთან დამოკიდებულება, სხვადასხვა კინოჟანრებთან, თემებთან, კატეგორიებთან მისი გახსნილობა და უსაზღვრო, რელიგიური თუ სხვა მორალური შეზღუდვებისგან გათავისუფლებული იუმორი განაპირობებს. ეს კი სწორედ ის მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებებია, რომლის ნაკლებობასაც ახლადრეაბილიტირებული ქართული კინო (და არა მხოლოდ კინო) დღეს განიცდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები