რუსეთის ახალი მოთხოვნები NATO-ს

რუსეთი ავღანეთის ომში დახმარებისათვის საჭირო პირობებს უყენებს NATO-ს. აქამდე კრემლი ძირითად აქცენტს ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე აკეთებდა. ლისაბონის სამიტამდე კი მოსკოვი ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს “მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალის” დისლოკაციის ზღვარი უნდა დაწესდეს. ეს შეზღუდვა შეეხება სახმელეთო ბრიგადას, ვერტმფრენთა ბატალიონის ან საჰაერო პოლკის მუდმივ ან დროებით განლაგებას. თუკი ასეთი ხელშეკრულება გაფორმდება, NATO-ს აღარ შეეძლება კონტინენტის ამ ნაწილში 41 ტანკზე, 188 ჯავშანტრანსპორტიორზე, 24 საბრძოლო თვითმფრინავსა ან ვერტმფრენზე მეტის განლაგება. სანაცვლოდ კრემლი ავღანეთში ჯარების გაწვრთნას, რამდენიმე ათეული ბატალიონის გამოყოფას და პაკისტანის შემცვლელ გზას სთავაზობს NATO-ს.
რუსეთი უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს გარანტიებს, რომ NATO-ს ჯარები ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში არ განლაგდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის ამ მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აგვისტოს ომმა მათი ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა.
სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე NATO-ს გენერალური მდივანი მოსკოვს ეწვევა. ლისაბონში ჩავა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც. ასე რომ, ლისაბონის სამიტიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელიან. განსაკუთრებით – ავღანეთის, ანტისარაკეტო სისტემების და NATO-ს გაფართოების კუთხით.
კრემლმა უკვე ათქმევინა უარი აშშ-ის პრეზიდენტს პოლონეთში და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე. ახლა NATO გამოთქვამს მზადყოფნას, ანტისარაკეტო სისტემების ევროპაში განთავსების მთლიან გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს.
რუსეთის და NATO-ს თანამშრომლობის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი მხრივ, რუსეთი აცნობიერებს, რომ მისი გავლენა ცენტრალურ აზიაზე მცირდება, ჩინეთის კი იზრდება. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელსაც ჩინეთი უდგას სათავეში, დიდი გავლენა აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე. ამასთანავე რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დამოკიდებულია 10 მილიონ მიგრანტზე ყოველწლიურად. მათი უმრავლესობა მუსლიმური ქვეყნებიდანაა. ასეთ პირობებში კი რუსეთს არ შეუძლია ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ბუდე – ავღანეთი – თავის საზღვართან ახლოს უყურადღებოდ დატოვოს. ამიტომ NATO-სთან თანამშრომლობა ისლამური ფაქტორის გასანეიტრალებლად თავად რუსეთის ინტერესებშიც შედის.
ნატოს ლისაბონის სამიტი აჩვენებს, თუ რამდენად არიან NATO-ს ქვეყნები მზად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხში დათმობებზე წასასვლელად.
 

 

 

კომენტარები