Le Figaro: ატლანტიზმის გამოცდა „ახალი მსოფლიოს” ფონზე

ჩინეთი მომავალი ათწლეულების მთავარ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გვევლინება, აშშ კი სულ უფრო წყნარი ოკეანისკენ იყურება. მაშ, რაღა დარჩა ატლანტიზმის არსიდან?
ატლანტის ოკეანე, ჩვენი წინაპრების ცხარე კამათისა და კონფლიქტების საგანს რომ წარმოადგენდა, ნუთუ დღეს უკვე მოძველებულ პოლიტიკურ კონცეფციად იქცა?

დიახაც, პოლიტიკური კონცეფცია! უფრო მეტადაც კი ვიდრე გეოგრაფიული ცნება. მას შემდეგ, რაც ევროპული აზრი ცენტრს გასცდა და გაიშალა (რაც ახალი სამყაროს აღმოჩენითაც იყო განპირობებული), ანუ 5 საუკუნეა, ჩვენი დარდი და ოცნება ატლანტის ოკეანეში აირეკლება. ნუთუ Mare Nostrum-ს,

Mare Nostrum – ხმელთაშუა ზღვის ლათინური დასახელება, რომელიც ჩვენს ზღვას ნიშნავს, აქ გამოყენებულია ატლანტიკის ოკეანის ალეგორიად.

რომელმაც XX საუკუნე განსაზღვრა, XXI საუკუნეში სათქმელი აღარაფერი დარჩა? ეპოქაში, რომელიც მისი დაღდამსმელი დრამით – 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით დაიწყო. ამპარტავნება თუ მორალის ძალა – ალბათ, ორივეს ნაზავი, ამერიკული ძლიერება ბებერი კონტინენტის სიბრძნესა თუ დაქანცულობას შეეჯახა. ამგვარად დაუპირისპირდა დასავლეთი საკუთარ თავს მსოფლიოს თვალწინ, ყველას სასეიროდ და მათი გულის გასახარად, ვისაც ევრო-ამერიკული ალიანსის მიერ ავად თუ კარგად განსახიერებული ლიბერალური დემოკრატიის მოდელი არად ეპიტნავებოდა. ბარაკ ობამამ, ამერიკის ოკეანეთა შორის „სიწყნარის” არჩევანითა (President of Pacific) და ბერლინში, კედლის დაცემიდან 20 წლისთავის ზეიმზე არწასვლით ტრანსატლანტიკური დიალოგი საზრუნავი საკითხების საკუთარი სიიდან ამოიღო.

მეორე ნაპირზე კი სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და მოაზროვნე გამოთქვამს სურვილს, ევროპა, იბერიის ნახევარკუნძულიდან ურალამდე ანუ ექსკლუზიურად კონტინენტური დარჩეს. ისინი ამერიკულ გავლენას უცნაურად მიიჩნევენ – პარიზი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად მოსკოვთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნიუ იორკთან.

ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ მულტიპოლარული სამყარო, რომელიც ჩინეთსა და ინდოეთს ანგარიშგასაწევ მოთამაშეებად მიიჩნევს, ხვალინდელი პერსპექტივა კი არა – დღევანდელი რეალობაა (თუ უკვე გუშინდელი არა). კოპენჰაგენისა და ლონდონის დიდი ოცეულის სამიტებმაც ნათლად წარმოაჩინა ეს რეალობა. ერთი შეხედვით ყველაფერი ატლანტიზმის, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგის მთავარი ღერძის დასასრულზე მიანიშნებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ღერძი საკუთარ სათქმელს მომავალშიც იტყვის. ამდენი უთანხმოებიდან, კინკლაობიდან, იმედგაცრუებებიდან და ბოლო წლებში ზედიზედ მიყოლებული მარცხებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა და კარგ გაკვეთილებად გამოყენებაა საჭირო.

ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება ევროპელთა მხარდაჭერის უქონლობის გამო შესუსტდა. ეს კი პირობაა (შეიძლება არასაკმარისი), ურომლისოდაც გაჭირდება მისი საგარეო პოლიტიკის პლანეტის დანარჩენ ნაწილებში განვრცობა. ამას გარდა, ევროპელებიც უკვე აცნობიერებენ, ხშირად უხეიროდ განმარტებული „soft power”-ის საზღვრებსა და სრულფასოვან პოლიტიკურ მოთამაშის გარდაქმნის უპირობო აუცილებლობას იმ სამყაროში, რომელსაც ფრენსის ფუკუიამას მიერ გამოცხადებული „ისტორიის დასასრული” არ განუცდია. ამ ჰობსისეულ სამყაროში კი, ატლანტიზმის ფუძემდებლური პრინციპები ჯერ კიდევ ცოცხლობს: ეს არის ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისცემა, კაპიტალის, ადამიანებისა და აზრების თავისუფალი გადაადგილება, ეთნიკურ და კულტურულ ფესვებზე მაღლა მდგომი კოსმოპოლიტიზმი, კანონის უზენაესობა, მეცნიერული და ინტელექტუალური ინოვაციების დაფასება.

 ეს პრინციპები ქმნიდნენ და კვლავაც შექმნიან გლობალიზაციის საფუძველს და მას არეგულირებენ. კულტურულ ფესვებს მოწყვეტა თანამედროვე ეპოქიდან მოყოლებული ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. იგი რამდენადაც გვაშინებს, იმდენადვე უნდა გვამხნევებდეს. ოღონდ, უნდა შევძლოთ ისტორია ეპოპეად აღვიქვათ, უარი ვთქვათ ნოსტალგიით სიამოვნებაზე, ბოღმასა და პესიმიზმზე, რომელიც პარალიზებას იწვევს. ეს იმ პირობით, თუ ატლანტიკურ სივრცეს ნატოს მიღმა მოვიაზრებთ და მას არ წარმოვიდგენთ, როგორც დახურულ კლუბს. ზემოაღნიშნული პრინციპების სულისჩამდგმელი სიო დღეს სხვა ქვეყნებში ქრის. იმ ერებში, რომლებიც ვითარდებიან და თავისუფლებას უკვე განაღდებულ მონაპოვრად არ განიხილავენ. ამ მხრივ ორი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს.

პირველი ბრაზილიაა, რომელიც ბოლოს და ბოლოს იქცა სტეფან ცვაიგის მიერ აღწერილ მომავლის მიწად. რამდენიმე ათწლეულში ამ ქვეყანამ მოახერხა საშუალო ფენის შექმნა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტს მოიხმარს და სადაც მოსწავლეების რიცხვი დღითი დღე იზრდება. გაიზარდა ხელმისაწვდომობა კერძო საკუთრებისა და ჯანმრთელობის სფეროში. ეს ყველაფერი აყვავების გზაზე მყოფი დემოკრატიის პირობებში ხდება. ბრაზილია, როგორც ატლანტიკური BRIC-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ერთ-ერთი ქვეყანა, კარგად წარმოაჩენს კულტურათა და ღირებულებათა კომპლექსს, დამახასიათებელს ჩვენი ძველი დემოკრატიებისთვის, რაც ატლანტიკის იდეის სამხრეთზე განვრცობით, მას კიდევ უფრო აახალგაზრდავებს.

მეორე მაგალითი საქართველოა. სულ რაღაც 7 წლის წინ გაბანკროტების პირას მყოფი ქვეყანა დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ლაბორატორიად იქცა. ეს ერთადერთი „გადარჩენილი” ქვეყანაა მათ შორის, ვინც 1989 წელს ინიცირებული ემანსიპაციის გაგრძელებას ფერადი რევოლუციების ტალღით 2000-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა. დღევანდელ საქართველოს 30-40 წლის ახალგაზრდები მართავენ. მათი ერთგულება ატლანტიკური პრინციპებისადმი, ევროპის ყურისძირში „უკვდავების შადრევანივით” (La fontaine de Jouvence) ჩქეფს.

La fontaine de Jouvence – ბიბლიური მითოლოგიიდან, წყალი, რომელიც რეგენერაციასთან, სიცოცხლის აღდგენასთანაა გაიგივებული. 

დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, მოვიწონოთ ან გავაკრიტიკოთ, მაგრამ ყური მივუგდოთ ჩვენი დროის ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავგადასავლებს, ატლანტიზმის ახალ საზღვრებს. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ დასტური, რომ ჩვენი ღირებულებები დრომოჭმული არაა. გავაცნობიეროთ, რომ ბედისწერა მხოლოდ ცვილის მუზეუმად ან უზარმაზარ დისნეილენდად ქცევას არ გვპირდება, სადაც გაუგონარი თანხების დასახარჯად ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან თუ კიდევ სხვა ქვეყნებიდან მილიონობით ტურისტი ჩადის. 


კომენტარები