ქართული ღვინო ახალ ბაზრებზე

წელს შარშანდელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 40%-ით, 10.1 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებს შორის ლიდერი უკრაინაა. მასზე მთელი ექსპორტის 52% მოდის. მეორე ადგილზე ყაზახეთი, მესამეზე კი – ბელარუსია.

ხუთი წლის წინ, 2005 წელს, ქართული ღვინის 78% რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტი მხოლოდ 15% იყო, ევროპულ და აშშ ბაზრებზე კი – სულ რაღაც 3%. 2006 წელს რუსეთმა, ქართული ღვინის დაბალი ხარისხის მომიზეზებით, მასზე ემბარგო დააწესა. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მკვეთრად დაეცა: 2007 წელს ღვინის ექსპორტმა 2005 წლის დონის 36% შეადგინა. მაშინ ითქვა, რომ რუსულმა ბოიკოტმა საქართველოს ღვინის წარმოებისა და დისტრიბუციის სტრატეგიის აუცილებელი და კარგა ხნით დაგვიანებული კორექტირება გამოიწვია.

დღეს ქართულ ღვინოს ახალი საექსპორტო ბაზრები გამოუჩნდა – სინგაპური, ჩინეთი, ამერიკა და კანადა. ქართული ღვინისთვის ბაზრების ათვისება ნელი პროცესია. ქვეყანას უჭირს იაფი ღვინის წარმოება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტექნოლოგიური სიმწირე და ღვინის წარმოების პროცესში ფიზიკური შრომის მაღალი ჩართულობაა.

სინგაპურის ბაზარი ყველაზე აუთვისებელია: იანვარ-სექტემბერში იქ მხოლოდ რამდენიმე ასეული ბოთლი ღვინო გავიდა. ჩინეთში, ამავე პერიოდში – 48 ათასი ლიტრი. საქართველოს ყოველწლიურად 400 ათასამდე ბოთლი ღვინო გააქვს ამერიკაში. 2012 წლამდე ამ რაოდენობის 2 მილიონ ბოთლამდე გაზრდა იგეგმება. წინასწარი გათვლებით, ამავე პერიოდში გაიზრდება ქართული ღვინის ექსპორტი თურქეთშიც – წლიური 82 ათასი ბოთლიდან 1 მილიონ ბოთლამდე. 

გათვლები ნაწილობრივ იმ ფაქტს ეფუძნება, რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა. 1994 წელს შექმნილი ორგანიზაციის წევრია აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, ავსტრალია და ახალი ზელანდია. საქართველოს შემდეგ, ამ ორგანიზაციის წევრობისთვის ჩინეთიც ემზადება. 
საქართველო ამ ქვეყნებთან ღვინით ვაჭრობას გამარტივებული წესით შეძლებს.
 

 

კომენტარები