ტექნოლოგიური დაიჯესტი #2

რუპერტ მერდოკის და სტივ ჯობსის გაზეთი

სტივ ჯობსი და რუპერტ მერდოკი დაძმობილდნენ და ნოემბრის ბოლოს ერთობლივ პრეზენტაციას გეგმავენ. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ახირებულები არიან, რისი მიზეზიც მედიასამყაროში ჩაფიქრებული რევოლუციაა. ისევე როგორც სტივ ჯობსმა ჩაიფიქრა ერთხელ, რომ ტელეფონს ზედმეტი ღილაკები არ უნდა ჰქონდესო, ასევე აიხირა რუპერტ მერდოკმა ბეჭდური პრესა მალე აღარ იარსებებსო, ჰოდა თქვა და საამისოდ პირველი ნაბიჯი გადადგა კიდეც. მსოფლიოში პირველი მეგაზეთე და პირველი მეტაბლეტე დეკემბრიდან ახალ გაზეთს გამოსცემენ, თუმცა სიტყვა “გამოსცემენ” აქ ტექნოლოგიური ანაქრონიზმია, ვინაიდან ახალი გაზეთი, რომლის სახელწოდება Daily იქნება, მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გავრცელდება და არ ექნება საერთო გაზეთის კლასიკურ “გამოცემასთან”, ანუ არ იარსებებს მისი არც ბეჭდური და არც ინტერნეტ ვერსია. ნებისმიერ მსურველს კვირაში სულ რაღაც 99 ცენტად შეეძლება ხელმოწერის გაკეთება და Daily-ის ჩამოქაჩვა, რომელიც სპეციალურად პლანშეტური კომპიუტერისათვის იქნება ადაპტირებული.

 

 

რუპერტ მერდოკმა საამისოდ ასი ჟურნალისტი დაიქირავა და ახლადგამოჩეკილ მედიასიახლეს News Corp-ის ცათამბჯენის მთელი 26-ე სართული დაუთმო. სტატისტიკური გათვლებით 2011 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში iPad-ის 40 მილიონი მომხმარებელი იქნება, თუ ამას ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე პლანშეტებს და Blackberry RIM-ის Playbook-ის გაყიდულ რაოდენობასაც დავუმატებთ, ნათელი ხდება თუ რას უმიზნებენ Daily-ის შემქმნელები. მერდოკს და ჯობსს ღრმად სწამთ, რომ ასეთი ტიპის მედიასაშუალებები იქნება მათი მთავარი შემოსავლის წყარო მომავალში. საინტერესო ასევე ის არის, რომ ეს არ იქნება გაზეთი კლასიკური გაგებით, ვინაიდან პლანშეტური კომპიუტერი, სტივ ჯობსის შემთხვევაში iPad, უფრო მეტის საშუალებას იძლევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ საგაზეთო მასალებში ჩართული ვიდეომასალა, ინტერაქტიული ანიმაციები და აუდიოჩანაწერებიც შეიძლება ვიხილოთ, დაახლოებით იმ სტილში, ჰარიპოტერიანაში The Daily Prophet რომ არის, ჯადოქრების მთავარი სამაუწყებლო ორგანო. თუ რა სახე ექნება პირველ ტაბლეტურ გაზეთს, ამას რამდენიმე კვირაში შევიტყობთ.

 

 

 
 
Facebook-ის ელექტრონული ფოსტა
 
„ჩვენ არ გვაქვს ამბიცია ინტერნეტის მომხმარებლებს e-mail killer შევთავაზოთ”, – განაცხადა ამას წინათ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე ციფრული სამყაროს ოქროს ბიჭუნამ, Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ზაკერბერგმა. სოციალურ მედიაში ახალი ტიპის მესიჯინგ–სერვისი ინერგება. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს ციფრული კავშირის განსხვავებული საშუალება იქნება, რომელიც გააერთიანებს კლასიკურ e-mail-ს, Facebook-ის მიწერ-მოწერის სერვისს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ე.წ. SMS-ებს. მარკ ზაკერბერგი იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის ახალი e-mail, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის მომხმარებლებს შეეძლებათ @facebook.com მისამართის ქონა. კონფერენციაზე ასევე ისიც ითქვა, რომ სერვისი მოხმარებაში ეტაპობრივად ჩაეშვება და დეკემბრის შუა რიცხვებისათვის ყველა მომხმარებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი.
 
დასავლურმა მედიამ სან-ფრანცისკოში გაკეთებული ანონსი უმალვე გამოწვევად მონათლა და გიგანტების ბრძოლას შეასხა ხოტბა. მიუხედავად იმისა, რომ ზაკერბერგი აცხადებს, ჩვენი ახალი სერვისი სოციალური გზავნილების ყუთი იქნება და მეტი არაფერიო, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა ტიპის ტექსტური შეტყობინებებიო, უკვე დაირხა ხმები და სტატისტიკაც დაიდო, თუ პირველი ვის წინააღმდეგ გაილაშქრებს Facebook-ის ელექტრონული ფოსტა. მთავარი მოთამაშეების სია ასე გამოიყურება: Google-ის Gmail – 193 მილიონი მომხმარებელი, Microsoft-ის Hotmail – 361 მილიონი და Yahoo!-ს ელექტრონული ფოსტა – 273 მილიონი. რამდენად შეძლებს Facebook-ი მომხმარებლების 666 მილიონიანი არმიით თამაშის წესების შეცვლას ზემოხსენებულ საკომუნიკაციო გიგანტებთან, ამას დეკემბერში შევიტყობთ. მანამდე კი დედამიწის მოსახლეობის მეათედს თითები ექავება Facebook-ის e-mail-ის მოლოდინში. 
 
 
ადამიანური საძიებო პორტალი
 
წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ მიემგზავრებით ბუენოს-აირესში, დუბლინში, ან მიუნხენში რამდენიმე დღით. პირველი, რასაც ტექნომანი გააკეთებს ის იქნება, რომ შევა Google-ში და მის წვალებას დაიწყებს. თუმცა რამდენად შეესაბამება ის ინფორმაცია, რასაც ჩემოდნებჩალაგებულ მაძიებელს Google შესთავაზებს, იმას, რისი გაგებაც მას მცირე დროში უნდა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ინფორმაციის უმეტესობა, რომელსაც Google თავისი pagerank ალგორითმის წყალობით გამოიტანს პირველივე გვერდზე, სარეკლამო ხასიათის სპამი, ან ენციკლოპედიური რაოდენობრივი აღწერა იქნება. ადამიანები კი მშრალ ფაქტებს და რიცხვებს ვერ აღიქვამენ, მათ სურთ, რომ ამბავი მოუთხრონ, სურათები აჩვენონ და ლამაზი ფერებით დაუხატონ ის, თუ რა ნახონ და რას ეწვიონ.
 
დუგ იმბრიუსი და ლუი მონიე მივიდნენ დასკვნამდე, რომ საძიებო სისტემებს ადამიანურობა აკლია, რაც მოძებნილი ინფორმაციის უსისტემო გროვაში გამოიხატება. თითოეულ ადამიანს ძებნა-ძიების დროს თავად უხდება საძიებო სტრატეგიის შემუშავება, ამიტომაც ზემოხსენებულმა ბატონებმა წარსული გამოცდილება გაითვალისწინეს (ლუი მონიე წარსულში ცნობილი საძიებო სისტემის Altavista-ს შემქმნელია) და განსხვავებული კონცეფცია წარუდგინეს სილიკონის ველის ბინადრებს. საამისოდ მათ ახალი სიტყვა Qwiki მოიფიქრეს და სრულიად უჩვეულო საძიებო სისტემის მშენებლობას შეუდგნენ.
 
Qwiki პრეზენტაციებით შექმნილი საძიებო პორტალია. შედარება რომ მოვახდინოთ, ეს არის რესტორანი, სადაც სტუმრებს საფირმო კერძებს სთავაზობენ. Google კი სუპერმარკეტია, სადაც რაიმე კერძისათვის საჭირო ინგრედიენტებს თქვენ თავად ყიდულობთ და კერძსაც თავადვე იმზადებთ, ამიტომაც Qwiki არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ტრადიციული საძიებო პორტალების კონკურენტი. პირიქით, შემქმნელები მას, სწრაფი შთაბეჭდილების შესაქმნელ ინსტრუმენტს უწოდებენ, ამიტომაც ისინი აქცენტს აუდიოვიზუალურ ინფორმაციაზე აკეთებენ და მოძებნილ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით გვთავაზობენ. ჯერჯერობით პორტალი სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა რამდენიმე ჩინებული პრეზენტაციის ხილვა უკვე შესაძლებელია.

კომენტარები