”დინამო” მალე გაიყიდება

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ახალი მფლობელი გამოუჩნდა. მას  ბიზნესმენი რომან ფიფია შეიძენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ სიჭინავამ დღეს განაცხადა, რომ კლუბის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებას ერთ კვირაში ლონდონში მოეწერება ხელი.

”ყველა დეტალი პატარკაციშვილების ოჯახთანაც არის შეთანხმებული", აღნიშნა  სიჭინავამ. სააგენტო "ინტერპრესნიუსი"  ბადრი პატარკაციშვილის დაზე, მზია პატარკაციშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  ოჯახმა გარიგების შესახებ არაფერი იცის.  

რომან (გულადი) ფიფია სარატოვის ოლქის  ყოფილი გუბერნატორთან, დიმიტრი აიაცკოვთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა.      ექს- გუბერნატორი აიაცკოვი რუსეთი ფედერაციის გმირია. ის ამ წოდებით ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას დააჯილდოვეს. ამჟამად აიაცკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველად მუშაობს.

რომან ფიფია მისი მეგობარი გუბერნატორის მმართველობისას  სარატოვის ოლქში ხორბლის გადამამუშავებელი  საწარმოების ჰოლდინგ "აგროროსის"  მმართველი იყო. ის ასევე ალკოჰოლური პროდუქციის  მწარმოებელი სამი ქარხნის, რეგიონული ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზებისა" და კომერციულ ბანკ "აგროროსის" აქციებს ფლობდა. იყო სარატოვის საფეხბურთო კლუბ "სოკოლის" პრეზიდენტი.  2006 წელს თბილისში, რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე ფიფიამ თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრ "ჰაიატ თბილისის" მშენებლობა წამოიწყო. პროექტი  150 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, ამჟამად მშენებლობა დაუსრულებელია.

"დინამოს" მომავალი მფლობელის ამბობს, რომ ის გუნდში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საფეხბურთო კლუბ თბილისის ”დინამოს” ამჟამინდელმა მფლობელმა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა კლუბის წილის სიმბოლურ ფასად გასხვისების შესახებ განცხადება 22 ნოემბერს გაავრცელა.

კომენტარები