დიპლოპორნო

ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც Wikileaks-ის სკანდალმა მოიტანა, არის ის, რომ არანაირი დიდი აღმოჩენა არ მომხდარა. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში (როგორც ვიცით, მასალების ბეჭდვა გრძელდება). ეს თავისთავად განმაცვიფრებელია. ვიღაცები შეძვრნენ  მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ყველაზე საიდუმლო ოთახებში და იქიდან ყველაზე  საიდუმლო დოკუმენტები გამოიტანეს. და რა გავიგეთ? რა ფარულ გარიგებებში იყვნენ ჩართული ევროამერიკელი იმპერიალისტები? როგორ ურიგდებოდნენ ისინი საზიზღარ დიქტატორებს და ხარბ კორპორაციებს, რომ უფრო კარგად გაეფცქვნათ მესამე სამყაროს საწყალი ერები და ეწამებინათ მათი ხალხები? ვამხილეთ ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი? არაფერი ამის მაგვარი. გავიგეთ, რომ ჰილარი კლინტონი თურმე გაეროში ვიღაცებზე „შპიონობდა”. დიდი რამე! ან რომ საუდის არაბეთს სინამდვილეში სდომებია, რომ ამერიკამ ირანს დაარტყას. ახალი ამბავი!

აგვისტოს ომზეც გამოქვეყნდა რაღაცები. მერე, რა გავიგეთ არსებითად ახალი? მე პირადად, არაფერზე შემცვლია აზრი. თურმე, ელჩი ჯონ ტეფტი გაგებით ეკიდებოდა ჩვენს მოქმედებებს – თავიდანვე მომწონდა ეს კაცი, ჯაზიც უყვარდა და სხვა საკითხებშიც არ შეეშლებოდა. გავიგეთ, რომ რუსებთან მოლაპარაკებებისას სარკოზი ლავროვს სწვდა პიჯაკში (და არა, ვთქვათ, მედვედევს ჰალსტუხში). ხო, ეს კი მნიშვნელოვანი ამბავია.

ჩემთვის მთავარი დასკვნა ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის დიპლომატია გასაოცრად პატიოსანი ყოფილა. ცხადია, ის მთლად გულწრფელი ვერ იქნება, განსაკუთრებით არადემოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობისას, მაგრამ მისთვის შემარცხვენელი არაფერი გაგვიგია. მართალი გითხრათ, მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, მაგრამ მიხარია, რომ დადასტურდა. ერთმა ამერიკელმა რომ მეორეს შინაურობაში უთხრას, სინამდვილეში რას ფიქრობს ბერლუსკონიზე ან ანგელა მერკელზე, რა არის ამაში არასწორი?

უფრო საინტერესო გახდა კამათი პრინციპებზე: ქმნის თუ არა Wikileaks-ის მაგვარი ორგანიზაციების საქმიანობა რაიმე საზოგადო სიკეთეს? არის ეს ინდივიდის დაცვა (საზიზღარი, რეპრესიული) ინსტიტუტებისგან, როგორც ენთუზიასტი სუპერმემარცხენეები გაიძახიან (მათ შორის ჩვენს პროგრესულ პრესაში)? თუ ეს არის სიტყვის თავისუფლების თავისთავად აუცილებელი პრინციპის განხორციელებას მოყოლილი შლამი, ურომლისოდაც ვერ იცხოვრებ, მაგრამ რომელიც აღფრთოვანებას სულაც არ იმსახურებს?

Wikileaks-მა დიდმკერდა ეროტიკული ვარსკვლავი პამელა ანდერსონი და მისი სექს-ვიდეოს ამბავი გამახსენა. პამელა თავის დროზე ჯერ შეეყარა, მერე კი გაეყარა ცნობილ დრამერს სახელად ტომი ლის. შეყრა-გაყრამ, ცხადია, დიდი სენსაცია მოახდინა მასობრივი კულტურის სამყაროში. წყვილის ცხოვრებაზე მრავალი ღირებული დეტალი გავიგეთ: მაგალითად, ის, რომ დრამერს სასქესო ორგანოზე სიტყვა „პამელა” დაუწერია ტატუდ.

გასაკვირი არაფერია: მასკულტურის ვარსკვლავები იმისია, რომ მათი ბიოგრაფიის ინტიმური დეტალები მილიონებმა იცოდნენ. Wikileaks-ს მახსენებს წყვილის თაფლობის თვის ამსახველი ვიდეო, რომელიც მათ მოპარეს და ინტერნეტში დადეს. ეს მასკულტურის სტანდარტითაც ექსტრაორდინარულია. პამელამ და ტომიმ ვიდეო კი გადაიღეს, მაგრამ არა საყოველთაო სარგებლობისთვის: მათაც კი აქვთ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უფლება.

Wikileaks-ის ინფორმაციული ღირებულება ამ ვიდეოსას ჰგავს. თაფლობის თვეზე წყვილს რომ სექსი ექნება, არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს სექსი, მაინც საინტერესოა. ასევე, ჩვენ კი ვიცით, რომ პოლიტიკოსები და დიპლომატები შინაურობაში უფრო ღიად და მწვავედ ლაპარაკობენ, ვიდრე კამერების წინაშე, მაგრამ სარკოზი იმენნა პიჯაკში რომ წვდება იმენნა ლავროვს, მაინც საინტერესოა.

მასკულტურის ვარსკვლავის პირადი ცხოვრება უფრო ღიაა საზოგადოებისთვის, ვიდრე რიგითი ობივატელის. ამ ნორმას უკვე შევეჩვიეთ. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ კამერების გარეშე სექსის უფლება აღარა აქვთ? დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგრამ შეადგენს თუ არა საზოგადო სიკეთეს ის, რომ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს კონფიდენციალური საუბრის უფლება წავართვათ?

გამოხატვის თავისუფლება ლიბერალური საზოგადოების საკრალური პრინციპია. პორნოგრაფია ერთგვარი სასაზღვრო, ბუფერული სფეროა: თუ გამოხატვის თავისუფლება გინდა, პრაქტიკულად შეუძლებელია, პორნოგრაფიაც არ შეიწყნარო. ყოველ შემთხვევაში, დასავლური დემოკრატიების გამოცდილება ამას გვასწავლის. ამიტომ პორნოგრაფიის უფლებების დაცვა კონკრეტულ კონტექსტში აზრიანია: თუ ეს ბუფერული ზონა დაცულია, ზოგადად სიტყვის თავისუფლების სფეროს ნაკლები საფრთხე ემუქრება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პორნოგრაფიის საყოველთაო მისაწვდომობა, თავისთავად, საზოგადო სიკეთედ ჩავთვალოთ და მისი მწარმოებლები გმირებად ვაქციოთ.

ჯულიან ასანჟი დიპლომატიის პორნოგრაფია. სულ სისულელეა, რომ მან რაღაც ახალი მიჯნა შექმნა სიტყვის თავისუფლებაში, „თავდაყირა დააყენა” ჩვენი წარმოდგენები პოლიტიკაზე, ან ახალი დაცვა შეუქმნა ინდივიდს ინსტიტუტებთან ბრძოლაში. დასავლეთის „რეპრესიულ ინსტიტუტებს” თავშიც არ გაუვლიათ Guardian-ის ან New York Times-ის დასჯა იმისთვის, რომ მათი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ინფორმაცია გამოაქვეყნეს. თვითონ ასანჟი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს: პორნოგრაფისგან ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, არა? ცხადია, თუ არსებობს რამე კანონიერი საფუძველი, რომ საიდუმლო ინფორმაციის ქურდები ამ ქურდობისთვისაც დაისაჯონ, რატომაც არა – ეს კონკრეტული სამართლებრივი საკითხია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბერალური პოლიტიკური ინსტიტუტები – რომლებიც შეზღუდულია კანონით და გონივრული გამჭვირვალობის პირობებში მუშაობს – ინდივიდის რეპრესიას კი არ ახდენს, არამედ მისი თავისუფლების აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ მათი დაცვა, გონივრული კონფიდენციალურობის უფლების ჩათვლით, ლეგიტიმურია. 

Wikileaks-ის მაგვარი სკანდალები ისევე გარდუვალია თავისუფალი საზოგადოებისთვის, როგორც პორნოგრაფიის საზოგადო მისაწვდომობა. ზოგადად, ამაზე მსჯელობის საფეხური დიდი ხნის გავლილია დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს კამათი მხოლოდ იმაზეა აზრიანი, ქმნის თუ არა Wikileaks-ი საზოგადო სიკეთეს. ამ მხრივ, ჯულიან ასანჟის ადგილი ნებისმიერი სხვა პორნოგრაფის გვერდზეა. არანაირ თანაგრძნობას, მით უმეტეს აღფრთოვანებას Wikileaks-ის შემქმნელი ჩვენგან, თავისუფლების მოყვარული ადამიანებისგან, არ იმსახურებს.

კომენტარები