რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა

ვაშინგტონში, 69 წლის ასაკში ამერიკელი დიპლომატი, რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა. ის   ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო. ჰოლბრუკმა თავი შეუძლოდ პარასკევს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დროს იგრძნო. ის საავადმყოფოში მოათავსეს და გულის აორტაზე ორი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მედიკოსებმა დიპლომატის გადარჩენა ვერ შეძლეს.

რიჩარდ ჰოლბრუკი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე თვალასაჩინო ფიგურად ითვლებოდა. მას 1970-იან წლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შემდგომში კი ბალკანეთში სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. იყო აშშ-ს ელჩი გაეროსა და გერმანიაში.

ჰოლბრუკის სახელს უკავშირდება დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. 1995 წელს გაფორმებული ამ შეთანხმებით  ბოსნიასა და ჰერცოგოვინას შორის სამხედრო დაპირისპირება დასრულდა. დეიტონის ხელშეკრულების შემუშავებისათვის ჰოლბრუკი ნობელის მშვიდობის პრემიაზეც იყო წარდგენილი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ”ის ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი გიგანტი იყო. მისი დამსახურებაა, რომ ამერიკა დღეს ძლიერი, უსაფრთხო და გაცილებით პატივსაცემი ქვეყანაა,” განაცხადა ობამამ.

რიჩარდ ჰოლბრუკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. ჰოლბრუკი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალშიც იმყოფებოდა. 



ჰოლბრუკის წერილები საქართველოს შესახებ (ვაშინგტონ პოსტი)

What the West Can Do 22 აგვისტო, 2008

David and Goliath 27 ნოემბერი, 2006

 

კომენტარები