ნამდვილი წიგნი მაინც სულ სხვაა

0 კომენტარი

  ხის თარო, ზედ შემოდებული სქელყდიანი წიგნები – მთელი ბიბლიოთეკა. იღებ წიგნს, გადაშლი ყდას, გადაფურცლავ ავანტიტულს, სატიტულო ფურცელს, I თავი... ქაღალდის შრიალი, ქვედა მარჯვენა კუთხეში გვერდის აღმნიშვნელი ციფრები – აქამდე ყველაფერი თითქოს ნამდვილ წიგნზეა. მაგრამ უცებ ზედა მარჯვენა კუთხეში საათი ზუსტ დროს გიჩვენებს, მარცხენა კუთხეში კი ინტერნეტის სიგნალია და პატარა წარწერა iPad. აქამდე არც ერთ გაჯეტს არ ჰქონია შანსი ნამდვილი წიგნის მკითხველის ყველაზე საყვარელი ნივთი გამხდარიყო. პასიანსის მოყვარულებისთვის – კი, მანქანაში facebook-ის შემოწმების და mail-ის გაგზავნის მოყვარულებისთვის – კი, ძვირიანი, პრიალა ნივთების მოყვარულებისთვის – კი, მაგრამ არა ნამდვილი წიგნის კითხვაში შეყვარებული ადამიანებისათვის. iPad-მა გარისკა და შეძლო, სწრაფი ინტერნეტის, მოკლე შეტყობინებების და super slim ნივთების ეპოქაში ყველაზე ძველმოდური, კონსერვატული, მძიმე, ნელი და მოცულობითი ნივთის – წიგნის – ინტეგრირება მაღალტექნოლოგიურ გაჯეტში. თანაც ისე, რომ რეალური წიგნის ილუზია მაქსიმუმამდეა მიყვანილი. ერთ, პრიალა, თხელ და მსუბუქ პლანშეტში ძალიან ბევრი საყვარელი წიგნი შეიძლება ჩაატიო, შრიფტი გაადიდო, გვერდები ყვითლად დაუძველო და წითელი ლენტით ჩანიშნო. მართალია, ipad-ს ქაღალდის და ტიპოგრაფიული საღებავის მომაჯადოებელი სურნელი არ ასდის, სამაგიეროდ, ზამთრის სუსხიან საღამოს, ბუხრის წინ, სინათლის დაუნთებლად, ბნელ ოთახშიც შეიძლება იკითხო და იკითხო. 

ნამდვილი წიგნი მაინც სულ სხვაა?..

 

სკანდალური რომანი

ფედერიკო ანდაჰაზი. „შემწყნარებლები” – Federico Andahazi. Las piadosas (1998)

ბელა ანდაჰაზის (უნგრელი პოეტის და ფსიქოანალიტიკოსის) და ხუანა მერლინის ვაჟიშვილი ფედერიკო, 1963 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. სკოლაში ცუდად სწავლობდა, ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. ბუენოს-აირესში მას ორი საყვარელი ადგილი ჰქონდა – ბიბლიოთეკა და ბარი. მამის დაჟინებული თხოვნით დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და რამდენიმე წელი ფსიქოანალიტიკოსის პრაქტიკასაც კი ეწეოდა. 26 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი რომანი, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

33 წლის ანდაჰაზი წერს რომანს „ანატომი” („El anatomista” ) და ხდება ფონდ Fortabat-ის მთავარი პრიზის მფლობელი. და აი აქ იწყება ფედერიკო ანდაჰაზის ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო ეტაპი. რომანის გამო იწყება სკანდალი, რომელიც დღემდე არგენტინული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ფაქტად ითვლება. ჯილდოს გადაცემა შეჩერებულია, ფონდის დამფუძნებელი – ამალია ლაკროჩე დე ფორტაბატი – საჯაროდ აცხადებს, რომ არ ეთანხმება ჟიურის გადაწყვეტილებას, სრულად იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას რომანის ღიად ეროტიკული შინაარსის გამო და ამ თავის პოზიციას ბუენოს-აირესის უკლებლივ ყველა გაზეთში აქვეყნებს. „რომანი, რომელმაც მთავარი ჯილდო მიიღო, არ უწყობს ხელს უმაღლესი სულიერი ფასეულობების გამყარებას”, – აცხადებს ფორტაბატი. 

 პრესის ფურცლებზე გაჩაღებული მწვავე პოლემიკის შედეგად, ფინანსური სპონსორების ზეწოლით, საბოლოოდ ჟიური იღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებას – ანდაჰაზს არ ენიჭება ლაურეატის წოდება და ის მხოლოდ ფულადი პრემიის მფლობელი ხდება.

ამ სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ ანდაჰაზის „ანატომი” მაინც იბეჭდება, მილიონიანი ტირაჟით, ითარგმნება 30 ენაზე, გამოიცემა 40 ქვეყანაში და ხდება საერთაშორისო ბესტსელერი. კიდევ ერთი წლის შემდეგ ფედერიკო ანდაჰაზი წერს „შემწყნარებლებს”.

 1819 წელს ბაირონი, პოლიდორი და პერსი შელი მეუღლით შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ნაპირას, ვილა დიოდატიში ისვენებდნენ. მათ იდილიურ დროსტარებას ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ შეუშალა ხელი და დროის გასაყვანად ორიგინალური გართობა მოიგონეს. თითოეულს უნდა დაეწერა თხზულება საშინელების ჟანრში. პოეტებს არაფერი გამოუვიდათ, პოლიდორმა დაწერა „ვამპირი”, რომელმაც დასაბამი მისცა ფანტასტიკური რომანის ჟანრს, ხოლო მერი შელიმ შექმნა თავისი ცნობილი გოთიკური რომანი „ფრანკენშტეინი ან თანამედროვე პრომეთე”. ეს მხოლოდ ლეგენდაა, საშინელი ზღაპარი ანდაჰაზის  „შემწყნარებლებში” იწყება. ლეგენდის პერსონაჟებს მწერალი ამატებს ლეგრანების ოჯახს – სამ ტყუპ დას, რომელთაგანაც ანეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის ქალი კი არა, „უფრო რეპტილიაა ძალიან სუსტი ანთროპომორფული ნიშნებით”. ანეტი დაბადებიდან საკუთარ მამაშიც კი მხოლოდ ზიზღს იწვევს და მთელი ცხოვრება განწირულია ბინძურ სარდაფებსა და კანალიზაციას შეაფაროს თავი. ის წიგნებით იკვებება, როგორც სულიერად ისე პირდაპირი მნიშვნელობითაც – ჭამს. დებს შორის რაღაც მისტიკური კავშირია და მათი განშორება შეუძლებელია. სამივე ტყუპი დის სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ ანეტს შეუძლია. უბრალოდ ამისათვის მან მუდმივად უნდა დალიოს „მამაკაცის ექსტაზის პროდუქტი” – სპერმა. სპერმის მოსაპოვებლად დები საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. დგება დრო, როცა საქმე ჩიხში შედის (ბუნებრივი, ადამიანური გზით „სასიცოცხლო ელექსირის” მიღება ამაზრზენ დებს არ ძალუძთ), ისინი მიდიან გარიგებაზე სხვადასხვა ცნობილ მწერალთან – ლიტერატურის გენიოსები ცვლიან თავიანთ სპერმას შედევრების ხელნაწერებში, რომლებსაც დები თხზავენ. ჰოფმანი, პუშკინი, შატობრიანი – ეს ანეტის იმ კლიენტების არასრული სიაა, რომლებმაც ამგვარ ბარტერს მიმართეს. მონსტრის მომსახურებით ბაირონსაც უსარგებლია...

ამ რომანის წაკითხვისას შერეული, ურთიერთგამომრიცხავი ემოციები დაგებადებათ. წიგნის განსაკუთრებულობა სილამაზისა და ამაზრზენობის ერთდროულობაშია. მწერლის გარყვნილება, არანორმალური, ხშირად ავადმყოფური ფანტაზია ლამაზი, თავდაჭერილი მხატვრული სტილით არის დაწერილი. 

 

science fiction 

ჯონ თველვ ჰოუკსი. „მოგზაური” – John Twelve Hawks. The Traveler. (2005)
„როგორც კი ჩემი „მოგზაური” გამოქვეყნდა, სხვადასხვა კრიტიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ამ წიგნის დაწყებისას, მე, გამიზნულად ბესტსელერის საწერად დავჯექი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უამრავი ადამიანი ზუსტად ასე მოიქცეოდა. მე დავწერე წიგნი”.

J12H  ან JXIIH – ეს არის მწერლის ფსევდონიმი, რომლის რეალური სახელი არავინ იცის. John Twelve Hawks, ასე შიფრავს ამ აბრევიატურას ანონიმი, რომელიც თავის ამერიკელ გამომცემელსაც კი (სხვათა შორის ეს გამომცემელი ჯეისონ კაუფმანია და მისი ერთ-ერთი ბოლო წარმატება დენ ბრაუნის „დავინჩის კოდი” იყო) მხოლოდ ინტერნეტით ეკონტაქტება, გამონაკლის შემთხვევაში ინვენტარიზირებული თანამგზავრული მობილური ტელეფონითაც ესაუბრება, მაგრამ აუცილებლად ხმის სკრემბლერის გამოყენებით. არსებობს ვერსია, რომ ის შეიძლება იყოს სტივენ კინგი ან, უფრო მეტი ანალიტიკოსის აზრით, ცნობილი ამერიკელი ფანტასტი ორსონ სქოთ ქარდი. თუმცა ამ ვერსიების ოპონენტები აქვე სვამენ ლოგიკურ კითხვას – რად უნდათ მათ ეს?

J12H-ს ბიოგრაფია, მისივე ძალიან მწირი ინტერვიუების საფუძველზე იკინძება: ერთი ფრაზა ინტერვიუდან, სადაც ამბობს, რომ არასოდეს ჰქონია ტელევიზორი, რადგან თვლის, რომ ტელევიზია არის „შიშის კულტურის” შექმნის მთავარი იარაღი. მეორე – სადაც აღწერს თავის ცხოვრებას სტუდენტურ კომუნაში, ნახევრად დანგრეულ სახლში დიდი და ცნობილი უნივერსიტეტის მახლობლად. „მე იატაკზე მეძინა, ჩემი თვიური ბიუჯეტი 100 დოლარს ძლივს აღწევდა. ყოველ დილით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მივდიოდი, რომ თაროდან წიგნი მომეპარა, იმ დღესვე წამეკითხა და მეორე დღეს, მეორე მოპარული წიგნით შემეცვალა. ასე რომ, ჩემი განათლება ბრიტანულ და ამერიკულ კლასიკურ ლიტერატურას ეფუძნება, მაგრამ ეს განათლება მე ავტოდიდაქტიკურად მივიღე და არა საუნივერსიტეტო აუდიტორიებში”.

თავის თაყვანისმცემლებთან ონლაინ ჩატის დროს J12H-მ განაცხადა. რომ ამერიკელი ინდიელი არ არის. მწერლებიდან ორსონ უელსის, კინემატოგრაფიიდან კუროსავას გავლენაზე საუბრობს. „მატრიცა” ნანახი ჰქონია, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაწილი – „მატრიცა” ადასტურებს ჩემს აზრს, რომ სამყარო არარეალურია და ჩვენ მხოლოდ წარმოსახვის ფრაგმენტები ვართ კომპიუტერის მიერ მანიპულირებად გარემოში”.

 მე გთავაზობთ წაიკითხოთ წიგნი, რომლის ავტორს, არავინ იცის რა ჰქვია, რა ასაკისაა, რა ეროვნების, რა რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსისაა, არავინ იცის როგორ გამოიყურება და ქალია თუ კაცი საერთოდ.

J12H-ს „მოგზაურში” სამყაროს მართავს „ტაბულა”. ეს ორგანიზაცია ქმნის სისტემას, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებს საზოგადოების ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტს. სამყაროზე მათ კონტროლს მხოლოდ მოგზაურები ეწინააღმდეგებიან. სამყარო არსებობის ექვსი განსხვავებული სფეროსგან შედგება. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს მხოლოდ ერთ მათგანში. მათ, ვისაც ამ სფეროებში გადაადგილება შეუძლიათ, „მოგზაურები” ჰქვიათ. მათ შორის ბევრი ცნობილი და გავლენიანი ისტორიული პირიცაა. „ტაბულამ” უკვე გაანადგურა ყველა მოგზაური ორი ძმის, კორიგანის გარდა. სამყაროს დასაბამიდან მოგზაურებს იცავს საიდუმლო დაჯგუფება „არლეკინი”. არლეკინებს დაბადებიდან ასწავლიან „ტაბულას” სისტემისგან თავის დაღწევის სხვადასხვა ხრიკებს. 26 წლის ახალგაზრდა ქალი, მაია, შთამომავლობით არლეკინი, ცდილობს გაექცეს თავის მისიას და იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა – სისტემის ნაწილმა, სისტემით კონტროლირებულ ლონდონში კონტროლირებადმა ობიექტმა. მაგრამ არლეკინად დაბადებული მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თავისუფლდება თავისი მისიისგან. არლეკინები და “ტაბულა” სამყაროს უკანასკნელი ორი მოგზაურის თავის მოსაპოვებლად უკანასკნელ გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს.

ნუ შეგაშინებთ ჰოუკის, ეს ერთი შეხედვით, ცოტა აბდაუბდა სამყარო. რომანის ენა ძალიან მარტივი, მსუბუქი და ადამიანურია, ყოველგვარ ფსევდოსამეცნიერო ტერმინებს და პათოსს მოკლებული. მოქმედებაც ადამიანურ ლონდონში, რეალურ კალიფორნიაში და ნამდვილ ლოს ანჯელესში ხდება. ამ ნაწარმოებზე წერისას ბევრად უფრო რთული და ჩახლართული სიტყვათა წყობის გამოყენება მომიხდა, ვიდრე თვითონ რომანშია. ამიტომ ვარ მე უბრალოდ N.KH  და ის კი –  J12H.

 

ისტორიული რომანი 

იენ მაკიუენი. „უდანაშაულო ან განსაკუთრებული კავშირები” – 

Ian MacEwan. „The Innocent or the Special Relationship” (1990)

ამ მწერლის ბიოგრაფია საპნის ოპერის სცენარს ჰგავს. იენ მაკიუენი 1948 წელს ჰემპშირში, შოტლანდიის არმიის ოფიცრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა აღმოსავლეთ აზიის, გერმანიის და ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო ბაზებზე გაატარა და 2002 წლამდე თავისი მშობლების ერთადერთ შვილად მიაჩნდა თავი. 54 წლის ასაკში მოულოდნელად შეიტყო, რომ ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მათმა საერთო დედამ გააშვილა. ეს ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 2007 წელს გახდა ცნობილი. იენის ძმა, პროფესიით ქვის მთლელი, დევიდ შეპარდი მასზე 6 წლით ადრე დაიბადა. იმ დროისთვის მათი დედა პირველ ქორწინებაში იყო და დევიდი საყვარლისგან გააჩინა. ამ ფაქტის დასამალად მან ბავშვი გააშვილა. პირველი ქმრის ომში დაღუპვის შემდეგ ცოლად გაჰყვა ყოფილ საყვარელს, გააჩინა იენი და დევიდი დაივიწყა. ამ ფაქტის გამოაშკარავებისთანავე მაკიუენმა აღადგინა ურთიერთობა ძმასთან და მისი მემუარების წინასიტყვაობის ავტორიც გახდა.

 ამაზე მწერლის ბიოგრაფიის სათავგადასავლო ნაწილი არ სრულდება. 1999 წელს მაკიუენის პირველმა ცოლმა, პენი ალენმა გაიტაცა მათი 13 წლის ვაჟიშვილი. ხანგრძლივი დავის შემდეგ სასამართლო ვერდიქტის თანახმად, ბავშვი მამას დაუბრუნდა და ერთპიროვნული მეურვეობა დაეკისრა. 

 მაკიუენის შემოქმედებითი ბიოგრაფიაც საინტერესო ფაქტებით გამოირჩევა. სასექსის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩარიცხვამდე ის ლონდონში მენაგვედ მუშაობდა. 1970 წელს ჩაირიცხა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის შემოქმედებითი მწერლობის ნოვატორულ კურსზე, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ მალკოლმ ბრედბერი და ენგუს უილსონი. იენ მაკიუენი ძალიან პროდუქტიული მწერალია, მოთხრობების კრებულები, რომანები, სცენარები რადიოსპექტაკლებისთვის და BBC-ის ტელეშოუებისთვის, საბავშვო წიგნები, პიესა, ორატორია და ლიბრეტო ოპერისთვის. ასეთივე გრძელია მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალიც: National Book Critics Circle Award for Fiction, Los Angeles Times Book Prize for Fiction, New York Times 10 Best Books of the Year, პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (Common Wealth Award of Distinguished Service), მრავალჯერადი ნომინაცია ბუკერზე და ბოლოს ბუკერის მთავარი პრიზი რომანისათვის „ამსტერდამი”.

დღეს, იენ მაკიუენი, ჯულიან ბარნსთან და მარტინ ემისთან ერთად თანამედროვე ბრიტანული პროზის „მმართველ ტრიუმვირატს” წარმოადგენს.

რომანი „უდანაშაულო” ძნელად ექვემდებარება ჟანრულ დიფერენციაციას. ის დეტექტივიცაა, ფსიქოლოგიური თრილერიც, ისტორიული დრამაც და სასიყვარულო ისტორიაც. მოქმედება ომისშემდგომ ბერლინში ვითარდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები რეალურ ფაქტებზეა აგებული, თუმცა ისტორია ისეთ შემზარავ ფარსს ჰგავს, რომ მისი რეალობის დაჯერება ძალზე რთულია. წიგნის ფინალური კვანძის გახსნა რომ არ დამბრალდეს, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს და რომანის რეალურ გმირებს ჩამოვთვლი: ბერლინის გვირაბი, აშენდა ოპერაცია „ოქროს” ფარგლებში და ამერიკის ცენტრალური  სადაზვერვო სამმართველოს და ბრიტანეთის მ-6-ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენდა. გვირაბმა 1 წელი იარსება და 1956 წლის აპრილში შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საიდუმლო ოპერაციას სათავეში დაზვერვის ადგილობრივი განყოფილების უფროსი, ამერიკელი უილიამ ჰარვი ედგა. ჯორჯ ბლეიკი კი იმ დროისთვის დაგეგმვის კომისიის მდივანი იყო. რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ინგლისელი ლეონარდ მარნემი გამოგონილი პერსონაჟია. ის  სრულიად შემთხვევით ხდება საშინლად გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტის ტექნიკური მომსახურების, ასევე გასაიდუმლოებული ჯგუფის წევრი. ერთი მხრივ, საერთაშორისო შპიონაჟის და დაფარული სამხედრო ოპერაციების ჯეიმს ბონდისეული სულმოუთქმელი დინამიკა და თხრობის სიმსუბუქე, მეორე მხრივ კი, ლეონარდ მარნემის სიყვარულის ძალიან მძიმე, ტრაგიკული, დამთრგუნველი ისტორია. ბოლოს ერთი პიკანტური დეტალიც – ამ რომანის სატიტულო ფურცელზე იენ მაკიუენის მოკლე წარწერაა „ეძღვნება პენს”.

 

ბესტსელერი 

სტიგ ლარსონი. „გოგონა დრაკონის ტატუთი” – 

Stieg Larsson. The Girl with the Dragon Tattoo
„მე სწრაფად ვწერ, და საერთოდ დეტექტივების წერა ძალიან იოლია. ბევრად უფრო რთულია ათასსიტყვიანი სტატიის დაწერა, რომელშიც ყველაფერი 100 პროცენტით უნდა იყოს გადამოწმებულ-შემოწმებული”, – სტიგ ლარსონის ბოლო და ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც „მილენიუმს” შეეხებოდა. 

„2005 წლის 27 ოქტომბერს მე მას სტოკჰოლმში, expo-ს ოფისში შევხვდი. ჩამავალი მზის შუქი ანათებდა ოთახს, რომელშიც მხოლოდ უბრალო მაგიდა, ორი სკამი და ლამპა იდგა. ლარსონი, 50 წლის მამაკაცი, ერთ სიგარეტს მეორეზე უკიდებდა და ძალიან დაღლილი ჩანდა”, – შვედური ჟურნალის Svensk Bokhandel-ის მთავარი რედაქტორის სიტყვები იმავე ინტერვიუდან.

მეგობრების მოგონებებში ლარსონი თვითონ წააგავს ლიტერატურულ პერსონაჟს – 80-იან წლებში ძალიან მოდურ, დიდ მრგვალ სათვალეში და გაცრეცილ ველვეტის პიჯაკში. ის განუწყვეტლივ ეწეოდა და უამრავ ლიტრ შავ ყავას სვამდა. ოფისში ნაშუადღევზე ადრე არასოდეს ჩნდებოდა, სამაგიეროდ ღამის სამ, ოთხ საათამდე რჩებოდა სამუშაოდ. სახლში დაბრუნებული დაძინებამდე კიდევ ორ საათს წერდა. ლარსონის ახლო მეგობრის აზრით, ეს ჩუმი და მორიდებული ადამიანი თავის გამაოგნებელ წარმატებას რომ მოსწრებოდა, ფული და დიდება საერთოდ არ შეცვლიდა, კვლავ ჟურნალში იმუშავებდა და ინტერვიუებზე  ძალით  დათანხმდებოდა. 

ალბათ, მაგრამ 2004-ში, 50 წლის ასაკში სტიგ ლარსონი ინფარქტით გარდაიცვალა და მისი სიკვდილიც იმ მითის ნაწილი გახდა, რომელიც ლარსონის პერსონის და წიგნების ირგვლივ შეიქმნა. მწერლის სიკვდილისთანავე პრესაში აქტიურად მუსირებდა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ლარსონის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა, ის მოკლეს, რადგან სიცოცხლეში მას ნეონაცისტებისგან არაერთი მუქარის წერილი მიუღია. ეს მოსაზრება იმ ფაქტს ეფუძნება, რომ პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ლარსონი სტოკჰოლმის პატარა მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Fjärde internationalen (მეოთხე ინტერნაციონალი) ჯერ გრაფიკოს დიზაინერად, მოგვიანებით კი ჟურნალისტად მუშაობდა. მას სერიოზულად აინტერესებდა შვედეთში ნეონაციზმის პრობლემა და ამ თემაზე  სქოთლანდ იარდისთვისაც კი აქვს ლექციები წაკითხული. 1995 წელს დააარსა ახალგაზრდულ ექსტრემიზმთან ბრძოლის ფონდი expo, ხოლო 1999 წლიდან ამავე ფონდის მიერ გამოცემული ანტიფაშისტური ჟურნალის მთავარი რედაქტორია. 

„მე მთელი ცხოვრება დეტექტივებს ვკითხულობ. და იცით რა მძაბავს უმრავლესობა მათგანში – ისინი ძირითადად ერთ, ან მაქსიმუმ ორ ადამიანზეა და თითქმის არაფერია მათ გარემოცვაზე, საზოგადოებაზე. მე მინდა დავანგრიო ეს სტერეოტიპი: მთავარი გმირი, მეორეხარისხოვანი როლი და სტატისტები. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში და ეს ზუსტად ისაა, რაც ჩემს წიგნებში ხდება. მეორეხარისხოვანი გმირები ჩემთან მხოლოდ იმიტომ არ ჩნდებიან, რომ რეპლიკა თქვან და აორთქლდნენ, ისინი ურთიერთმოქმედებენ და გავლენას ახდენენ სიუჟეტურ ხაზზე. ჩემი სამყარო არაა იზოლირებული”, – ლარსონი აქ თავის ტრილოგიაზე „მილენიუმი”(Millennium) საუბრობს. 

„მილენიუმში” შემავალი სამივე რომანის ხელნაწერი ლარსონმა თავიდან ერთ შვედ გამომცემელს დაუტოვა. მან კი ისეთი მასშტაბის პროფესიული ფიასკო განიცადა, რომელიც მხოლოდ იმ ხმისჩამწერი სტუდიის შეცდომას შეედრება, ბითლზი რომ უარით გაისტუმრა – გამომცემელმა არც კი გახსნა ხელნაწერების შეკვრა. დაეზარა. გაბრაზებულმა ლარსონმა თავისი თხზულებებით მეორედ უკვე შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობას, Norstedts-ს მიაკითხა. „ნებისმიერი გამომცემლის ახდენილი ოცნებაა, როდესაც მას მიაკითხავს ავტორი, სამი დასრულებული რომანით ხელში, –  ამბობს Norstedts-ის მენეჯერი, – ეს უპრეცედენტო იყო! პირველად ჩვენს პრაქტიკაში გამომცემლობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამ წიგნზე ერთდროულად, ადამიანთან, რომელსაც მანამდე რომანი არ დაუწერია. ჩვენ კარგი გაყიდვების იმედი გვქონდა, მაგრამ ასეთ გამაოგნებელ წარმატებაზე არც გვიოცნებია”. გამოცემისთანავე „მილენიუმი” მსოფლიო წიგნის ბაზრის სენსაციად იქცა. ტრილოგია 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ფრანგულმა მედიამ ტრილოგიას „ჩრდილოეთის ვირუსი” უწოდა, მკითხველებში მისი ეპიდემიასავით გადამდები პოპულარობის გამო. 2009 წელს „მილენიუმის” პირველი ორი წიგნის მიხედვით შვედეთში გადაღებულმა ფილმებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს, დანიაში, ფინეთში და ნორვეგიაში სალაროს გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნეს. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ასევე შეიძინა ციკლის ეკრანიზაციის უფლება, ხოლო Times of London-ის ცნობით, კვენტინ ტარანტინოს და ბრედ პიტს სურთ უფლებების ყიდვა „მილენიუმის” ამერიკული რიმეიკისათვის. 

ტრილოგიის პირველი წიგნი – ორიგინალში „Män som hatar kvinnor” („მამაკაცები, რომელთაც სძულთ ქალები”), მრავალი თარგმნისა და ადაპტაციის შედეგად დამკვიდრებული ინგლისურენოვანი  სახელწოდებით „The Girl with the Dragon Tattoo” („გოგონა დრაკონის ტატუთი”) – საკმაოდ მოცულობითია. 600-ზე მეტ გვერდიანი წიგნის საკმარისად დიდი ნაწილი ეთმობა რომანის გმირების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მოსაწყენ აღწერას, მაგრამ პარადოქსულია, რომ ეს ძილს კი არ გგვრით, არამედ შემდეგ და შემდეგ წაკითხვისკენ გიბიძგებთ. ამ ეფექტს არაორდინარული სიუჟეტი იწვევს თუ თხრობის რაღაცნაირი „არითმია”, ვერ გეტყვით. როდესაც თითქოს ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზის კვანძის შეკვრას დაადგა საშველი, მოულოდნელად ამ თითქოს გარდაუვალ მომენტს წყვეტს და ენაცვლება სულ სხვა ხაზი. საბოლოო ჯამში, წიგნსაც რამდენიმე კვანძის გახსნა აქვს. 

„მე წარმოვიდგინე პეპი გრძელიწინდა. როგორი იქნებოდა ის დღეს? როგორი იქნებოდა ის გაზრდილი? რას უწოდებდით თქვენ მისნაირ ადამიანს – სოციოპათს? ჰიპერაქტიურს? არა. ის უბრალოდ საზოგადოებას განსხვავებულად ხედავს. მოდი, მე მას 25 წლისას გავხდი და იყოს საზოგადოებიდან გარიყული. უმეგობრო, სოციალური მონაცემები – საშუალოზე დაბალი. აი, ასეთი ორიგინალური აზრები მაქვს”. ასე დაიბადა რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ტატუირებული გოგონა-ჰაკერი ლისბეტ სალანდერი. ლარსონმა იცოდა, რომ გამართული სიუჟეტისთვის სალანდერს სჭირდებოდა გადამწონი, საპირისპირო ტიპაჟი. და ისევ ლინდგრენის პერსონაჟს  მიმართავს – ამჯერად კალე ბლუმკვისტს, ბიჭუნა-დეტექტივს, „უბრალოდ ახლა ის 45 წლისაა და ჟურნალისტია. ალტრუისტი, ინტელექტუალი, ჟურნალ მილენიუმის გამომცემელი. და საერთოდ, გადავწყვიტე მთელმა ისტორიამ ამ ჟურნალში მომუშავე ადამიანების ირგვლივ იტრიალოს”.

მთელი ისტორია კი კლასიკური დეტექტივის სქემითაა აგებული – სიუჟეტის ცენტრში გამოცანა-საიდუმლოა გეოგრაფიულად იზოლირებულ ტერიტორიაზე – კუნძულზე, ეჭვმიტანილთა წრე შემოხაზულია, დანაშაული 40 წლის წინ მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს არქივებში, ძველ ფოტოებში და ადამიანების მოგონებებში. დანაშაულის მოტივის ძიებაში გმირები ახალ აღმოჩენებამდე მიდიან, ისინი კი თავის მხრივ მკვეთრად ცვლიან სინამდვილეს – 40 წლის შემდეგაც ბოროტებაც და სიძულვილიც ძველებურად საშიშია. ორი მთავარი გმირი – ქალი და კაცი, თითოეული თავისი პირადი პრობლემებით (მათი გზები მხოლოდ წიგნის შუაში იკვეთება), წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია, ვანგერების კლანის ოჯახური ურთიერთობების წიაღებში ქექვა, დამნაშავესთან მოულოდნელი შეჯახება, მეორე სიუჟეტური ხაზის ჟურნალისტური გამოძიების წარმატებული დასასრული – თხრობის სქემა პრაქტიკულად გეომეტრიულ ფიგურას ჰგავს, ძალიან მწყობრს და მკვეთრს.

სტიგ ლარსონი საკუთარ სიცოცხლეში ტრილოგიის გამოცემას ვერ მოესწრო. „მილენიუმის” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერ კიდევ ძალას იკრებს. თუმცა მოეწონებოდა თუ არა საკულტო სელებრითის როლი მწერალს, ვერ მოგახსენებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები