კრწანისის აფეთქების გამო დაკავებულია სამი სამხედრო მოსამსახურე

გუშინ გვიან საღამოს სამხედრო პოლიციამ დააკავა  სამი სამხედრო მოსამსახურე - ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი – საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია. გამოძიების ინფორმაციით,  გუშინ ”კრწანისის” სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც სამი სამხედრო დაიღუპა და 13 დაიჭრა,  უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. დაკავებულ პირებს    კრწანისის სასწავლო ცენტრში  უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 403–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 6–დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 დაჭრილი სამხედროდან ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება  კაპრალი ალექსანდრე თომაშვილი.  მას  ფილტვები და სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და  ოპერცია სამი საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმების თქმით, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად კაპრალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თომაშვილთან ერთად დაჭრილი დანარჩენი ჯარისკაცების  ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გუშინვე დაიწყო. საქმეს სამხედრო პოლიცია და თავდაცვის სამინისტროს გენერეალური ინსპექცია იძიებს.

კომენტარები