განუმეორებელი მაქქუინი

0 კომენტარი

ოთხმოცდაათიანი  წლების დასაწყისში, როდესაც მოდა კრიზისში იყო და ყოველგვარი არტისტიზმისაგან დაცლილ კომერციად იქცა, ლონდონელმა ალექსანდრ (ლი) მაქქუინმა მას არა მხოლოდ ახალი ენერგია შემატა, არამედ ტანისამოსისადმი მიდგომაც ძირეულად შეცვალა. 11 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავა...

ალექსანდრ მაქქუინი ტაქსის მძღოლის მეექვსე შვილი იყო. სკოლა 16 წლისამ მიატოვა. შემდეგ Sawille Row-ზე, მამაკაცთა ტრადიციული ტანისამოსის ატელიეში შეგირდად მუშაობდა. მერე თეატრალური კოსტიუმების კომპანია Angel-ში მოღვაწეობდა და მილანში რომეო ჯილის ასისტენტიც იყო. მაქქუინმა ცნობილ Central Saint Martins-ის  ხელოვნების კოლეჯში მაგისტრის დიპლომი აიღო. ორიგინალური, ინტუიტიური და ამავე დროს მელანქოლიური მაქქუინი პირველივე კოლექციიდან მოყოლებული საკუთარი თავის ერთგული იყო და მუდმივად უკომპრომისო, თამამ შემოქმედებით გადაწყვეტილებებს იღებდა. სავსე, მაგრამ ხანმოკლე შემოქმედების მანძილზე მან ხელობის ყველა კომპონენტი საკუთარ  ხელწერად აქცია – პროპორცია, ფერი თუ ფაქტურა.

 მალე მაქქუინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის დიზაინერი გახდა. მან  ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა თანამედროვე ქალის სილუეტში (დაბალი წელი, ვიწრო შარვლები, ეგრეთ წოდებული the bumster – რაც ქალის ტორსს უფრო გრძელს აჩენდა). მან წარმოგვიდგინა  ბრუტალური და ამავდროულად უაღრესად რომანტიკული, მუდამ ცვალებადი კონტრასტების დრამატული სამყარო, რის გადმოცემასაც საკუთარი კოლექციების  ჩვენებებზე არაჩვეულებრივად ახერხებდა.

მაქქუინი  ქმნიდა დაუვიწყარ  სიზმრებს, ახერხებდა სილამაზის მიღმა ეპოვა უფრო მძაფრი სილამაზე, დაუფარავად ცდილობდა სულიერ  ტკივილსა და ტრაგიზმში დაენახა იდუმალება,  აგებდა თანამედროვე გოთიკურ სივრცეებს, რომელშიც თავის პერსონალურ ტკივილს, რომანტიზმს და სევდას აცოცხლებდა. ის ამბობდა, რომ ყველაფერი ბიოგრაფიულია – მის უკანასკნელ კოლექციებში განსაკუთრებით გამძაფრებულია იდუმალების, სიურრეალიზმის  განცდა. მდიდარი ისტორიული და კულტურული პარალელების მიუხედავად, მისი ნამუშევრები თანამედროვე ცხოვრების, მთელი თაობის აბსტრაქტული ანარეკლია.

მაქქუინი არასდროს ყოფილა ზედაპირული მოდის ვარსკვლავი, ის იშვიათად  თანხმდებოდა ინტერვიუებზე.  ალექსანდრს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა  მოდის გურუ იზაბელა ბლოუსთან, რომელმაც მისი სადიპლომო კოლექცია მთლიანად შეიძინა. იზაბელას დაღუპვას  მან 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მიუძღვნა. ამ დროს თავადაც მძიმე დეპრესიაში იყო, თუმცა მეორე მეგობარს, სუპერმოდელ ქეით მოსს თანაუგრძნობდა – ორივეს  კოკაინთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

2006 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენების ბოლოს, მაქქუინმა შუშის პირამიდაში ქეით მოსის სამგანზომილებიანი ფსიქოდელიური პროექცია აჩვენა, თავად კი  პოდიუმზე გამოვიდა მაისურით, რომელზეც ეწერა: we love you kate. ამ ჟესტით დიზაინერი საჯარო პროტესტს უცხადებდა საზოგადოებას, რომელიც მათ კიცხავდა.

 იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, თუ რამხელა ტკივილსა და მარტოობას განიცდიდა მაქქუინი  სიცოცხლის ბოლოს, როდესაც დედა გარდაეცვალა და სულ ცოტა ხანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა ხელოვანმა მოასწრო და მოდა, როგორც შემოქმედი ადამიანის კომუნიკაციის  კონცეფცია, სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მან იმდენად მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა, რომ არა მხოლოდ მოდის, არამედ თანამედროვე  ბრიტანული კულტურის უდავო მწვერვალად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

2010 წლის 11 თებერვლის, შოტლანდიელი დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, პრაგმატული სამყარო ვერ შეელია მატერიალისტურ მისწრაფებებს და მოდის სახლი Alexander McQueen განაგრძობს ამ უაღრესად თვითმყოფადი დიზაინერის გარეშე სიცოცხლეს. თუმცა წარმოუდგენელია ისეთი რანგის ნამუშევრების შექმნა, როგორსაც მაქქუინი აკეთებდა. მისი მიბაძვა უშედეგოა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, „მოდა ჩემი ხელობა არ არის, ეს ჩემი ცხოვრების წესია...”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები