მოსკოვი: უკუნეთი X საათზე

0 კომენტარი

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსა და მის პარტიას თაღლითებს და ქურდებს უწოდებს. Livejournal.com-ზე, საკუთარ ბლოგში, ავტორი რუსეთში სიმდიდრისა და ძალაუფლების მქონეთა კორუფციას ამხელს. ნავალნის ეს მაფიოზთა ბანდის – კიბერმაფიოზების – ვიზიტად დაუჯდა. მათ – საქართველოზე რუსეთის 2008 წლის კიბერშეტევის მსგავსი ტექნიკით – Livejournal.com-ზე იერიში მიიტანეს. რუსეთში არჩევნების მოახლოებას, პუტინის და „სილოვიკების” არაპოპულარობის ზრდასთან ერთად, იქ მეტ კიბერხულიგანიზმს უნდა ელოდეთ – Livejournal.com-ი მხოლოდ ერთი რიგითი, პატარა რეპეტიცია იყო.

ნავალნი ცალკეულ ინვესტორებთან ურთიერთობაში კორუფციას ებრძვის. მისი თქმით, გასულ ნოემბერს, სახელმწიფო ნავთობკომპანია ტრანსნეფტში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითური კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსნეფტის ბოსმა, ნიკოლაი ტოკარევმა მას ამერიკის დაზვერვის აგენტი უწოდა. ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ხოლო მისი იურიდიული ფირმის კლიენტები აიძულეს, სხვა იურიდიული ფირმის მომსახურებით ესარგებლათ. ალექსეის ინტერნეტ-ბლოგი კი შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა წალეკა.
 
შემდეგ, 24 მარტს, ნავალნის ბლოგს ეგრეთ წოდებული DDoS შეტევა მოუწყვეს (DDoS შეტევა ასობით ან ათასობით კომპიუტერიდან ერთდროულად ხდება. ამ შეტევის დროს ეს კომპიუტერები, მათი მფლობელებისგან დამოუკიდებლად, ბოტნეტში ერთიანდება. ეგრეთ წოდებული ბოტში თავმომყრელის – ანუ, ჰაკერის, მითითებით, ბოტნეტში გაერთიანებული თითოეული კომპიუტერი სამიზნე ვებგვერდზე შედის, ამ მოჭარბებული მოთხოვნის გამო ეს ვებგვერდი ისე გადაიტვირთება, რომ ფუნქციას ვეღარ ასრულებს). ორი დღის შემდეგ, იგივე ნავალნის მეორე ვებგვერდზე – rospil.info-ზეც მოხდა, რომელიც სამთავრობო შესყიდვებზეა ფოკუსირებული.
 
ამასობაში, სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერებმა, ბორის ნემცოვმა, ვლადიმირ რიჟკოვმა და ვლადიმირ მილოვმა, Livejournal.com-ზე თავიანთი ახალი ანგარიში – „პუტინი. კორუფცია” – გამოაქვეყნეს.
 
ის, რაც წერტილოვანი დარტყმებით დაიწყო, 4 აპრილისთვის მასიურ შეტევაში გადაიზარდა. თავდასხმაში მთავარი ბმულები და 34 ინდივიდუალური ბლოგი მოყვა. „ვიღაცას ძალიან სურს, Livejournal.com-მა არსებობა შეწყვიტოს”, დაწერა თავის ბლოგზე ილია დრონოვმა, განვითარების მენეჯერმა. მაგრამ ნავალნი მოსკოვისთვის ერთადერთი გამაღიზიანებელი კრიტიკოსი არ არის. კიბერმაფიოზები ნოვაია გაზეტასაც ესტუმრნენ, გაზეთს, რომლის რეპორტიორი, ანა პოლიტკოვსკაია, 2006 წელს მოკლეს – სწორედ მაშინ, როდესაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილ ქმედებებზე მასალები უნდა გამოექვეყნებინა. 
 
ნოვაია გაზეტას ბოლოდროინდელი პროექტია „ონლაინ პარლამენტი რუნეტზე” (რუნეტი ინტერნეტის რუსული სეგმენტის შემოკლებული სახელია). „გვინდა, შევქმნათ მოქმედი ხელისუფლების ალტერნატიული პლატფორმა, სადაც იმ პრობლემებზე იქნება მსჯელობა, რომლებსაც მთავრობა ან არ იმჩნევს ან უბრალოდ თვლის, რომ არ უნდა შეიმჩნიოს”, თქვა გაზეთის სპიკერმა ნადეჟდა პრუსენკოვამ. ამ პროექტში პოტენციურ მონაწილეთა შორის ნავალნი და დაპატიმრებული ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკიც კი მოიაზრებოდა.
 
7 და 8 აპრილს ნოვაია გაზეტას ჯერი დადგა. გაზეთის ვებგვერდს, ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში 70 ათასიდან 120 ათასამდე დარტყმის გაძლება უწევს. DDoS შეტევის დროს კი ყოველ 14 წამში 70 ათას დარტყმას იღებდა.
 
ჯეფრი კარი, Taia Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და Grey Goose Report-ის ავტორი, რომელმაც საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა გააანალიზა, წერს, რომ ამ შეტევებში მინიმუმ ორი ბოტნეტი მონაწილეობდა. ეს მოსაზრება Livejournal-ის ანალიტიკოსმაც დაადასტურა. არის იმის ნიშნებიც, რომ Livejournal-სა და ნოვაია გაზეტას ერთმა და იმავე თავდამსხმელებმა შეუტიეს.
 
„ჩვენ არ ვიცით, რამდენი ბოტნეტი იყო ჩართული ბოლო შეტევაში”, წერს მარია გარნევა კასპერსკის ლაბორატორიიდან, „მაგრამ, ზუსტად ვიცით ერთი ბოტნეტი, რომელიც ამაში მონაწილეობდა. იგი ეფუძნება Optima/Darkness DDoS ბოტს, რომელიც ახლა კიბერდანაშაულის რუსულენოვან შავ ბაზარზეა პოპულარული”.
 
Livejournal-ის სათავო კომპანიის ყოფილ დირექტორს, ანტონ ნოსიკს, რომელიც კარგად ერკვევა რუსეთში კიბერდანაშაულის საკითხებში, მიაჩნია, რომ ასეთ შეტევებს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება. 
 
„უშიშროების სამსახურის გარდა, ამის გაკეთებას ცოტა ვინმე თუ შეძლებდა”, – თქვა ნემცოვმა.
 
თითს ყველა ხელისუფლების ერთი ნაწილისაკენ იშვერს, რომელიც კრემლის ახალგაზრდული „ყავისფერპერანგიანთა” ორგანიზაციის – ნაშის – მეშვეობით მოქმედებს. ამ ორგანიზაციის გარჩევა კიბერდამნაშავეების სინდიკატებისაგან სულ უფრო ჭირს. 
 
როგორც საქართველოზე რუსეთის 2008 წლის კიბერშეტევის შემთხვევაში, ახლაც რუსეთის საგარეო აგრესიას, შიდა რეპრესიებს, კიბერდანაშაულსა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირის მოწმენი გავხდით.
 
მარტივად თუ ვიტყვით, Livejournal-სა და ნოვაია გაზეტას კიბერმუშტები მოხვდა, რაც ქუჩის მაფიოზების მიერ ცემაზე უფრო ეფექტიანია. ყველამ, ვისაც გაფრთხილება სჭირდებოდა, დაინახა და მიხვდა რისთვის იყო იგი გამიზნული. ხოლო ვინც ამის დანახვას არ მოისურვებს, შეუძლია ამ მოვლენის უფრო რაფინირებულ ანალიზს ამოეფაროს.
 
მაგრამ აქ საქმე მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ბრუტალობასთან არა გვაქვს. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების (გაიმართება დეკემბერსა და მარტში) და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალური ქსელით მხარდაჭერილი ამბოხებების გამო, მოსკოვის პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეშფოთებულია. ყოველდღიურად რუსეთის 10 ათასი მოქალაქე ინტერნეტის ახალი მომხმარებელი ხდება, ქსელისა, რომელიც ამ ქვეყანაში – სხვა ყველაფრისგან განსხვავებით – არ კონტროლდება და შეუძლია ისეთი იდეების გენერირება, როგორიც, მაგალითად, „ონლაინ პარლამენტი რუნეტზე”-ა.
 
„Livejournal-ი თავისუფლების ნამდვილი ზონაა ინტერნეტში, – თქვა ნემცოვმა, – მასზე შეტევა კი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების ნაწილია. ეს პოლიტიკაა”. 
 
ნოვაია გაზეტაზე შეტევას უშიშროების ფედერალური სამსახურის საინფორმაციო და სპეციალური კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ანდრეიჩკინის განცხადება დაემთხვა: „[ისეთი მომსახურების, როგორიც არის Skype, Gmail ან Hotmail] უკონტროლო მოხმარებამ შესაძლოა რუსეთის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას”. 
 
ამაზე ერთმა ბლოგერმა თქვა, „წარმოგიდგენიათ, პუტინის „სილოვიკები” იმაზე წუწუნებენ, რომ ჩვენს ფარულად მოსმენას ვერ ახერხებენ!”
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ადმინისტრაციამ ანდრეიჩკინის განცხადებისგან თავი მაშინვე შორს დაიჭირა, თუმცა პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი, მას მეტი სიმპათიით მოეკიდა: „ბუნებრივია, ეს [უშიშროების] სამსახურის პოზიციაა, რომელიც ყურადღებით განიხილეს”. 
 
პუტინსა და მედვედევს შორის, როგორც ჩანს, განხეთქილებაა. პრეზიდენტმა, როგორც რუსეთის უმაღლესმა ინტერნეტმომხმარებელმა, განაცხადა: „როგორც Livejournal-ის აქტიური მომხმარებელი, ვფიქრობ, ეს ქმედებები დასაგმობი და უკანონოა”. ნეტავ, მართლა გაბრაზდა მედვედევი? თუ როგორც „კასაბლანკას” კაპიტანი ლუის რენო, იგი უბრალოდ „შოკირებულია, შოკირებული იმის აღმოჩენით, რომ აქ აზარტული თამაშები მიმდინარეობს”?
 
ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვში მიმდინარე მოვლენებს ვინ აკონტროლებს. საბოლოო ჯამში, Livejournal-სა და ნოვაია გაზეტაზე შეტევები, ალბათ, იმ ტექნოლოგიისა და ორგანიზაციული მზადყოფნის ტესტები იყო, რომლებიც კიბერშეტევებისათვის არის საჭირო; როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი მიხაილ დელიაგინი წერს თავსი ბლოგზე, „ერთ-ერთი რეპეტიცია, რომელიღაც X საათზე საზოგადოების აქტიურ ნაწილს შორის კომუნიკაციის გასაწყვეტად”. 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები