ამომრჩეველთა 38%-მა არ იცის, ვინ ირჩევს პარლამენტს

როგორ აფასებენ მოქალაქეები საარჩევნო გარემოს და რას ელიან მომავალში; რამდენად ენდობიან არჩევნების შედეგებს; როგორ ახასიათებენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმას; რა არის მათთვის პრიორიტეტული არჩევანის გაკეთებისას. ამ და სხვა მსგავს საკითხებზე გამოკითხვა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ჩაატარა. 

საქართველოს ხუთ რეგიონში ორგანიზაციამ კვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით წარმართა. საველე სამუშაოები 20-28 თებერვალს ჩატარდა. 
 
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 70% ქვეყნის მმართველობის ფორმას დემოკრატიულად მიიჩნევს და თვლის, რომ 2008 წლის შემდგომ საარჩევნო გარემო უკეთესი გახდა. გამოკითხულთა 49% მოელის, რომ საარჩევნო გარემო უახლოეს ორ წელიწადშიც გაუმჯობესდება.
 
ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოკითხულთა 43% ენდობა, დაახლოებით 20% კი – არა. შუალედურ პოზიციას გამოკითხულთა 30% იჭერს. უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26-35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. ამ თვალსაზრისით  ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც გამოირჩევიან.
 
გამოკითხულთა 88% თვლის, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა მონაწილეობა საჭიროა. ამას იმით ხსნიან, რომ დამკვირვებლები საარჩევნო პროცესში წესრიგს უწყობენ ხელს. სხვადასხვა მიზეზს შორის გაყალბების პრევენციაც სახელდება. 
 
უმეტესობა (60%) არჩევნებში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილეობა პირადი არჩევანის გამოხატვაა. სხვებს ეს საკუთარ მოქალაქეობრივ ვალად მიაჩნიათ. შედარებით მცირე ნაწილი კი აცხადებს, რომ ცვლილებები მხოლოდ ამ გზით მიიღწევა. 
 
ნიჰილისტური განწყობები ჭარბობს გამოკითხულთა დაახლოებით 17%-ში, ისინი თვლიან, რომ მათი ხმა უმნიშვნელოა. 10% კი არჩევნებს ფორმალობად მიიჩნევს და საარჩევნო ადმინისტრაციას არ ენდობა. 
 
შესაბამისად კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობა, ყველაზე ხშირად პასუხობენ, რომ ეს მათი სამოქალაქო ვალია; უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ, ან თითოეული ხმა არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. დაახლოებით მსგავსი მოტივებით მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში 2010 წელსაც. 
 
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა 2008 წელს – პასუხები დიფერენცირებულია. სახელდება, მაგალითად, პირადი პრობლემები, ან უკეთესი მომავლის იმედის არქონა. 2008 წლის არჩევნებისას, ყველაზე ხშირი პასუხი იყო ის, რომ ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ – 28.6%. 2010 წელს კი ანალოგიურ პასუხს 8.2% სცემს. 
 
კიდევ ერთი საკითხი, რაც ISFED-მა იკვლია, ის პრიორიტეტებია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ. კვლევის მიხედვით, ამომრჩევლებისთვის უმთავრესი ინდიკატორი პოლიტიკური პარტიების პოზიციები აღმოჩნდა კონკრეტულ საკითხებზე. გამოკითხულები პოლიტიკური პარტიის ლიდერის ფაქტორსა და პარტიულ პროგრამებს დაახლოებით თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ. 
 
გამოკითხულთა უმრავლესობას ესმის, რომ არჩევნებში მთავარ როლს მოქალაქეები თამაშობენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, თავს იჩენს უცოდინრობაც – მაგალითად, კითხვაზე, ვინ ირჩევს პარლამენტს, დაახლოებით 38%-ს ან პასუხი არ აქვს, ან არასწორად პასუხობს. მაჩვენებელი უფრო მაღალია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მერის არჩევნების შემთხვევაში. 
 
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, მიიღებდნენ, თუ არა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და თუ კი – რა მიზეზით. მიზეზებში, პოლიტიკურის ნაცვლად, სოციალური საკითხები ჭარბობს. დაახლოებით 17% აცხადებს, რომ მიზეზი უმუშევრობა იქნებოდა, 15%-მდე კი მაღალ ფასებსა და დაბალ ხელფასებს ასახელებს. ამას ადამიანის უფლებების დარღვევა მოსდევს. არჩევნების შედეგების გაყალბება კი 2,2%-მა დაასახელა. 8,1% ამბობს, რომ ვერ ხედავს პრობლემას, რომლის გამოც აქცია შეიძლება გაიმართოს. 
 
 

კომენტარები