ფათჰისა და ჰამასის შერიგება

დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, პალესტინის ორ მთავარ პოლიტიკურ პარტიას, ფათჰსა და ჰამასს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. 27 აპრილს, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჰამასი არჩევნების ერთი წლით გადავადებას დათანხმდა. ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა კაიროში მოაწერეს.

ხელშეკრულებამდე, ისრაელის ხელისუფლება ფათჰს შედარებით ზომიერ პარტიად განიხილავდა, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელი იყო. ჰამასის მიმართ კი ებრაელთა პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციას თავისი წესდებიდან გამომდინარე (ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და მის ადგილზე ერთიანი პალესტინის ჩამოყალიბება) არსებობის უფლება არა აქვს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აბასმა და მისმა პარტიამ უნდა გადაწყვიტონ „მშვიდობა ისრაელთან თუ მშვიდობა ჰამასთან, ორივესთან მშვიდობა შეუძლებელია!”.

ამ ორ პოლიტიკურ პარტიას წარსულშიც ხშირად დაუდია და დაურღვევია მსგავსი სახის ხელშეკრულებები. შესაბამისად, დღეს პოლიტოლოგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს მათი გაერთიანების წარმატებული მცდელობა იქნება. 
 
2007 წელს, დიდხნიანი დაპირისპირების შემდეგ, მხარეებმა შერიგება გადაწყვიტეს და გაერთიანებული მთავრობა ჩამოაყალიბეს. თუმცა შიდა წინააღმდეგობების შედეგად, ხელისუფლება რამდენიმე თვეში დაიშალა. ამის შემდეგ, Wikileaks-ის მასალების მიხედვით, აბასის პარტიის წარმომადგენლები ისრაელს ჰამასის წევრების განადგურებას სთხოვდნენ.
 
ჰამასისა და ფათჰის გაერთიანების ფაქტი მოულოდნელი იყო. ბოლოდროინდელი ტენდენცია პალესტინაში საპირისპიროზე მეტყველებდა: მოლაპარაკებები აბასსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ერთი შეხედვით წარმატებულად მიმდინარეობდა. აპრილში, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მხარეები ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. ეს არაბებსა და ებრაელებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
 
თუმცა, ეგვიპტესთან გამართული საიდუმლო მოლაპარაკებებისას, აბასმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი პარტია ფათჰი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, ჰამასთან, ღაზის სექტორში დომინანტ ძალასთან, გაერთიანებულიყო. 
 
ხელშეკრულების შედეგად, შეიძლება, პრემიერ-მინისტრს და ფათჰის წარმომადგენელს ფაიადს სამსახურის დატოვება მოუხდეს. ფაიადი აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკულ სამხედროებთან და ჰამასის ტერორისტებს ებრძოდა. სწორედ ამიტომ, მის წარმომადგენლებს ფაიადი არ მოსწონდათ. ანალიტიკოსების აზრით, ფათჰსა და ჰამასს შორის დადებული ხელშეკრულება, ტერორიზმთან ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს. ფათჰს სავარაუდოდ აშშ-ის სამხედრო დახმარებაც შეუწყდება, რაც უმეტესწილად წვრთნებს მოიცავდა. 
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ხელშეკრულებას მოჰყვება, ჰამასისთვის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღების საშუალების გაჩენაა. ჰამასმა 2006 წელს საკანონმდებლო საბჭოში ადგილთა ორი მესამედი მოიპოვა. თუმცა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის 18 წევრს შორის, მისი არც ერთი წარმომადგენელი არ იყო. ხელშეკრულების მიხედვით, მომავალი წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის წარმომადგენელს საშუალება მიეცემა აღმასრულებელ საბჭოში მოხვდეს. ორგანიზაციაში, რომელიც გაეროს მიერ პალესტინელი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად არის აღიარებული, ისრაელის განადგურების მსურველი ჰამასის ჩართვა, მოლაპარაკებებს ორგანიზაციასა და ისრაელს შორის, თითქმის შეუძლებელს გახდის. 
 
კაიროში ხელშეკრულების გაფორმება, პალესტინის მიმართ ეგვიპტის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. ჰოსნი მუბარაქი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა ფათჰთან, ჰამასს კი, მუსლიმურ საძმოსთან კავშირის გამო, მტრად აღიქვამდა. 
 
ეგვიპტის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაბილ ელ-არაბმა, ყველას აგრძნობინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია ნეიტრალური იქნება. ის ყველა კონფლიქტის დროს მიუკერძოებლობას ეცდება. ამის დასამტკიცებლად, მან ღაზის სექტორზე ეგვიპტის კონტროლის შესუსტებაც კი  გადაწყვიტა.

კომენტარები