რენე წავიდა ჰოლივუდში

შეფასება:  4/5

რენე დადიანი (ნიკა თავაძე) 37 წლის მამაკაცია, რომელიც ექიმთან ერთადერთი კითხვით მიდის – როგორ შეცვალოს საკუთარი ცნობიერება წარმოსახვის გასაუმჯობესებლად. ექიმი ფანტაზიის გაღიზიანებასა და რეალობის იგნორირებას ურჩევს. რეჟისორი ალეკო ცაბაძე, ამ ეპიზოდით, რენეს ფიქრების სამყაროში შეგიძღვებათ.

ფილმის მთავარი პერსონაჟი გაზის ბალონებს არიგებს. ერთ-ერთი დავალებით, მან  ჭირნახულის ქუჩაზე იაჰუების დასახლებაში, ბალონი უნდა მიიტანოს. იქ მისული რენე უჩას გაიცნობს, პატარა ბიჭს, რომელსაც ჭლექი ჭირს. სიბრალულით გამსჭვალული მთავარი გმირი ცდილობს მისი სიცოცხლე გადაარჩინოს, ან მდგომარეობა შეუმსუბუქოს მაინც, მისთვის ტანსაცმელს და საჭმელს ყიდულობს და ჰპირდება, რომ ექიმთან წაიყვანს. 
 
ალეკო ცაბაძე არაერთი ალეგორიითა და პარარელით სიურრეალისტური სურათის შექმნას ცდილობს. ქართველი იაჰუები ჯონათან სვიფტის იაჰუების პროტოტიპებია – ბინძური, უხეში, არასასიამოვნო, უინტელექტო ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს უშლის ხელს, ის – ვინც ილია ჭავჭავაძე მოკლა. რენე დადიანი საზოგადოების ამ ნაწილზე ილაშქრებს და მის ლიდერს, ვაცას (ზურა ბეგალიშვილი), კლავს. თავად რენე ცნობილ ბელგიელ მხატვარს რენე მაგრიტს წააგავს – ხსნას ორივე სიურრეალიზმში ეძებს. მაგრიტის ერთ ნახატში, სარკესთან მდგომი მამაკაცია გამოსახული და სახის მაგივრად ზურგს ხედავს. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში რეჟისორი ამ სურათს ეკრანზე აცოცხლებს. 
 
რენე გაზის ბალონების ტარებასთან ერთად, თეატრალურ ინსტიტუტში კინორეჟისურას ასწავლის. ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა გადაიღონ ფილმი, თავადაც „იღებს” ფილმს. სიუჟეტის მიხედვით, მას ომი იმ საზოგადოებასთან აქვს გაჩაღებული, რომელსაც მისი დახვრეტა სურს. 
 
ალეკო ცაბაძის სიურრეალისტური ფილმი „რენე მიდის ჰოლივუდში” ერთი ადამიანის ამბავს გადმოგვცემს. ალან მურის ქმნილების, V-სი („ვი ვენდეტისათვის”) არ იყოს, ის თავის თავში უამრავ პიროვნებას აერთიანებს – რენე დადიანი, ილია ჭავჭავაძე, მეამბოხე ქართველია, იაჰუა. ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი იაჰუები ჰყავს, თავის ფილმს იღებს და ვაცას გვამს ათრევს თან „რასიომონის კარიბჭისაკენ”, იქ, სადაც კიდევ არაერთი გვამია. ის თვითონ კლავს ილია ჭავჭავაძეს, რადგან იცის, რომ ამ საზოგადოებას ერთი გმირი არ სჭირდება. ხალხი თავად უნდა იქცეს გმირად და შემოქმედად. 
 
ფილმის მსვლელობასთან ერთად, რენე თავის ფანტაზიებში უფრო ეფლობა. თქვენც გაგიჭირდებათ რეალობისა და ილუზიის განცალკევება. რეჟისორი ამ ყველაფერს ძალიან აკურატულად და შეუმჩნევლად აკეთებს. 
 
„რენე მიდის ჰოლივუდში” იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოპერატორი (მინდია ესაძე), რეჟისორი და მსახიობები ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ. ამ შემთხვევას თამამად შემიძლია მხატვრული ფილმი ვუწოდო. მდორე რიტმი, პასაჟების იშვიათი ცვლა, უამრავი სიმბოლიზმი, ნიკა თავაძის და ზურა ბეგალიშვილის საინტერესო სამსახიობო დუეტი და კარგი ფინალი. 
 
ასეთი ფილმები გვაფიქრებინებს, რომ ქართული კინო განვითარების გზაზეა. მსახიობები ნელ-ნელა თამაშს იწყებენ, შეშინებული არ შემოგვცქერიან, თითქოს ვინმე ფარული კამერით უღებდეს, სცენარის წერასაც ვსწავლობთ და მის ეკრანზე რეალიზებასაც. ხანდახან ფერების კორექტირებაც კი გამოგვდის და ოპერატორიც კადრს ხელის კანკალის გარეშე იღებს. „რენე მიდის ჰოლივუდში” აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უამრავი დისკუსიის, საუბრის თემა გახდება და ეს ძალიან კარგია. ალეკო ცაბაძის რენეს შეუძლია ჰოლივუდში წავიდეს. მთავარია, სხვებმაც შეძლონ იგივეს გამეორება. 
 

კომენტარები