პირადი სივრცე

0 კომენტარი

მე-18 საუკუნის ბოლოს, ნეოკლასიკური განწყობები ქალის სხეულსაც შეეხო. ევროპული მოდა, ანტიკური მაგალითების მსგავსად, მსუბუქ გამჭვირვალე ტანისამოსს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ამ სიფრიფანა კაბების ჯიბეებში უხეში ტყავის ტოპსიკებისა და ქისების ადგილი აღარ მოიძებნებოდა. მონოკლებისა და მარაოების ტარება, ოპერასა და წვეულებებზე კვლავ აქტუალური იყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს დასაბამს ის, რაც 250 წლის წინ, საყნოსი თუთუნის და ნელსაცხებლების შესანახ, რბილ ჩანთას წარმოადგენდა, ხშირ შემთხვევაში, კაბის გაგრძელება იყო და დღეს ქალის გემოვნების და სტატუსის უპირობო მაჩვენებელია.

არის რაღაც უცნაური და იდუმალი ქალის ჩანთაში. მისი გარე ნაწილი ყველას დასანახადაა შექმნილი – ეგზოტიკური ტყავები, ძვირფასი ფურნიტურა. შიგნიდან კი სრული იდუმალება სუფევს – აბსოლუტური სიბნელე, პირადი სივრცე. ვერ გეტყვით, ამ ამბივალენტური ფსიქოლოგიური ფაქტორის თუ პრაქტიკული მოსაზრებების გამო, მაგრამ ჩანთები წარმატებულ კულტურებში ფეტიშის ობიექტსაც კი წარმოადგენენ.

გრეის კელი

რამდენიმე ათწლეულია, ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული ორი ჩანთა თანამედროვე მოდის საკულტო ობიექტად და წარმატების საზომადაც კი იქცა. ხშირად პრიალა ჟურნალები ბედნიერების განმსაზღვრელად სწორედ იმას ასახელებენ, ამა თუ იმ ვარსკვლავს რამდენი ბირკინი ან კელი აქვს. ვიქტორია ბექჰემი თურმე 100 ცალ Hermes-ის ბირკინს ფლობს – მათი საერთო ღირებულება მილიონ გირვანქაზე მეტია.

Hermes-ის კელის ფენომენალური წარმატებაც და სახელიც პიკანტურ ისტორიას უკავშირდება. 1956 წელს, როცა ცნობილი მსახიობი და მონაკოს პრინცესა გრეის კელი ფეხმძიმედ იყო, პაპარაცებისაგან თავის დასაღწევად, შედარებით დიდი ზომის Hermes-ის ჩანთა დაიჭირა, რათა ყურადღება მასზე გადაეტანა და ფეხმძიმობის ფაქტი დაეფარა. მეორე დღეს პრესა მისი ფოტოებით იყო აჭრელებული. მას შემდეგ ჩანთას, რომლის დიზაინიც გაცილებით უფრო ადრე, 30-იან წლებში იყო შექმნილი, პრინცესას სახელი – კელი დაერქვა.

დღეს ჩანთის ფასი 8 ათასი დოლარიდან იწყება და ორი ალიგატორის ტყავს და 18-საათიანი უმაღლესი სტანდარტების სამუშაოების შესრულებას მოითხოვს. ის მოულოდნელად ჩნდება მხოლოდ Hermes-ის მაღაზიებში. მის შესაძენად, როგორც წესი, მხოლოდ სიმდიდრე არ გახლავთ საკმარისი. დიდი ხნის ლოდინი და რიგში ყოფნა მისი დაპატრონების ერთადერთი გზაა.

თუკი მონაკოს პრინცესა და მისი ჩანთა თანამედროვე არისტოკრატიის კვინტესენციას წარმოადგენენ, მეორე, არანაკლებ პოპულარული ჩანთა ბოჰემური ნატურის მუზას, ჯეინ ბირკინს უკავშირდება. 80-იანი წლების დასაწყისში Hermes-ის მფლობელი ჟან-ლუი დიუმა, ჯეინ ბირკინთან ერთად თვითმფრინავით პარიზიდან ლონდონში მიემგზავრებოდა. გზად ბირკინს ჩალის ჩანთიდან ყველაფერი გადმოეყარა. მომღერალმა დიუმას უსაყვედურა, რომ ვერ იპოვა ისეთი ტყავის დიდი ჩანთა, რომელიც მოკლე მოგზაურობისათვის გამოდგებოდა.

მაღალი ხარისხის საჯინიბო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Hermes-მა, თავის არქივებში 1892 წელს შექმნილი, დიდი ზომის საცხენოსნო მოკაზმულობის სატარებელი ჩანთის საფუძველზე, 1984 წელს, ახალი მოდელი – ბირკინი – შექმნა. მას შემდეგ ჩანთა საოცარი წარმატებით სარგებლობს, მისი ფასი 9 ათასი დოლარიდან იწყება და კელის მსგავსად, ლოდინს, ფულს და სოციალური პოზიციების გამაგრებას მოითხოვს.
ევროპული მოდის სისტემა, რომელიც ყოველთვის მაღალი კლასების, არისტოკრატიის და პრივილეგიის ანარეკლი იყო, მე-20 საუკუნის ბოლოს ახალი ბაზრებისა და ახალი ტიპის მდიდარი მომხმარებლის გაჩენამ, ცოტა არ იყოს, დააბნია. რა თქმა უნდა, ჩანთებიც მის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს და უკანასკნელ პერიოდში, ყველა ცნობილი ლუქსბრენდი, თავის კოლექციებში ხელჩანთებს დიდ ყურადღებას უთმობს.

თუკი კელის და ბირკინის შემთხვევაში კლასიკა, ხარისხი და ექსკლუზიურობა უპირველესია, შედარებით ახალ დიზაინში, სისწრაფემ და ორიგინალურობამ ყველაფერი შეცვალა. ცნობილმა ბრენდებმა დაინახეს, მაგალითად, რუსი მომხმარებლის სიყვარული ვულგარული ლოგოებისა და ოქროს ბიჟუტერიისადმი და უმალ დაიწყეს ჩანთების სწორედ ამ ყაიდაზე გაკეთება, რაც მდიდარ, მაგრამ ნაკლებად გემოვნებიან მომხმარებელს დააკმაყოფილებდა. ამის მაგალითი მრავლადაა Chanel-ის ან Versache-ს კოლექციებში. ცნობილმა ბრენდმა – Louis Vuitton კი თავის აღმოსავლელ ფანებს სიურპრიზი გაუკეთა – კომპანიის დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა მეგა პოპულარულ იაპონელ მხატვარ ტაკაში მურაკამისთან ერთად, კლასიკური მონოგრამებიანი ჩანთის პოპ-ვერსია დაამუშავა.

ქართული სინამდვილე ჩანთების მხრივ არცთუ ისე მრავალფეროვანია. ჯერ ქვეყანა ისე არ გამდიდრებულა, რომ რომელიმე ლუქსმწარმოებელმა თბილისში მაღაზია გახსნას. იმ ადამიანების რაოდენობაც მცირეა, ვისაც ჩანთაში 8 ათასი ან თუნდაც 3 ათასი დოლარის გადახდა შეუძლია. თუმცა უსუსური ქართული “ბომონდი”, განსაკუთრებით იაფფასიანი ყვითელი პრესის ფურცლებზე, ხშირად ჩნდება რომელიმე სახელოვანი ბრენდის ჩანთით. ეს განსაკუთრებით კომიკურია იმ არაადეკვატური კეთილდღეობის და წარმატების ფონზე, რომელშიც ზოგადად ქართული შოუბიზნესი იმყოფება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები