პოზიციების ექსპოზიცია

 25 მაისის საღამოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უჩველო ხალხმრავლობა იგრძნობოდა. დამთვალიერებელი აქ ევროპაში მოღვაწე ქართველი მხატვრების უახლესი შემოქმედების სანახავად მოვიდა. გამოფენა – „პოზიციები – ქართველი მხატვრები ევროპიდან”  – არამხოლოდ ქართველებისთვის აღმოჩნდა საინტერესო. სტუმრებს შორის ბევრი უცხოელიც იყო. ვერნისაჟის გახსნას საფრანგეთის ელჩიც დაესწრო.  

„პოზიციები – ქართველი მხატვრები ევროპიდან” – ევროპის კვირეული 2011-ის ფარგლებში ევროპის სახლის ინიციატივით იმართება. ექსპოზიცია დღეს, 30 მაისს დაიხურება, შემოდგომაზე კი უკვე პარიზში გადაინაცვლებს. გარკვეული თვალსაზრისით, გამოფენის ამ ქალაქში გადატანა ძალიან ბუნებრივი იქნება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილეთა შემოქმედების თვალიერებისას, დასავლურ სამყაროში „ტელეპორტაციაა” ადვილი. უბრალოდ, უცხოეთში მოღვაწე აქაური მხატვრები, საფრანგეთს შემოქმედებითი მუშაობისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. გამოფენაში მონაწილეთა უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყანაში მოღვაწეობდა. 
 
„პოზიციების” კურატორი ქარავანსარაის ხელმძღვანელი პარიზში – ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი შალვა ხახანაშვილია. იგი პარიზის გამოფენაში იმ აქაური მხატვრების ჩართვას გეგმავს, რომელთა შემოქმედების მიმართაც უცხოეთში გარკვეული ინტერესი არსებობს. საფრანგეთის დედაქალაქში ხომ სულ ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ქართული კულტურის დღეები გაიმართა. მონმარტრზე მხატვრების: ზურა არაბიძის, ლუკა ლასარეიშვილის, გელა პატიაშვილისა და ალექსანდრე ბერიძის ნამუშევრები გამოიფინა.
 
რთულია აღმოაჩინო, „პოზიციებზე” გამოფენილ ნამუშევრებს თუ რა აერთიანებთ. შალვა ხახანაშვილის თქმით, გამაერთიანებელი საქართველოს სიყვარულია –  გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელოვანები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ესაა და ეს. შალვამ გადაწყვიტა უკან დაეხია თავისი კურატორული პოზიციიდან და მხატვრებისთვის არჩევანის თავისუფლება მიეცა, არ მოექცია ისინი ერთი პროექტის, ერთი ხედვისა და იდეის ფარგლებში. ამან გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს საშუალება მისცა, საკუთარი თავი, სამშობლოში იმ ნამუშევრებით წარედგინათ, რომლებშიც სამყაროს მათეული ხედვა საუკეთესოდ იგრძნობა. შედეგად, ექსპოზიციაზე უჩვეულო მრავალფეროვნება და საინტერესო ფოტოგრაფიული, ფერწერული ნამუშევრები და კოლაჟები ვიხილეთ. 
 
მათი ნამუშევრებისთვის არ არსებობს ჩარჩოები, არც იდეოლოგიური და არც მხატვრული შესრულების კუთხით. ამის თქმას ბელკა მესხიშვილი კიჩის გამოყენებით ახერხებს – მისი სტალინი მონა ლიზას ამპლუაში საბჭოთა ღირებულებების მსოფლიო კულტურაში გაზავების მცდელობაა, რაც თავისებურად უპირისპირებს კიდეც ერთმანეთს ამ ორ ფენომენს. ანრი ბასილაია, პირიქით,  ბავშვური ნახატებით უარს ამბობს, ისაუბროს იდენტიფიკაციის თემაზე. მისი პერსონაჟების სხეულის ნაწილებზე რუკის ფრაგმენტებს შეამჩნევთ. ისინი უცნობ დროში, უცნობი ფიქრებით მოძრაობენ. მათთვის მთავარი სწორედ ესაა – არ გაჩერდე, ბოლომდე შეიცნო, ნახო, აღიქვა. 

 
ბასილაიას ფერადი და მელოდიური სამყაროდან ზურა არაბიძის შავ-თეთრი კონტრასტების ქვეყანაში ხვდები. არაბიძე არქიტექტორია, რაც მის ფოტონამუშევრებს განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს მატებს. მან ზუსტად იცის, ფოტოს რომელი ნაწილი გამოიყენოს მთავარი „კონსტრუქციის” საჩვენებლად, რომელზეც აიგება შენი საკუთარი შთაბეჭდილებები იმ სამყაროზე, სადაც მთავარი პიროვნული ემოციების ექსპრესიაა. 
გამოფენაზე შვიდი შემოქმედის: შალვა ხახანაშვილის, ირინა გაბიანის, ლუკა ლასარეიშვილის, გელა პატიაშვილის, კაკო თოფურიას, ზურა არაბიძის და ბელკა მესხიშვილის ნამუშევრებია წარმოდგენილი. 
 
ექსპოზიციის გახსნაზე დამთვალიერებელმა, მხატვრულთან ერთად, მუსიკალური სიამოვნებაც მიიღო – კომპოზიტორმა ლადო ბურდულმა მას რამდენიმე საფორტეპიანო კომპოზიცია მიუძღვნა. 

კომენტარები