ფოტოგრაფიის დღესასწაულის ერთი კვირა

 იყო დრო, როდესაც საფრანგეთშიც კი „სინათლით ხატვას” სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ვთქვათ, ისე, როგორც ფერწერასა და ხელოვნების სხვა დარგებს. ამის მიზეზად ტრივიალური არგუმენტი სახელდებოდა – ფოტო სამყაროს ვიზუალურ გამოსახულებას გვაძლევს, არ არის იდეის მატარებელი და კონცეპტუალური ღირებულებაც არ გააჩნია.

ფოტოაპარატი ზოგიერთისთვის ალბათ დღესაც მექანიკური ინსტრუმენტია, რომელიც შემოქმედებით აზროვნებას არ საჭიროებს. თუმცა, გასულმა კვირამ ალბათ სკეპტიკოსებიც კი საპირისპიროში დაარწმუნა. ცხადად დავინახეთ, რომ სანამ ფოტოაპარატი შემოქმედის ხელში მოხვდება, ის მხოლოდ უსულო საგანს წარმოადგენს და შესაბამისად, ყველაზე დიდ იარაღსაც, თუ მას ხელოვანი იყენებს. ეს თბილისის ფოტოფესტივალმა მოახერხა, რომელიც ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, წელს უკვე მეორედ, ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

თბილისის ფოტოფესტივალი ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ის 25-დან 31 მაისამდე მიმდინარეობდა. ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა ოთხ საკმაოდ მასშტაბურ, ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო გამოფენას. ფოტოფესტივალის კულმინაციურ მომენტად კი, 29 მაისს გამართული ფოტოგრაფიის ღამე იქცა, კავკასიური La Nuit de l'Annee ძველი თბილისის ტერიტორიაზე. 

აბანოთუბნიდან თავისუფლების მოედნამდე დამონტაჟებულ მონიტორებზე, მსოფლიოს საუკეთესო ფოტოპროდუქციის ჩვენება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეოდა. მას უამრავი ქართველი თუ უცხოელი მაყურებელი დაესწრო. არლის ცნობილი ფესტივალის პროგრამა თბილისის ფოტოგრაფიის სახლმა მაყურებელს უფრო გამდიდრებული აჩვენა. თბილისის ფესტივალის ორგანიზატორების მთავარი იდეა მაყურებლისთვის არამხოლოდ იმის შეთავაზებას ითვალისწინებდა, რისი ნახვა ევროპაში ისედაც შეგიძლია. ამიტომ, არლის ფესტივალის მიერ მოწოდებულ მასალას ქართულმა მხარემ საკუთარი პროგრამაც დაუმატა. მასში ქართველების ნამუშევრების გარდა შევიდა ირანელ, თურქ, აზერბაიჯანელ, რუს, სომეხ ხელოვანთა ფოტოებიც. ვფიქრობთ, სწორედ ეს ნაწილი მატებს აქაური ფოტოგრაფიის ღამეს განსაკუთრებულ ღირებულებასაც და ხიბლსაც – თბილისი, რომელიც რეგიონის კულტურათა შერწყმის წერტილს წარმოადგენს, კვლავ გახდა განსხვავებული სამყაროების წარმომადგენელთა ხედვისა და აზრების ურთიერთგაცვლის ადგილი.

 ფოტოგრაფის ხედვა, აპარატის ერთი გაჩხაკუნებისთანავე, ფოტოს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ერთი შემოქმედისთვის ტოკიო ელექტრონული ქალაქია, მეორე სულაც ქალის ფეხსაცმლის მაღალი ქუსლის მიღმა ხედავს სამყაროს, სხვა კონფლიქტებისა და ადამიანური პროტესტის საშუალებით ცდილობს მისეული აღქმის ჩვენამდე მოტანას... მაყურებელს შეეძლო გამხდარიყო მათი დოკუმენტური თვითგაცნობიერების მონაწილე, შეეყვარებინა, გაუცხოებულიყო და, რაც მთავარია, ამ ვიზუალური მეტაფორების საშუალებით გაცნობოდა სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს, მაგრამ არ შეუძლია ყველა მოვლენის თანამონაწილე იყოს.

თუმცა ეს პირობითია. ექსპოზიცია „ცვლილებების” თვალიერების დროს, რომელიც ევროპის სახლშია წარმოდგენილი, იოლად გახდებით უკრაინაში, ყირგიზეთში, ეგვიპტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მონაწილე თუ არა, მაყურებელი მაინც – თან პირველი რიგიდან. ლიტერატურის მუზეუმში თომას დვორჟაკის „კავკასია” კიდევ ერთხელ წარმოგვიდგენს 90-იანებში რეგიონის ცხოვრების სურათს. ეროვნული მუზეუმი მე-19 საუკუნის საქართველოს მასპინძლობს. იქ, პირველად გამოიფინა ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის არქივიდან. ნამუშევრებმა დამთვალიერებლის თვალწინ იმდროინდელი თბილისის ქუჩები, გოგირდის აბაზანები, სამხედრო გზა, მთიანი პეიზაჟები გააცოცხლა. როგორც პროექტის კურატორის, ნესტან ნიჟარაძისგან შევიტყვეთ, ერმაკოვის ფოტოებს დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. უკვე არის შემოთავაზებები, რომ ისინი პარიზსა და ბერლინის ნაციონალურ გალერეებში გამოიფინოს. 

დაინტერესება გამოიწვია თანამედროვე ქართულმა ფოტოგრაფიამაც. „განმარტებები 1 2 3” ახლაც შეგიძლიათ ნახოთ ხელოვნების მუზეუმში – შალვა ალხანაიძის, იური მეჩითოვის, გოგი ცაგარელის, გურამ წიბახაშვილის, ირინა აბჟანდაძის, ბესო უზნაძის, დავით მესხის, მარიკა ასათიანის და იუსტინა მელნიკევიჩის ნამუშევრები. ამ გამოფენის და ალბათ, ზოგადად, ამ ფესტივალის აღმოჩენად კი შალვა ალხანაიძე იქცა, თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომლის სახელიც ბოლო დრომდე უცნობი იყო ქართული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობისთვის. ფესტივალზე მისი შემოქმედებიდან ორი დიდი ფოტოსერია აჩვენეს – „გზა თუშეთისკენ” და „ფოტოები პასპორტისთვის”, მთა-თუშეთისა და ხელოვანის თანამედროვე, გასული საუკუნის შუა ხანების ამსახველი შთამბეჭდავი ნამუშევრები. ეს კადრები თავისი გამომსახველობით, თავისუფლებით, სპონტანურობით გაოცებს. 

ალხანაიძის ხელოვნების მაყურებელი, სავარაუდოდ, მალე პარიზიც გახდება. როგორც ჩანს, ამ ფესტივალის ორგანიზებით ხელოვნებისა და ღირებულებების გაზიარება ევროპულ და კავკასიურ სამყაროებს შორის, თანდათან ტრადიციის სახეს იძენს. პარალელების გავლება, მათ შორის კავშირების აღმოჩენა კი სასიამოვნო პროცესია, რომლის მონაწილეც აუცილებლად უნდა გახდე – თუ გსურს მეტი გაიგო არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებაზე, არამედ სამყაროზეც, რომელსაც ის ასე საინტერესოდ ასახავს.

კომენტარები