Homo Erectus-ი დმანისიდან

0 კომენტარი

დავით ლორთქიფანიძე ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
 განახლებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზეიმო გახსნას, დმანისის ახალი აღმოჩენებით გამოწვეული აჟიოტაჟი მოჰყვა. მეცნიერთა ვარაუდებით, დმანისელმა ჰომინიდმა, შესაძლოა, ადამიანის ევოლუციის თარიღი და გეოგრაფია შეცვალოს. 
დმანისი, მსოფლიო სამეცნიერო წრეებს, კვლავ სიურპრიზებს სთავაზობს. 7 ივნისს, ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში (Proceedings of the National Academy of Science) საყურადღებო სტატია გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, ადამიანის ევოლუციის თარიღი და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ, აფრიკიდან ევრაზიაში – კერძოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში – დმანისში გადმოვიდა.
ვინ იყო უძველესი დმანისელი ჰომინიდი – აფრიკიდან ევრაზიაში მოსული კოლონიზატორი თუ ყველა ადრეული Homo Erectus-ის შესაძლო წინაპარი? ეს, მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებსა თუ ინტერნეტ-გამოცემებში, ამ დღეების ყველაზე აქტუალური კითხვაა.
ამ აღმოჩენის ყველაზე რადიკალური ინტერპრეტაციის თანახმად, დმანისში აღმოჩენილი ძვლები Homo Erectus-ის უძველესი ფორმების მსგავსია. ამ სცენარის მიხედვით, ჰომინიდის ეს სახეობა აზიაში წარმოიშვა და განვითარების გარკვეული ეტაპის შემდეგ, აფრიკას მიაშურა. თუ ორმხრივი მიგრაციის თეორია დადასტურდა, მაშინ დმანისელი ჰომინიდი დრამაში – „ადამიანის ევოლუცია” – ვარსკვლავის როლს ითამაშებს.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით ტაბულა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს გაესაუბრა.

დმანისის აღმოჩენების ირგვლივ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში კვლავაც ხმაურია. რა არის ასეთი დიდი ინტერესის მიზეზი?
 
დმანისი სიურპრიზებით გვანებივრებს. როდესაც მაღალრეიტინგულ გამოცემაში, „ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში” იბეჭდება სამეცნიერო სტატია, რომელიც მთლიანად ცვლის აქამდე დამკვიდრებულ მეცნიერულ ხედვას, ბუნებრივია, დიდი რეზონანსი მოჰყვება. სტატია დიდი ხანია მზადდებოდა და 10 ავტორი ჰყავს – საკმაოდ ცნობილი ამერიკელი, ესპანელი, იტალიელი და ქართველი მეცნიერები, რომლებიც დიდი ხანია იკვლევენ დმანისს. მე თავად ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრიც ვარ. ამ კვლევის საფუძველზე, ადამიანის ევოლუციის თარიღსა და მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე საკმაოდ თამამი მოსაზრებები გაკეთდა. 
 
კონკრეტულად, რა არის ის დიდი აღმოჩენა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, შეიცვალოს ადამიანის ევოლუციის ისტორია?
 
ეს ახალაღმოჩენილი, უფრო ძველი, ქვედა არქეოლოგიური შრეა. ძირითადად, ქვისა და ძვლის მასალითაა წარმოდგენილი, რომელთა ანალიზმა ცხადყო, რომ მზიასა და ზეზვას პერიოდის არქეოლოგიურ შრეზე, 80-100 ათასი წლით უფრო ძველია. მისი ასაკი 1,85 მილიონი წელია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კავკასიის რეგიონი და, კერძოდ – დმანისი, დასახლებული იყო არა აფრიკიდან მოსული კოლონისტებით, არამედ უწყვეტად და ხანგრძლივი დროის მანძილზე. კვლევები აჩვენებენ, რომ დმანისის დასახლება იმდროინდელია, როცა Homo Erectus-ი აღმოსავლეთ აფრიკაში პირველად გამოჩნდა. მეცნიერი და დმანისის მკვლევარი, ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორი რიდ ფერინგი ვარაუდობს, რომ აფრიკიდან ევრაზიაში მოსული პირველი ჰომინიდი უფრო მეტად პრიმიტიული იყო, ვიდრე დმანისის არქეოლოგიურ ფენებში აღმოჩენილი ჰომინიდი. ასე რომ, დმანისი ახალი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს – შესაძლოა, უძველესმა ჰომინიდმა ევოლუცია სწორედ ევრაზიის კონტინენტზე გაიარა და არა აფრიკაში. 
 
ჰყავს თუ არა ამ თეორიებს ოპონენტები და ვინ არის, მეცნიერთა  აზრით, დმანისელი ჰომინიდი?
 
ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, აქაც არიან ლამპერები (Lumpers) ანუ მეცნიერები, რომლებიც თვლიან, რომ არსებობდა ჰომინიდების რამდენიმე სახეობა, რომლებიც შემდეგ ერთხაზოვნად განვითარდნენ. მათ ოპონენტებს – სპლიტერებს (Splitters) კი მიაჩნიათ, რომ უძველესი ჰომინიდების შტო დატოტილი იყო და ერთდროულად რამდენიმე სახეობა წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, „ლამპერებისთვის’’ დმანისელი ჰომინიდი Homo Erectus-ია, „სპლიტერებისთვის” კი – Homo Georgicus-ი. 
თუმცა ფაქტია, რომ დმანისის ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენის კვლევები უკვე ეჭვქვეშ აყენებს აქამდე დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც,  Homo Erectus-ი აფრიკაში წარმოიშვა და დმანისის ჯგუფი აფრიკიდან მის პირველ მიგრაციას წარმოადგენს.
 ჩემი აზრით, დმანისელი ჰომინიდი ყველა ადრეული Homo Erectus-ის წინაპარი უნდა იყოს, რაც ამ უკანასკნელის ევრაზიულ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს.
უკვე საუბარია ორმხრივ მიგრაციაზეც, რომლის მიხედვით, ევრაზიაში ევოლუციის შემდეგ Homo Erectus-ი კვლავ აფრიკაში დაბრუნდა.
კვლევები გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დმანისი კიდევ ბევრ სიურპრიზს გვპირდება.
 
დავით ლორთქიფანიძე ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ამჯერად რა სტადიაზეა კვლევები?
 
უკვე მივდივარ გრენობლში (საფრანგეთი), სადაც სპეციალური დანადგარით – სინკროტრონით (Synchrotron) ერთი მიკრონის სიზუსტით შეგვიძლია ვნახოთ დმანისის არქეოლოგიური მასალის შიდა სტრუქტურა. მის საფუძველზე უნიკალურ ინფორმაციას მივიღებთ. იქ ამ ორიოდე კვირის წინათაც გახლდით მხოლოდ ერთი დღით. აქ მალე განახლებული ეროვნული მუზეუმი საზეიმოდ უნდა გახსნილიყო. მაგრამ იმდენად დიდია კვლევის შედეგების მოლოდინი, რომ იმ გადატვირთულ დღეებშიც კი გადავწყვიტე იქ ჩასვლა. პირველ რიგში მეცნიერი ვარ და მეცნიერებას უნდა ვემსახურო. 
ასე რომ, ვნახოთ რა შედეგებს გვაჩვენებს ეს ზუსტი კვლევა. ფაქტია, რომ დმანისის არქეოლოგიური ძეგლი  უკვე საერთაშორისო კვლევის ობიექტს წარმოადგენს და მეცნიერება მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებს პასუხს.
 
მუზეუმი საზეიმოდ უკვე გაიხსნა. როგორია განახლებული მუზეუმის პირველი დღეები? რამდენად შეეხო თქვენი რეფორმა მუზეუმის მომხმარებელს?
 
სამუზეუმო რეფორმა, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო და კვლავაც გრძელდება, პირველ რიგში მუზეუმის გახსნილობას, საზოგადოებასთან მის ადაპტირებას გულისხმობს. უკვე პირველი შაბათ-კვირაა, რაც ჩვენი მუზეუმის კარი გაიღო. არქეოლოგიური საგანძური და ეროვნული გალერეა 600-მდე ვიზიტორმა მოინახულა. ტურისტებთან ერთად, ადგილობრივ ვიზიტორებს ძირითადად სასკოლო ექსკურსიები შეადგენენ და ასეც უნდა იყოს: ჩვენი რეფორმის ძირითადი ფოკუსი სწორედ საგანმანათლებლო საქმიანობისკენაა მიმართული.
 
რა არის ბილეთის ფასი და  რამდენად ხელმისაწვდომია მუზეუმში მოხვედრა?  არის თუ არა ის კომერციული დაწესებულება?
 
არსებობს აკადემიური სფეროს მართვის გამოცდილება და კომერციული სფეროს მართვის გამოცდილება. ჩვენ ორივე მათგანის შერწყმას ვცდილობთ. ამის ერთადერთი რეცეპტი კი პრაქტიკაა. ჩავატარეთ საზოგადოებრივი აზრის მარკეტინგული კვლევა, რადგან მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტის შექმნა გვსურდა. არქეოლოგიური საგანძური მოდელია ბალანსის, თუ რა დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი მეცნიერება, რომ ის მუზეუმის რიგით მნახველამდე ადვილად მივიდეს.
დავით ლორთქიფანიძე ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ბილეთის ფასები, ვფიქრობთ, მისაღებია – სულ 5 ლარს შეადგენს. სტუდენტებისთვის 1 ლარია, მოსწავლეებისთვის – 50 თეთრი. სპეციფიკური დამთვალიერებელი (ხელოვნებათმცოდნეები, მეცნიერები) საბუთის წარდგენის შემთხვევაში უფასოდ დაიშვება. შეღავათებია პენსიონერებზე. მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო სერვისს ვთავაზობთ – ეს მუზეუმის მეგობართა ასოციაციის წევრობაა, რაც წლიურ გადასახადს – 40 ლარს გულისხმობს. სტუდენტებისთვის ეს სერვისი მხოლოდ 20 ლარი ჯდება. მაგრამ მთავარი ბილეთის ფასებში როდია: ჩვენ უნდა შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი მოვიზიდოთ მუზეუმში. ამას ემსახურება მუზეუმის ღია მოედნის იდეაც, რომელიც შეერთებულია ქალაქის სივრცესთან და სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამას, რამდენიმე წელიწადში, სამუზეუმო ქუჩაც მოჰყვება, ბერლინის მუზეუმების კუნძულის მოდელის მსგავსად.
რამდენად მოსახერხებელია ტურისტისთვის მუზეუმის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ან მუზეუმამდე მოღწევა?
 
არსებობს მუზეუმის საიტი, Facebook-ი, საინფორმაციო ბუკლეტები, მაგრამ ვფიქრობ, ეს სფერო კიდევ უფრო დასახვეწია და ამ მიმართულებით ქალაქთან უნდა ვითანამშრომლოთ.
 
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, მაგალითად, ფიროსმანის სანახავად, თბილისიდან მოშორებით – სიღნაღის მუზეუმში წასვლა საკმაოდ მოუხერხებელია.
 
 
მე პრინციპულად სწორად მიმაჩნია, რომ სიღნაღში ფიროსმანი და ჩვენი მუზეუმის ფონდების ევროპული ხელოვნება (კრანახი) ერთადაა გამოფენილი. ან ის, რომ ვანის მუზეუმის ოქრო თბილისში – არქეოლოგიურ საგანძურშია წარმოდგენილი, ხოლო ბრინჯაოს უნიკალური ნივთები იქ ელოდება მნახველს. ცოტა ხანში ახალციხისა და მესტიის მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამაც იწყება. ეს ყველაფერი ცენტრალური მუზეუმის მიერ ვიზიტორებისა და  ტურისტების რეგიონებში გადანაწილებას ემსახურება. ჩვენი კავშირი რეგიონალურ მუზეუმებთან უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ლიდერი უნდა იყოს და არა თავკომბალა.
 
ჯანაშიას მუზეუმისა და ეროვნული გალერეის გახსნის ცერემონიალი უკვე უკან დარჩა. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით? 
 
გახსნის შეფასება სტუმრების საქმეა. თვითკმაყოფილება ნომერ პირველი მტერია. მე პირადად ბევრ ხარვეზს ვხედავ. არაერთი პრობლემა გვაქვს ხელოვნების მუზეუმში. ცოტა ხანში აქაც დაიწყება ცვლილებები. მანამდე კი, ხელოვნების მუზეუმის ჯგუფმა ეროვნული გალერეის გამოფენის მოწყობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამჯერად, მეტროპოლიტენ მუზეუმის კონსულტანტებთან ერთად, ფეოდალური ხანის მასალას ამზადებენ მომავალი ექსპოზიციისთვის 
 
ხარვეზებზე როცა ვსაუბრობთ, გამახსენდა, რომ ზოგი უკმაყოფილო იყო ეროვნული გალერეის გამოფენით – ექსპოზიცია ზედმეტად გადატვირთული იყოო. მე ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს, რომ ერთდროულად 26 ავტორის ნამუშევარი იყო გამოფენილი და მხოლოდ ერთი ეპოქა ამდენ კლასიკოსს (ფიროსმანი, კაკაბაძე, გუდიაშვილი, ნიკოლაძე და ა.შ.) აერთიანებდა. მით უმეტეს, ბევრი დამთვალიერებელი მათ ალბათ პირველად იხილავს და რატომ უნდა დავუკარგოთ ჩვენს მომხმარებელს ეს შანსი?
 
სისუსტეები და ხარვეზები ჯერაც ბევრი გვაქვს, მთავარია, ისინი აღმოვაჩინოთ. ჩემი აზრით, წელს, პირველი სეზონის დროს ყველაზე კარგად დავინახავთ მათ. ამაში ჩვენი მომხმარებელიც უნდა დაგვეხმაროს. Facebook-ზე მუზეუმის გვერდს (Georgian National  Museum) უკვე 9800-მდე მეგობარი ჰყავს. ჩვენ შენიშვნების მისაღებად ყოველთვის მზად ვართ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები