ინტერვიუ რეჯებ ჟორდანიასთან

  26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ადამიანი საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მათ შორისაა 1918-21 წლების რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილი, 90 წლის რეჯებ ჟორდანია. ტაბულამ მას 1918-21 წლების დღევანდელობასთან შედარება სთხოვა. 


ბატონო რეჯებ, პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენის მიღებას. კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მოგენიჭათ ეს ჯილდო?
 
ჩემთვის ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანი დაჯილდოების მიზეზია. 1990 წლიდან ჩემი დიდი სურვილი და მიზანი ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემაა. ეს პროცესი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. პრეზიდენტმა სწორედ ლევილის მამულისა და ქართული ემიგრაციის არქივის დაცვისათვის დამაჯილდოვა. არქივისა და მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემა მამაჩემის, ნოე ჟორდანიას და მთელი ქართული ემიგრაციის ოცნება იყო. ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში, 1990 წელს, ქართული სახელმწიფო არ იყო მზად – ახლა კი მას ამ ქონების დაცვის საშუალება აქვს. ჯილდო ჩემთვის სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი, ის მე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტმა გადმომცა.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ქართულმა საზოგადოებამ 1990 წლიდან დღემდე განიცადა? 
 
1990 წელს, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის უკანასკნელი წუთები იდგა, ხალხი აჟიტირებული იყო, პოლიტიკური ლიდერები კი დაქსაქსულები და დაპირისპირებულები. დღეს საზოგადოება ბევრად უფრო რეალისტურად უყურებს აწმყოსა და მომავალს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. სწორედ ამ გზით შეიძლება განვითარებული ქვეყნის აშენება.
 
ბატონო რეჯებ, რა არის მთავარი განსხვავება 1918-21 წლების და თანამედროვე საქართველოს მდგომარეობას შორის? 
 
1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიისკენ სწრაფვა იმ დროის მსოფლიომ ვერ დაინახა და ვერ დაიცვა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთი სრულ ქაოსში იყო. დანგრეული ეკონომიკის მქონე ევროპამ ვერ მოახერხა ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა. აშშ მაშინ ძალიან შორს იყო და ინტერესი ამიერკავკასიაში არც ჰქონია. ახლა ყველაფერი საპირისპიროდაა. მსოფლიოს ლიდერი დემოკრატია საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება. 2008 წლის რუსული ოკუპაციის მცდელობა მთელმა მსოფლიომ უარყოფითად შეაფასა და ქართული დემოკრატია დაიცვა. ესაა მთავარი განსხვავება. 
 
თქვენი აზრით, რა იყო 1918-21 წლების პოლიტიკური ელიტის მთავარი შეცდომა? 
 
ამაზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც არ მაქვს. მათ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ბევრი უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურად უწევდათ. ბევრი შეცდომად ჯარის არასწორ რეფორმას მიიჩნევს, ზოგი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, ბევრიც რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას – რითიც კომუნისტური პარტიის მოღვაწეობა დაუშვეს საქართველოში. თითოეულ ამ გადაწყვეტილებას მამაჩემიც და მთავრობის სხვა წევრებიც დასაბუთებულად ხსნიდნენ. 1921 წლის ოკუპაციის აცილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას არ შეეძლო. 

რამდენად განსხვავდება 1918-21 წლების ქართული საზოგადოება დღევანდელისგან? 
 
მაშინდელი საზოგადოება, ერთი შეხედვით, თითქოს უფრო ჩამორჩენილი და გაუნათლებელი იყო, მაგრამ თუ პოლიტიკურ პროცესებს დავაკვირდებით და შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით ძლიერი სწორედ თავისუფლების სამი წლის მანძილზე გახლდათ. თუ დღეს ქვეყანა დემოკრატიისკენ მიდის, მაშინდელი საქართველო უკვე დემოკრატიული იყო. თავისუფალი საქართველოს ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. 1918 წელს ნოე რამიშვილმა მშვიდობიანად დატოვა თანამდებობა და ნოე ჟორდანიას გადააბარა. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. 
 
1918-21 წლების მთავრობა – პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა იყო ევროპაში. რამდენად გამართლებულად მიიჩნევთ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას თანამედროვე საქართველოსთვის? 
 
ამ დროს, აუცილებლად კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საქართველოში ცარიზმის შემდგომ მოვიდა. მეფის ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველაზე შედეგიანი გზა კი სწორედ სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავრცელება იყო. ახლა ეს ასე აღარაა – საქართველოს ეკონომიკას განვითარების სწრაფი გზა სჭირდება. 
 

კომენტარები