ალბომების რევიუ

Red Snapper
Key 

 ახლახან, ერთ ჟურნალისტთან საუბარში ჯგუფის წევრმა, რიჩარდ ტეარმა კითხვაზე, თუ რატომ არ დგება ტრიპ-ჰოპის ხელახალი აღორძინების ხანა, უპასუხა: „ჩვენ ამას რატომ გვეკითხები? შენი აზრით, ტრიპ-ჰოპს ვუკრავთ?” როცა ინტერვიუერმა მათი ამ სტილის კომპოზიციები უხსენა, ტეარმა კვლავ კატეგორიულად უარყო „ბრალდება”. რას იზამ, თავად ტრიპ-ჰოპის მთავარ შემოქმედებს, Massive Attack-ის წევრებსაც არ მოსწონთ, როცა მათ მუსიკას ამ სტილის ჩარჩოებში აქცევენ. უფრო სწორად, თავად ტრიპ-ჰოპია, რომელიც ვერ იტანს ჩარჩოებს, რადგან თავის თავში ბევრ სხვა სტილს აერთიანებს. ასეთი იყო ყოველთვის Red Snapper-ის მუსიკაც, ალტერნატიული ჯაზის, ტრიპ-ჰოპის, დაბის, დრამ-ენ-ბასის და ბევრი სხვა ჟანრისა თუ სტილის სინთეზი.  
 
ჯგუფის მთავარი ხელწერა აკუსტიკური ხმის ელექტრონულ ჟღერადობასთან ორგანული შერწყმაა. ახალ ალბომში Key ეს მომენტი შენარჩუნებულია. Red Snapper თავის ფესვებს არ წყდება, რაც თითქოს იგრძნობა თითოეულ კომპოზიციაში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ისეთი კარგი, როგორც ძველი The Sleepless ან Keeping Pigs Together. ამიტომ, ალბომმა შესაძლოა გაუცრუოს იმედი ჯგუფის ძველ და ერთგულ თაყვანისმცემლებს და დააინტერესოს ისინი, ვისთვისაც მათი მუსიკა უცნობია. პირველ რიგში, ალბომის სუსტი მხარე ვოკალია, რომელიც ზედმეტი დანამატი უფროა, ვიდრე ბონუსი. ამასთან, აქ არის ჯაზიც, ბლუზიც, როკაბილიც, მაგრამ სტილის მხრივ მაინც ნაკლებად მდიდარია. ალბომის მოსმენისას შიშით ელოდები, რომ ეს მშვენიერი მუსიკა გაურკვეველ ჩარჩოში მოექცევა განმეორებადი, ზოგჯერ მარტივი ჟღერადობის წყალობით, თუმცა საბედნიეროდ ასე არ ხდება. უშედეგოდ ელოდები, რომ საქსოფონის ხმას თან მოჰყვება პოსტჰიპ-ჰოპის ელემენტი, ან რაიმე, მოულოდნელი, რაც ყოველთვის ანიჭებდა ჯგუფს განსაკუთრებულ ხიბლს. ამის მიუხედავად, ისევ ის გემოვნებიანი, ელეგანტური აკუსტიკური მუსიკაა, რომლის შექმნაც მხოლოდ Red Snapper-ს შეუძლია. 


Gorillaz 
The Fall 
 
T he Fall დეიმონ ოლბარნმა Plastic Beach-ის (იმავე, 2010 წლის მარტში გამოშვებული ალბომი) მსოფლიო ტურის დროს, ჩაწერა საკუთარ iPad-ზე. ეს მუსიკალური სამყაროსთვის სიახლეა. ალბომს, ჯგუფის ფან-კლუბი ჯერ კიდევ საშობაოდ გაეცნო მათი საიტის მეშვეობით, ოფიციალურად კი ახლახან, აპრილში იხილა მზის სინათლე.
 
ბოლო ალბომზე მომუშავე ადამიანების სახელებით ხვდები, რომ Plastic Beach-თან მას ცოტა რამ აქვს საერთო. აქ არ არიან სნუპ დოგი და მოს დეფი, არც პრომოუშენია თვალშისაცემი, რაც გაფიქრებინებს, რომ ახალი ნამუშევარი ნაკლებადაა გათვლილი მასობრივ მოწონებაზე. ოლბარნის თქმით, The Fall-ის ჩასაწერად წინასწარ არავინ მომზადებულა და ეს უბრალოდ ამერიკაში მოგზაურობის ამსახველი ალბომი-დღიურია. ექსპერიმენტული ხასიათი და დინამიურობა, რომელიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობას თან ახლავს, მართლაც ყველა კომპოზიციაშია შესამჩნევი. ერთი სიმღერიდან მეორეზე გადასვლა საოცრად ჰარმონიული და წყობილია, მიუხედავად იმისა, რომ ფრაგმენტულობაც იგრძნობა. 

რთულია ამ ნამუშევრის შეფასება სტანდარტული კრიტერიუმებით. თუ მას, როგორც პირველ სერიოზულ მუსიკალურ ალბომს განიხილავ, რომელიც iPad-ზე ჩაიწერა, მაშინ ის არა მხოლოდ კარგი, არამედ უკონკურენტოცაა. ჯგუფმა Gorillaz კიდევ ერთხელ მოსინჯა ძალები კომპიუტერული მუსიკის შექმნაში და ეს მშვენივრად გამოუვიდა. თუმცა, ალბომის მოსმენისას გიჩნდება შეგრძნება, რომ მათი პოტენციალი ნახევრადაც კი არ არის გამოყენებული. ის სიმღერები, რომლებშიც ვოკალი წინა პლანზეა წამოწეული (Hillbilly Man, Amarillo, Shy-town), შესანიშნავია. ამასთან, არის ძალიან სუსტი კომპოზიციებიც. მათი მთავარი ნაკლი ალბათ მინიმალისტურ ელექტრონულ ჟღერადობაში მდგომარეობს, რაც შიგადაშიგ ცოტა პრიმიტიულობაშიც კი გადადის. შეიძლებოდა უამრავი დეტალის დახვეწა, უფრო რთული კომპოზიციების შექმნა, თუმცა მთლიანობაში The Fall საკმაოდ კარგად ისმინება და სასიამოვნო ამბიენტურ ატმოსფეროს ქმნის. 
 

კომენტარები