ბრიტანეთში PlayStation-ზე კიბერშეტევაში ეჭვმიტანილი თინეიჯერი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ კომპანია Sony-ზე კიბერშეტევის განხორციელებაში ეჭვმიტანილი  თინეიჯერი დააკავა. ბრიტანელი სამართალდამცველების ცნობით, 19 წლის ჰაკერი ასევე ეჭვმიტანილია რამდენიმე სხვა ოფიციალური ვებ გვერდის გატეხვაში, მათ შორის არის საერთაშორისო ბიზნეს ორანიზაციებისა და სადაზვერვო სააგენტოების ვებ გვერდებიც. პოლიცია ადგენს, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულ თინეიჯერს ჰაკერთა ჯგუფ LulzSec-თან. ამ ჯგუფმა თავის თავზე აიღო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდებზე კიბერშეტევა. აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე ჰაკერებმა ცრუ ინფორმაცია განათავსეს იმის შესახებ, რომ ლეგენდარული რეპერი თუფაქ შაქური, რომელიც 15 წლის წინ მოკლეს, ცოცხალია.

კომპანია Sony-მ კი გლობალური სისტემის PlayStation-ის მომხმარებლებს კიბერშეტევის შესახებ აპრილში აცნობა. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი მონაცემები, მათ შორის  საკრედიტო ბარათების ნომრებიც მოიპარეს. კიბერშეტევის გამო PlayStation-ის ქსელი აპრილიდან ივნისამდე გათიშული იყო. ქსელში 77 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. 

კომენტარები