კრივი: ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

ერთდროულად სამმა ქართველმა მოკრივემ ანკარაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ.), ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ.) და მიხეილ ბახტაძემ (+91 კგ.) ჯერჯერობით ყველა მოწინააღმდეგე დაჩაგრეს და წინ დაუმარცხებლად მიიწევენ. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ მეოთხედფინალში ირლანდიელი უილიამ მაკლაჰლინი დაამარცხა 28:21. ამ გამარჯვებით ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უელსელ ფრედ ევანსს შეხვდება. ეს უელსელი თავის მხრივ წლევანდელ ევროპირველობაზე ძალიან გამორჩეულია. ის ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ნახევარფინალამდე არ მიუშვა. ცხრა დანარჩენ წონაში რუსი მოკრივეები ნახევარფინალს ჩხუბობენ.

ამათგან ერთ-ერთი, 21 წლის მძიმეწონოსანი მაგომედ ომაროვი, ქართველი მიხეილ ბახტაძის მეტოქე იქნება. ჩვენმა მოკრივემ მეოთხედფინალში სლოვენიელი როკ ურბანჩი დაამარცხა. ახლა მას ფინალში გადასასვლელად რუსეთის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანთან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.

ჯაბა ხოსიტაშვილი 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯერჯერობით წინ კარგად მიიწევს. მეოთხედფინალურ ეტაპზე მისი მსხვერპლი სომეხი არტურ ხაჩატრიანი გახდა. მას ქართველმა 17:14 აჯობა და ახლა ნახევარფინალში თურქთა იმედს, ადამ ქილიჩს შეერკინება.

კომენტარები