ინტერვიუ პრინც მიხაელ ფონ ლიხტენშტაინთან

0 კომენტარი
ფოტო: პრინცის პირადი არქივი

გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, სტაბილური ეკონომიკური ზრდა ყველა ქვეყნისთვის მთავარი საზრუნავი გახდა. ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ეკონომისტები თუ რიგითი ადამიანები გამუდმებით მსჯელობენ. კამათის მთავარი საგანი, როგორც წესი, ეკონომიკური ზრდის მიღწევის გზები და გარემოა. ტაბულას კითხვებს ლიხტენშტაინის პრინცი – მიხაელ ფონ ლიხტენშტაინი პასუხობს.

რა არის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი?

ჯანმრთელი, მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის და საზოგადოებრივი სიკეთისათვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია თავისუფალი წარმოების განვითარება და მეწარმეთა წარმატება. ბიზნესები შექმნილია მეწარმეების (ენტრეპრენერების) მიერ, რომელთაც აქვთ ხედვა, მზად არიან რისკი გაწიონ და აქვთ ნება, საკუთარი მცდელობა არ დააკლონ იდეის განხორციელებას. შემოქმედებითობა და ინოვაცია ამის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ახალი საწარმოების განვითარება განპირობებულია ადვილად გასაგები და ლიბერალური მარეგულირებელი გარემოთი და გამჭვირვალე და ეფექტიანი საგადასახადო სისტემით – ისეთით, როგორიცაა ბრტყელი გადასახადი.

როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევები დგას დღეს საქართველოში თავისუფალი წარმოების განვითარების კუთხით?

მე არ შემიძლია საქართველოს ექსპერტობა ვიკისრო. თუმცა ბევრ ზრდად ბაზარს მსგავსი გამოწვევები აქვს. ზრდის საუკეთესო საფუძველი არის ეკონომიკა, რომელიც ეყრდნობა მცირე და საშუალო, საოჯახო საწარმოებს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გვქონდეს მცირე რაოდენობის დიდი კომპანიები. მთავრობა შესაძლებელია მხარს უჭერდეს ამ პროცესს ეფექტიანი ინფრასტრუქტურის (მაგალითად ენერგიის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, კანონის მმართველობის) შექმნით.

Oxford University Press-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერთ, რომ ზედმეტმა გამჭვირვალობამ შეიძლება დააზარალოს სიმდიდრის დაგროვების პროცესი. რას გულისხმობთ?

სამწუხაროდმ ტერმინი გამჭვირვალობა დღეს საკმაოდ არასწორადაა გამოყენებული ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინტერპრეტაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია არღვევდეს ადამიანის პრივატულ უფლებას ფინანსებსა და ცხოვრებაზე. თუ ყველა ფინანსური სიტუაცია, მაგალითად ოჯახის, საჯაროდ ცნობილი გახდება, ოჯახი და მისი ფინანსური შესაძლებლობები საფრთხის ქვეშ დადგება. ეს შეიძლება იყოს კრიმინალური საფრთხეები (მაგალითად ადამიანების გატაცება), ეგრეთ წოდებული კრედიტორები, ბედის მაძიებლები, მაგრამ ასევე ხარბი მთავრობაც. თუ პირადი ცხოვრების უფლება შელახულია, შესაბამისი სტრუქტურები და გეოგრაფიული დივერსიფიკაცია ხდება საჭირო. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გრძელვადიანი ოჯახური სიმდიდრის ბრძნულად ინვესტირება (მაგალითად ბიზნესში, უძრავ ქონებაში და სხვა) ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტაბილური ზრდისათვის. ეს სოლიდურ საშუალო კლასს ქმნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები