დრაფტზე შერმადინი არ აირჩიეს

დღეს გამთენიისას ამერიკის შეერთებულ შტატებში NBA-ს დრაფტი გაიმართა. მასში მონაწილეობას გიორგი შერმადინიც იღებდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ 216 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი ცენტრი არცერთმა გუნდმა არ აირჩია. არადა დრაფტზე დაყენების და NBA-ში ამ ხერხით მოხვედრისთვის ეს ბოლო შანსი იყო. ის უკვე 22 წლისაა და მომავალი წლიდან ასეთი უფლებით ვეღარ ისარგებლებს. ამის იუხედავად, აშშ-ში მოხვედრის შანსები ამით არ დასრულებულა - ევროპაში თუ კარგად ითამაშა, დიდი სიამოვნებით გაუფორმებენ პირდაპირ კონტრაქტსაც.

რეალურად გიორგი შერმადინმა ჯერ ევროპაში უნდა დაიწყოს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. აქამდე, ასაკიდან გამომდინარე, მას პერსპექტიულად თვლიდნენ. შარშან პანათინაიკოსიდან სლოვენიურ ოლიმპიაში განათხოვრებლმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, წელს კი უნდა განაგრძოს პროფესიული ზრდა და ნელ-ნელა მაღალი დონის მოთამაშედ იქცეს.

წლევანდელ დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის უფლება კლივლენდ კავალიერზს ჰქონდა. ამ გუნდმა ეს უფლება გამოიყენა და დიუკის კოლეჯის კურსდამთავრებულ უკანახაზელს, კირი ირვინგს გაუფორმა კონტრაქტი. მეორე ნომრად მინესოტა ტიმბერვულვზმა ფორვარდი დერიკ უილიამსი აიყვანა. მესამე ნომერი გახდა იუტა ჯაზის არჩეული თურქი ფორვარდი ენეს ქანთერი. მეოთხე ნომერიც კლივლენდ კავალიერზის საკუთრება გახდა - ფორვარდი ტრისტან ტომპსონი. მეხუთე ნომრად კი ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩიუნასი ტორონტო რეპტორზმა აირჩია.

კომენტარები