ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში კვიპროსმა განახორციელა

წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში კვიპროსმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია მოცემული. საქსტატის ცნობით, 2011 წლის პირველ კვარტალში კვიპროსმა საქართველოში 41.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. ჯამში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ პირველ კვარტალში 174 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.3-ჯერ, ხოლო 2009 წლის იმავე მონაკვეთის მონაცემს 1.5-ჯერ აღემატება.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 28.7 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე - ნიდერლანდები 25.1 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი - 19.8 მილიონი აშშ დოლარით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები -19.6 მილიონი დოლარით. მეექვსე ადგილზეა თურქეთი, რომელმაც 2011 წლის პირველ კვარტალში 13.9 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია ჩადო საქართველოში, მეშვიდეზე ადგილზეა აზერბაიჯანი 11.7 მილიონი დოლარით. 
2011 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მრეწველობის სფეროში (48 პროცენტი), საფინანსო სექტორში (23 პროცენტი) და ენერგეტიკაში (12 პროცენტი) განხორციელდა. 

კომენტარები