ობამა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას იწყებს

0 კომენტარი

ფოტო: REUTERS
ივნისს, პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელ ხალხს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. ამა წლის სექტემბრამდე აშშ-ში 10 ათასი, 2012 წლის ზაფხულში კი კიდევ 23 ათასი ჯარისკაცი დაბრუნდება. ობამას გეგმის მიხედვით, 2014 წლისათვის ავღანეთიდან ყველა ამერიკელი სამხედრო უნდა გამოვიდეს და უსაფრთხოება ავღანურმა ჯარმა უნდა გადაიბაროს.
აშშ-სთან ერთად, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შესახებ საუბარი მოკავშირე ქვეყნებშიც დაიწყო. NATO-ს წევრების უმრავლესობა ჯარების შემცირებას აპირებს. ობამას განცხადებიდან რამდენიმე საათში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ საფრანგეთი თავის 4 ათასი ჯარისკაცის გაყვანას ეტაპობრივად დაიწყებს. გაერთიანებულმა სამეფოს 225 ჯარისკაცმა უკვე დატოვა ავღანეთი. ზაფხულის პერიოდში, ბრიტანეთში ჯამში 400 სამხედრო დაბრუნდება. გაერთიანებული სამეფო, 9500 ჯარისკაცით, აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. საპირისპიროდ, საქართველო ავღანეთში დამატებით 625 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ავსტრალიასთან ერთად, ქვეყანა, 1550 ჯარისკაცით, ყველაზე დიდ NATO-ს არაწევრ კონტრიბუტორად იქცევა.
ობამას გადაწყვეტილებამ, როგორც რესპუბლიკელებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის, ასევე ობამას თანაპარტიელ დემოკრატებსა და ადმინისტრაციის წევრებს შორის, უკმაყოფილება გამოიწვია. დემოკრატები ჯარების უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით გამოყვანას ლობირებდნენ.
რესპუბლიკელები უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი აზრით, ობამას გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული და არა ავღანეთში არსებული სიტუაციით ნაკარნახევი. 2012 წლის არჩევნებამდე ჯარების დიდი ნაწილის ჩამოყვანა, ობამას საარჩევნო კამპანიის ნაწილია და არა ომში გამარჯვებისთვის საჭირო ნაბიჯი. 
სამხედრო კონტინგენტის ზომა ქვეყნების მიხედვით
ავსტრალია 1,550
ავსტრია 3
აზერბაიჯანი 94
ალბანეთი 260
ა.შ.შ. 100,000
ახალი ზელანდია 191
ბელგია 507
ბოსნია და ჰერცოგოვინა 55
ბულგარეთი 606
გაერთიანებული არაბული ემირატები 35
გაერთიანებული სამეფო 9,500
გერმანია 4,812
დანია 750
ესპანეთი 1,552
ესტონეთი 163
თურქეთი 1,786
ირლანდია 7
ისლანდია 4
იტალია 3,880
კანადა 2,922
ლატვია 139
ლიტვა 237
ლუქსემბურგი 11
მაკედონია 163
მალაიზია 31
მონტენეგრო 36
მონღოლეთი 74
ნორვეგია 406
პოლონეთი 2,560
პორტუგალია 133
რუმინეთი 1,938
საბერძნეთი 162
სამხრეთ კორეა 426
საფრანგეთი 3,935
საქართველო 937 (გაიზრდება 1,550-მდე)
სლოვაკეთი 309
სლოვენია 80
სინგაპური 21
სომხეთი 40
ტონგა 55
უკრაინა 22
უნგრეთი 383
ფინეთი 156
შვედეთი 500
ჩეხეთი 519
ხორვატია 320

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით განსაკუთრებით უკმაყოფილო სამხედრო პერსონალია. გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი თვით ადრე, თეთრ სახლში ადმინისტრაციასა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. გენერალმა პეტრეუსმა ობამას ამ დროისთვის მხოლოდ 3000-5000 ჯარისკაცის გამოყვანა ურჩია. გენერლების შეფასებით, ომი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ჯარების ახლა გაყვანა, შეიძლება, ათი წლის ჯაფის და რესურსების წყალში გადაყრას ნიშნავდეს. 

ჯარების მასიური გაყვანის მოწინააღმდეგეებს შორის, ადმინისტრაციის საკვანძო წევრებიც იყვნენ – თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი, სახელმწიფო მდივანი კლინტონი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის უმრავლესობა. 
ძირითადი სამხედრო კონტინგენტები ავღანეთში
ობამამ ჯარების გაყვანის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ავღანეთში უკვე მიღწეული წარმატება და ანტიტერორისტული ორგანიზაციების, კონკრეტულად კი ალ-ყაიდას, შესუსტება დაასახელა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება. ადმინისტრაციის დემოკრატი წევრების აზრით, არეალი უნდა გაფართოვდეს და იემენი და სომალი მოიცვას, სადაც ალ-ყაიდამ ფეხი მოიკიდა. კონსერვატორები ამ არგუმენტს არალოგიკურად მიიჩნევენ. მათი აზრით, იემენში და სომალიში ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხელს ავღანეთის ოპერაციას არ უშლის.
ალ-ყაიდას მნიშვნელოვნად შესუსტების ფონზე, ობამას ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ავღანეთში თალიბანთან ომის ნაცვლად მათთან მოლაპარაკება გახდება. პირველად გასულ კვირას ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ თალიბანის წარმომადგენელი მოკავშირეების წარმომადგენლებს გერმანიაში დახურულ კარს მიღმა ხვდება. მოლაპარაკების მთავარი მიზანი თალიბანთან სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციაა.
თალიბანთან მოლაპარაკების გზით ავღანეთში მდგომარეობის სტაბილიზაციას, კონსერვატორების უმრავლესობა ილუზიად მიიჩნევს. ისლამისტებს კომპრომისი სისუსტის გამოვლინებად მიაჩნიათ. ისინი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს. შეთანხმების შედგომის შემთხვევაშიც კი, თალიბანის წევრები მას პირველივე ხელსაყრელ მომენტში დაარღვევენ.
ამის დასამტკიცებლად კონსერვატორებს წარსული გამოცდილება მოჰყავთ. 1990-იან წლებში, ნაჯიბულას დამხობისთანავე, აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების ვაკუუმი, ფეხი მოიკიდეს თალიბებმა და 9/11-იც მალე რეალობად იქცა. გამოცდილება აშშ-ს ვიეტნამის ომიდანაც აქვს, ვიეტკონგთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ჯარებმა ვიეტნამი დატოვეს. ამის შედეგად, სტაბილურობა მთელ რეგიონში შეირყა. ლაოსი და კამბოჯა კომუნისტების ხელში მოექცა, დამყარებულ ტოტალიტარულ სისტემებს კი მილიონობით ადამიანი შეეწირა. რეგიონში დომინოს ეფექტის განმეორებას, ავღანეთიდან ნაადრევად გამოსვლის შემთხვევაში, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერიც წინასწარმეტყველებს. ამჯერად, ტერორიზმი შეიძლება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ისლამურ რეგიონებს – ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას გადაედოს. კისინჯერი თვლის, რომ ავღანეთიდან ნაადრევად გამოსვლა აშშ-ის მიერ მტრის დამარცხების უნარს ეჭვქვეშ დააყენებს და ქვეყნაში ვიეტნამის სინდრომს დააბრუნებს. ვიეტნამიდან გასვლის შემდეგ, სუპერძალას ერთგვარი კომპლექსი გაუჩნდა. ის ჩათვლის, რომ ყველა ომში გამარჯვება და მსოფლიო ლიდერობის შესრულება აღარ შეეძლო და მსოფლიოში თავისი როლის გადახედვა დაიწყო. 
ფოტო: REUTERS
ვღანეთში დარჩენის ზოგიერთი მომხრე არათუ შემცირებას, არამედ ჯარების გაზრდას მოითხოვს. მათი აზრით, რეგიონში ტერორიზმის სრულად დასამარცხებლად არა მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელება, არამედ ერაყის მსგავსი მასიური ოპერაცია, ე.წ. ზვირთია (ინგლისურად surge) საჭირო. „ზვირთის” დროს, სამხედროების დიდი კონტინგენტი, ტერორისტებს და პარამილიტარული დაჯგუფებების წევრებს ანადგურებენ. ისინი, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ჯარის განვითარებით, მომავალში მსგავსი დაჯგუფებების წარმოქმნის საშიშროებას ამცირებენ.
უკანასკნელი გამოთვლებით, „ზვირთისთვის” ყოველ 50 მოსახლეზე 1 ჯარისკაცი არის საჭირო, ანუ 1000 მოსახლეზე – 20. ბოსნიასა და კოსოვოში მოკავშირეების ჯარების მოსახლეობასთან შეფარდება 1000:19 იყო, რაც სიტუაციის დარეგულირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ერაყში ეს შეფარდება ზუსტად 1000:20 იყო. ავღანეთში დღეს 1000 მოსახლეზე დაახლოებით 13 ჯარისკაცი მოდის. საჭირო შეფარდების მისაღწევად, ჯარების რაოდენობა დაახლოებით 1,6-ჯერ უნდა გაიზარდოს.
თუმცა ერაყის ომის გამოცდილების გამოყენება, ობამას ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის ერაყის ომს გაუმართლებელს უწოდებდა და აშშ-სთვის უფრო მნიშვნელოვნად ავღანეთის ოპერაციას თვლიდა. ოპონენტების ნაწილი ამას ზოგადად დემოკრატების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს. ომი, რომელშიც აშშ ჩართულია, დემოკრატებისთვის მიუღებელია. ისინი, საპირისპიროდ, სხვა ომის აუცილებლობაზე მიუთითებენ. თუმცა დაწყების შემდეგ მასაც გაუმართლებლად აცხადებენ. კრიტიკოსების აზრით, ობამა ავღანეთსა და პაკისტანზე კონცენტრაციით ძლიერების გამოვლენას ცდილობდა.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ობამა, საკუთარი წინასაარჩევნო რიტორიკის მძევალი აღმოჩნდა. მას დანაპირების ასრულება მოუწია, 2009 წელს ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და ომის მთავარ სტრატეგიად ერაყში კარგად გამოცდილი „ზვირთი” აქცია.
ერაყსა და ავღანეთს შორის არსებულ მსგავსებებთან ერთად, მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს: მოწინააღმდეგის ტაქტიკა, ორი ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია და ეთნიკური მოზაიკა. ავღანეთი ერაყზე ერთ-ნახევარჯერ დიდია, უფრო მკაცრი კლიმატით და დაფანტული მოსახლეობით გამოირჩევა. 
ერაყი, ავღანეთისგან განსხვავებით, ცენტრალიზებული, შემდგარი სახელმწიფო იყო – არადემოკრატიული, მაგრამ ეფექტიანი ინსტიტუტებით. ამის გამო, ცვლილების განხორციელება ავღანეთში ბევრად მარტივი გახლდათ. ასეთი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, უკვე რამდენიმე თაობას არ ახსოვს. ბოლო 30 წელია, ავღანეთი ომშია ჩართული და მის მოსახლეობას სახელმწიფოს ცნების გაგება ნაკლებად გააჩნია. 
მრავალფეროვანია ავღანეთის ეთნიკური მოზაიკა: ჩრდილოეთში ტაჯიკები (მთლიანი მოსახლეობის 27%), უზბეკები (9%), თურქმენები (3%), ცენტრში – ჰაზარა (9%) და აიმაკები (4%) ცხოვრობენ. ეს ტომები თალიბანის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მოკავშირეებად ითვლებიან. სამხრეთი ძირითადად პუშტუნური ტომებით (42%) არის დასახლებული. თავად პუშტუნებს შორის 400-მდე სხვადასხვა ტომია, რომელთაც ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვთ. სამხრეთში ასევე ცხოვრობენ ბალოჯები (2%). 
კონსერვატორები, ავღანეთის გარდა, ჯარის გაყვანის გეოპოლიტიკურ შედეგებზეც ღელავენ. აშშ-ის გამოსვლის შედეგად წარმოშობილი უსაფრთხოების ვაკუუმის შესავსებად და რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად, დაიწყება კონკურენცია, ერთი მხრივ, პაკისტანსა და ჩინეთს, ხოლო მეორე მხრივ – ინდოეთს შორის. ირანი კიდევ უფრო გააქტიურდება. 
ფოტო: REUTERS
ავღანეთის სტაბილიზაციისთვის, პაკისტანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ქვეყნის დაზვერვასა და თალიბანს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამასთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში ამერიკელი სამხედროები შიშობენ, რომ პაკისტანის ბირთვული იარაღი შეიძლება ტერორისტების ხელში მოხვდეს. ქვეყნის მოსახლეობის 15% პუშტუნები არიან. ამ ტომებს შორის თალიბები ადვილად მოძრაობენ და მათთან თანამშრომლობენ. თალიბების აქტივობას პაკისტანის დესტაბილიზაცია და კიდევ ერთი ტერორისტული ბუდის გაჩენა შეუძლია.
უკანასკნელ პერიოდში პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. ამის კულმინაცია ოსამა ბინ ლადენის პაკისტანის სამხედრო ბაზასთან მოკვლა იყო. თუმცა ქვეყნების ურთიერთობას არც აქამდე ეთქმოდა თბილი. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე ურჩია ავღანეთის პრეზიდენტ კარზაის ამერიკულ ჯარებზე უარი ეთქვა და მათ ნაცვლად ჩინეთის მოკავშირე გამხდარიყო.
ჩინური ალტერნატივის გამოყენებით დამუქრება, ავღანეთს აშშ-ისგან მეტი დახმარების მიღების საშუალებას აძლევს.
ავღანეთის ომის შესახებ კამათი, მსოფლიოში ამერიკის როლის შესახებ დავაა. ამას ჯარებს გაყვანის შესახებ გამოსვლაში, ობამას სიტყვებიც მოწმობს: „ამერიკა, დროა საშინაო საქმეებზე იფიქრო”. კონსერვატორების უმრავლესობა ამ პოზიციას იზოლაციონისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მსოფლიოში ამერიკის როლის დაკნინებას ემსახურება. კონსერვატორების აზრით, მნიშვნელოვანია, აშშ-მა ცივი ომის შემდეგ შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი კვლავ გაზარდოს და მსოფლიო წესრიგზე იზრუნოს.  
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები