რელიგიის თავისუფლება სომხეთში

ივნისს, საქართველოში სომეხთა პატრიარქის, გარეგინ მეორის ვიზიტმა რელიგიური უმცირესობების პრობლემები, მსჯელობის საგნად კიდევ ერთხელ აქცია. ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვას, დიდწილად, მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირება განაპირობებს. კვლევების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობისთვის ის ყველაზე სანდო ინსტიტუტია. მაღალი რეიტინგი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რომელიც უმცირესობათა უფლებების დაცვას ბოლომდე ვერ ახერხებს. საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით მეზობელ სომხეთში, სადაც იქაური სამოციქულო ეკლესია დომინირებს.

მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრია. სხვა რელიგიური ჯგუფები, საერთო ჯამში, მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ.

სომხეთის კონსტიტუცია აღიარებს აღმსარებლობის თავისუფლებას, ყველას აქვს უფლება შეიცვალოს რელიგიური შეხედულებები ან უარი თქვას მათზე. თუმცა რელიგიურ უმცირესობებს კანონი აღმსარებლობის თავისუფლებას გარკვეულწილად უზღუდავს. კანონი კრძალავს, მაგრამ არ განსაზღვრავს „სულებზე ნადირობას”. ეს ტერმინი პროზელიტიზმის აღსაწერად გამოიყენება. აკრძალვა ყველა ჯგუფზე, მათ შორის სომხურ ეკლესიაზეც ვრცელდება. კანონით დაუშვებელია უცხოური ცენტრის მქონე კონფესიების დაფინანსება, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს უკანასკნელი არ სრულდება.

ქვეყნის უმაღლესი დოკუმენტი ცნობს „სომხური ეკლესიის, როგორც ნაციონალური ეკლესიის განსაკუთრებულ მისიას სომეხი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, ნაციონალური კულტურისა და ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებაში”. კონსტიტუცია და კანონები სახელმწიფოსა და ეკლესიას ერთმანეთისგან მიჯნავს. თუმცა სომხურ ეკლესიას ოფიციალური ეკლესიის სტატუსი მაინც რჩება. დაახლოებით იგივე საქართველოს კონსტიტუციაშიც გვხვდება: „სახელმწიფო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში”, მაგრამ სომხური ვარიანტისგან ის მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება.

სომხეთის სახელმწიფოსა და სომხური ეკლესიის ურთიერთობის დასარეგულირებლად არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც უკანასკნელს გარკვეულ პრივილეგიებს აძლევს. სომხურ ეკლესიას ჰყავს მუდმივი წარმომადგენლები საავადმყოფოებში, ბავშვთა სახლებში, სკოლა-ინტერნატებში, სამხედრო ნაწილებში. რელიგიის შესახებ კანონი, სხვა აღმსარებლობის მიმდევრებს იმავე ადგილებში წარმომადგენლის ყოლის უფლებას მხოლოდ „მოთხოვნის შესაბამისად” აძლევს.

კანონი არ მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის არც რელიგიური ჯგუფების, რეგისტრაციას. თუმცა მხოლოდ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ჟურნალ-გაზეთების 1000-ზე მეტი ეგზემპლარი და ისარგებლონ მედია თავისუფლებით. რეგისტრაციის მისაღებად რელიგიურ ორგანიზაციებს აბსტრაქტული პირობები აქვთ წაყენებული. მაგალითად, ისინი უნდა იყვნენ „თავისუფლები მატერიალიზმისგან და სულიერი ბუნებით სუფთანი”, ასევე ჰყავდეთ არანაკლებ 200 ზრდასრული წევრი და ხელი მოაწერონ დოქტრინაზე, რომელიც დაფუძნებულია  „ისტორიულად კანონიზებულ წმინდა წიგნზე”. წლების მანძილზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ იაჰოვას მოწმეებს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მათ რეგისტრაციის გავლა მოახერხეს.

განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სომხეთის ეკლესიის ისტორიის კურსი არის სასკოლო განათლების ნაწილი. სახელმწიფოსა და სომხური ეკლესიის შესახებ კანონის თანახმად, სომხეთის ეკლესიას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ კურსის სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების შედგენაში. მას სახელმწიფოსთვის საკუთარი კადრების შეთავაზებაც შეუძლია. ამგვარი პრივილეგიით უმცირესობები ვერ სარგებლობენ.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობების უფლებები ხშირად ირღვევა. მოსწავლეები, რომლებიც არ წარმოადგენენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრებს, მასწავლებელთა მხრიდან ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას და შეუწყნარებლობას – ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.

საქართველოს მსგავსად, რელიგიური უმცირესობები, დროდადრო, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახურთა შეუწყნარებელი ქადაგებების მსხვერპლი ხდებიან. აღსანიშნავია, რომ სომხური საზოგადოება შეუწყნარებლობას უფრო მეტად არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ იჩენს, ვიდრე, მაგალითად, კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების მიმართ.

კომენტარები