ერთგული მეგობრიდან სტატუსის საზომამდე

ამერიკელი ჯესი უაიტი სამსახურიდან გვიან საღამოს შინ ბრუნდებოდა. მოულოდნელად თოვლის ქარბუქი ამოვარდა, რის გამოც მან საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო. მისი მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და საბოლოოდ თხრილში ჩავარდა. წვალების შემდეგ უაიტმა მოახერხა ამოძრომა. შინ რომ დაბრუნდა, ჯესიმ მაშინღა გააცნობიერა, რომ ზემოთ ამოსვლის პროცესში ჯიბიდან საყვარელი აქსესუარი ამოუვარდა. უკან წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან თოვლში მის პოვნას მაინც ვერ შეძლებდა, ამიტომ უაიტმა გაზაფხულამდე მოცდა გადაწყვიტა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი უკან დაბრუნდა და საათობით ძიების შემდეგ თავისი ნივთი სველ მიწაში აღმოაჩინა. მისდა გასაკვირად, ნივთი ისე ამუშავდა, თითქოს სრულებით ახალი, იმ დღეს შეძენილი ყოფილიყო. ჯესი უაიტს ხელში ზიპოს (Zippo) სანთებელა ეჭირა.

მსგავს სენტიმენტალურ ისტორიებს ზიპოზე ინტერნეტში ხშირად წააწყდებით, რადგან მფლობელებს ამ საგანთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ვიღაცისთვის ზიპოს სანთებელა ომში დაკარგული მეგობრის ხსოვნასთან ასოცირდება, სხვისთვის ეს ის ნივთია, რომელიც განვლილ ცხოვრებას და მასში გადახდენილ თავგადასავლებს ახსენებს... ზიპოს ყველა სანთებელას საკუთარი ისტორია რომ აქვს, ამაში www.zippostories.com-იც იოლად დაგარწმუნებთ – ამ გვერდზე ადამიანები ერთმანეთს საოცრად ემოციურ ზიპო-ისტორიებს უზიარებენ. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ყველა მათგანს, ისევე როგორც ჯესი უაიტის მონაყოლს, ერთი მთავარი საერთო აქვს – ზიპოს სანთებელა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერთგული მეგობარია.

ზიპოს სანთებელის წარმატების საიდუმლოც სწორედ ესაა – გამძლეობა და საიმედოობა. მისი შექმნის იდეა ჯორჯ გრანტ ბლეისდეილს 1932 წელს გაუჩნდა ერთ-ერთ წვეულებაზე, როდესაც მეგობრის ხელში მოუხერხებელი, მაგრამ საიმედო სანთებელა შეამჩნია. იმ დღიდან ბლეისდეილმა ამ აქსესუარის სრულყოფა დაისახა მიზნად, რაც მალე მოახერხა კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციის იდეა არ ყოფილა ორიგინალური. ზიპოს ავტორმა ავსტრიული წარმოების სანთებელები შეიძინა და მათი გაუმჯობესება დაიწყო – ცილინდრის კორპუსი პარალელეპიპედით შეცვალა, მისი ზომა შეამცირა, თავსახური კი უფრო მოსახერხებელი გახადა.

დროთა განმავლობაში ზიპოს სანთებელა ლეგენდად იქცა. ამაში დამსახურება არა მხოლოდ მის მოსახერხებელ ფორმას მიუძღვის, არამედ, პირველ რიგში, გამძლეობას. კომპანიის მთავარ ღირსებად პროდუქტის უვადო გარანტია იქცა. ბრედფორდში, ზიპოს მუზეუმში, უძველესი სანთებელები ინახება და რა საოცარიც უნდა იყოს, ყველა მათგანი მუშაობს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზიპოს კომპანია მეორე მსოფლიო ომის დროს არ იყო ამერიკული არმიის ოფიციალური მომმარაგებელი, ჯარისკაცებში მის სანთებელაზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გარკვეული პერიოდი ამერიკაში ის აღარც იყიდებოდა. ეს ბუნებრივია – მექანიზმი, რომელიც ყოველთვის მუშაობს, იჟანგება თუ არა მისი კორპუსი და ამასთან, დაცულია ქარისა და წყლის ზემოქმედებისგან, მხოლოდ კარგი მეგობარი კი არა, საიმედო იარაღიც ხდება.

ზიპოს სანთებელა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველია, რადგან კომპანიისთვის ხარისხი პრიორიტეტულად რჩება. 1932 წლის შემდეგ ამ აქსესუარის დიზაინმა ევოლუცია განიცადა. ის ყველანაირი მომხმარებლის გემოვნებას აკმაყოფილებს, ამასთან მას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე აღიქვამენ – ზიპოს სანთებელების 70-80%-ს საჩუქრად ყიდულობენ. როდესაც საკუთარი თავისთვის ფიქრობ მის შეძენას, პროცესი ხანგრძლივია, ეს ხომ მთელი ცხოვრების არჩევანს გულისხმობს. ისე კი, თანამედროვე ზიპოს დიზაინი საკმაოდ მარტივი და შეიძლება ითქვას, არაფრით გამორჩეულია. სამაგიეროდ, პირველი გამოშვების რარიტეტული სანთებელები იმდენად საინტერესოა, მათში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდაც შეიძლება.
~
იმ შემთხვევაში, თუ გამძლეობა მთავარი კრიტერიუმი არ არის, არც ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მოხვედრა და საინტერესო დიზაინში დიდი თანხის გადახდაც გვენანება, ყურადღება შვეიცარიული კომპანია Diplomat-ის პროდუქციას უნდა მივაქციოთ. მათი სანთებელები საქმიანი და ელეგანტური ადამიანებისთვის იქმნება, დახვეწილი დიზაინის გარდა კი შესანიშნავი ხარისხითაც გამოირჩევა – მუშაობს, როგორც შვეიცარიული საათი. Diplomat-ის სანთებელას კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს სხვა პრესტიჟულ კონკურენტებთან შედარებით. ის საშუალო ფასის სეგმენტს მიეკუთვნება, ასე რომ, ლამაზი და გამოსადეგი ნივთის შესაძენად მთელი ხელფასის დახარჯვა არ იქნება საჭირო.

სხვა საქმეა ფრანგული S.T. Dupont და მისი ძვირადღირებული აქსესუარები. ელიტური სანთებელების წარმოებაში სწორედ ეს უძველესი ფირმა ლიდერობს. დიუპონის ხაზი ყოველთვის იყო გამორჩეულად პრესტიჟული მისი თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული სანთებელებით, მაგრამ Ligne 2 Champagne განსაკუთრებული აღმოჩნდა. 18 კარატიანი თეთრი ოქროსგან დამზადებული და 468 ბრილიანტით გაფორმებული სანთებელა დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება – მისი ფასი 79 ათას დოლარს შეადგენს. ამიტომაცაა, რომ დიუპონის სანთებელა იუველირული ხელოვნების ნიმუშად ითვლება, რომელიც მისი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსსა და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც რეკლამაზე დიდი ძალისხმევის გაწევა არ არის საჭირო, რადგან პროდუქცია სათქმელს თავად ამბობს.

იმიჯის გაკეთილშობილების კიდევ ერთ საშუალებად დანჰილის (Dunhill) სანთებელა შეიძლება იქცეს. ალფრედ დანჰილმა არა მხოლოდ გამოიგონა ნივთი, რომლითაც ცეცხლის ანთება ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება, არამედ ის ფუფუნების ერთ-ერთ სინონიმად აქცია. ეს პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული, ვინაიდან ამ სანთებელის საშუალო ფასი რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს. სამაგიეროდ, ელეგანტურ დიზაინს ბონუსად შესანიშნავი ხარისხიც მოჰყვება.

ხარისხი კი სანთებელის შემთხვევაში ის ფაქტორია, რომელზეც ეკონომიის გაკეთება არ ღირს. იაფფასიანი, პლასტმასის ნივთის ხმარება არა მხოლოდ ურიგო გემოვნებაზე მიუთითებს, არამედ შესაძლოა, არც ისე უსაფრთხო იყოს გარშემომყოფთათვის, რადგან მაღალ ტემპერატურაზე გადახურების შემთხვევაში დიდია მისი აფეთქების ალბათობა. სხვა მხრივ, სანთებელის არჩევის ოქროს წესი არ არსებობს, რადგან აქ გემოვნება და პროდუქტის ვიზუალური მხარე მთავარ როლს თამაშობს. თუმცა სიგარის ჭეშმარიტი დამფასებლისთვის, როგორც გაზის, ისე ბენზინის სანთებელა, მიუხედავად მისი დახვეწილი კონსტრუქციისა და მაღალი ხარისხისა, ყველანაირ ხიბლს კარგავს – ის, უბრალოდ, ასანთს აირჩევს.

კომენტარები