აფრიკის 54-ე სახელმწიფო

0 კომენტარი

სამხრეთ სუდანი დამოუკიდებლობის პირველ დღეებს ზეიმობს. 9 ივლისს 56-წლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. იანვარში სამხრეთ სუდანელთა 98.8%-მა რეფერენდუმზე სუდანიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ლიდერი სალვა კიირი გახდა. მას დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიაზეც, განუყრელი კოვბოის ქუდი ეხურა, რომელიც ჯორჯ ბუშ უმცროსმა აჩუქა. სამხრეთ სუდანელების ზეიმს დედაქალაქ ჯუბაში, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და ოცდაათამდე აფრიკული სახელმწიფოს ლიდერი შეუერთდა. სალვა კიირმა მილოცვები მსოფლიო ლიდერებისგანაც მიიღო.

ეიფორიის შემდეგ, სამხრეთ სუდანელებს საკუთარი ქვეყნის მშენებლობის დაწყება ნულიდან მოუწევთ. სუდანთან მათ უკვე აქვთ სასაზღვრო კონფლიქტი. ორი ქვეყანა ვერც აბეის რეგიონს იყოფს, სადაც ცოტა ხნის წინ 4,200 ეთიოპიელი მშვიდობისმყოფელი განლაგდა. ორ ქვეყანას შორის ორიათასკილომეტრიანი საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი ზუსტად არ დადგენილა, რამაც შესაძლოა დამატებითი პრობლემები შექმნას.

სუდანი დღეში 500 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რითაც აფრიკის ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზე იყო. ქვეყნის ნავთობის რეზერვების 75% სამხრეთელებს ერგოთ, თუმცა ექსპორტისთვის საჭირო მილსადენები და გადამამუშავებელი ქარხნები ჩრდილოეთშია განლაგებული. ბოლო 6 წლის მონაცემებით, სამხრეთ სუდანის ბიუჯეტის 98%-ს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა. ჩრდილოეთის ეკონომიკაც ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტის დეტალებზე მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს. სამხრეთ სუდანში, ნავთობის გარდა, არსებობს სხვადასხვა ლითონთა (ოქრო, ქრომი, რკინა) საბადოები, თუმცა მოპოვებისა და ექსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

სამხრეთ სუდანის დროებით მთავრობას პრობლემები თავზე საყრელად აქვს. ქვეყანაში, მყარი გზა პრაქტიკულად არსად არ არის დაგებული. გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან სეზონებში ჭირს. დედაქალაქ ჯუბაში, ტროტუარიანი გზების სიგრძე ჯამში 5 კილომეტრს არ აღემატება. მოსახლეობის 81% წერა-კითხვის უცოდინარია. თუმცა გაურკვეველია მოსახლეობის რაოდენობაც – მონაცემები 8-14 მილიონს შორის მერყეობს. მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების ხაზგასასმელად, გაეროს კვლევებში აღნიშნულია, რომ 15 წლის სუდანელ გოგონას უფრო მეტი შანსი აქვს ორსულობას გადაყვეს, ვიდრე სკოლა დაამთავროს.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი და მასთან დაახლოებული პირები დინკას ტომს ეკუთვნიან. უცნობია, შეეგუება თუ არა, მეორე მსხვილი ტომი, ნუერი მათ მმართველობას. დინკასა და ნუერის გარდა, ახალგაზრდა სახელმწიფოში დაახლოებით 150 სხვა ტომი ცხოვრობს. აქამდე სამხრეთის შავკანიან, ქრისტიან და ანიმისტ მოსახლეობას არაბი, მუსლიმი ჩრდილოელების წინააღმდეგ გაერთიანების მიზეზი ჰქონდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოში კი უცნობია, თუ როგორ შეძლებენ თანაცხოვრებას. სამხრეთ სუდანი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი რეგიონია, თუმცა ათწლეულების მანძილზე ტომები მიწებისა და წყლის რესურსებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ.

სუდანმა დამოუკიდებლობა 1956 წელს მოიპოვა. იმ დროისათვის, კონფლიქტი ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს შორის, უკვე გაჩაღებული იყო. დაპირისპირებას 2.2 მილიონი ადამიანი შეეწირა (შედარებისთვის, სუდანის კიდევ ერთ ცხელ რეგიონში, დარფურში კონფლიქტს 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა), 4 მილიონს კი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა.

სალვა კიირმა დამოუკიდებლობის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ სამხრეთ სუდანელები მზად არიან მიუტევონ, მაგრამ არაფერს დაივიწყებენ. დამოუკიდებლობის მოპოვებით აღტყინებული, მოზეიმე ხალხი ახალ ჰიმნს განუწყვეტლივ მღეროდა. მაგრამ აფრიკული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებაზე გაცილებით რთული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები