10 კითხვა გივი ალხაზიშვილს

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის “საბა” მოგენიჭათ. გილოცავთ! რას ნიშნავს თქვენთვის „საბა”?

საბა უპირველს ყოვლისა ნიშნავს სულხან-საბა ორბელიანს მთელი თავისი შემოქმედებით, ევროპაში მოგზაურობით და დასავლური ორიენტაციით. ცხრა წელია „საბა” პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიას დაერქვა და მინიჭების შემდეგ გარკვეულ ვნებათაღელვას იწვევს. შეუძლებელია პრემიის მინიჭებით ყველა კმაყოფილი დარჩეს.

ხარკი, რომელიც 60-იანებში ანტისაბჭოთა გულწრფელობისთვის დაგაკისრეს – რაიმე კარგი ან სარგებელი თუ დაგიტოვათ ამ პერიოდმა?

რაც დამიტოვა, ეს გახლავთ გამოცდილება, რომლის გადმოცემასაც წიგნების წერით ვცდილობდი და გარკვეულწილად შევძელი, რადგან წიგნებად გადაქცევის შემდეგ, რესენტიმენტი – მტანჯველი შთაბეჭდილება, პროზაულ ან პოეტურ ნარატივად იქცა და როგორღაც გავთავისუფლდი.

რა არის თქვენთვის საჭირო, რომ დაიწეროს ლექსი?

სულის განსაკუთრებული მდგომარეობა.

თქვენი ნება რომ იყოს, რომელ ისტორიულ პიროვნებასა თუ ცნობილ მოღვაწესთან იმეგობრებდით?

სახარებისეულ ზაქესთან...

თქვენი ყველაზე ცუდი ჩვევა...

მოუსვენრობა, თავმისადრეკი ადგილის ძებნა, მიუსაფრობის შეგრძნება.

ერთ-ერთი პირველი მძაფრი შთაბეჭდილება ბავშვობიდან...

მოდიდებულმა რიონმა გამიტაცა და ქალაქის ბოლოს, რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მოვახერხე ნაპირზე გამოცურვა. მაშინ ვიგრძენი სიკვდილის სიახლოვე. ხოლო მეორედ, მაშინაც ბავშვი ვიყავი, საბჭოთა ჯარში თავის მოკვლა რომ გადავწყვიტე, ავტომატის ლულა რომ ნიკაპქვეშ მივიშვირე და თავის აწევისას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დავინახე. მაშინ იმ ცამ მიხსნა თვითმკვლელობისგან. კანტის ვარსკვლავიან ცაზე ცნობილი ტექსტი მოგვიანებით წავიკითხე.

ერთი რჩევა, რასაც დამწყებ მწერლებს მისცემდით...

მთავარი ნიჭია, მაგრამ მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, თუ სულიერი ზრდა არ იქცა მუდმივ პროცესად. ნიჭის ანუ ტალანტის გაფლანგვა ძირითადად სიზარმაცით და უწიგნურობით ხდება. უარყავით სიზარმაცე და უწიგნურობა.

რომელი ლექსი ან სტრიქონები გინდათ, თქვენ რომ გეკუთვნოდეთ?

რომელსაც გამუდმებით ვეძებ და ვერ ვპოულობ და რაც მიბიძგებს გაბმული ძიებისკენ.

თქვენი ლექსის რომელ სტრიქონებს წაუმძღვარებდით თქვენს ბიოგრაფიულ წიგნს?

წარსული არაა გარდაცვლილი დრო, იგი სათავეა და სათავეს ვგრძნობ მდინარესავით...

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

როდემდი უნდა მიყვარდეს?!

კომენტარები