სახელმძღვანელოები 10 ლარად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები 10 ლარზე მეტი არ ეღირება. 


სამინისტრომ სახელმძღვანელოების დისტრიბუტორებთან სპეციალური მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შეირჩა ის ბაზრობები და წიგნის მაღაზიები, სადაც სახელმძღვანელოები შეთანხმებულ 10 ლარზე ძვირი ვერ იქნება.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ სპეციალური ბროშურებიც დაბეჭდა. საქართველოს ფოსტა მათ ყველა ოჯახს დაურიგებს და სკოლებშიც თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავენ. ამ ბროშურით სამინისტრო მემორანდუმით განსაზღვრულ ბაზრობებსა და წიგნის მაღაზიებს გაუწევს რეკლამირებას.  

10-ლარიანი ლიმიტის აუცილებლობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის დაცვის მოტივით ხსნის. მათი თქმით, „ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს არჩევანი, რომ 10 ლარის ფარგლებშიც შეიძინოს წიგნი”. 

ღარიბი მოსახლეობის დაცვის მოტივის მიუხედავად, ფასის რეგულირება საბოლოო ჯამში სწორედ მას აზარალებს, ვისაც წესით უნდა ეხმარებოდეს. წაგებული რჩება ყველა – მომხმარებელი, მწარმოებელი და მთავრობა. ამგვარი კონტროლის საბოლოო შედეგი – ეკონომიკური არაეფექტიანობა და ფინანსური არასტაბილურობა – ყველაზე ვრცელდება.

მემორანდუმის მიხედვით, გამოდის, რომ თუ გამომცემელს წიგნი 10 ლარი უჯდება, დისტრიბუტორმა გასაყიდ ფასში თავისი მოგება ვეღარ უნდა გაითვალისწინოს. ამ შემთხვევაში მემორანდუმი შავი ბაზრის წარმოქმნას შეუწყობს ხელს, რაც ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვარს – დამარცხებულ კორუფციას – საფრთხეს შეუქმნის. ეკონომიკური ისტორია იმასაც კარგად აჩვენებს, რომ შავ ბაზარზე ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ეს თავისუფალი ბაზრის პირობებში იქნებოდა. 

დისტრიბუტორი მოგებას თუ ვერ ნახავს, ფულს იმის ხარჯზეც დაზოგავს, რომ მაგალითად, მაღალმთიან ან შორეულ რეგიონებში სახელმძღვანელოებს აღარ დაარიგებს. შექმნილი დეფიციტის პირობებში, მშობელს მოუწევს უფრო ძვირად შეიძინოს სახელმძღვანელო: ჩავიდეს მემორანდუმით განსაზღვრულ ქალაქში და იქ შეთანხმებულ 10 ლარად იყიდოს, ან ადგილზე შეიძინოს იმაზე ძვირად, ვიდრე ჩვეულებრივ საბაზრო პირობებში იყიდდა. ადგილზე, სახელმძღვანელო უფრო ძვირად, შეიძლება, თავად დისტრიბუტორმაც კი მიყიდოს. ამით გაიზრდება შავი ბაზარი და კორუფციის შემთხვევებიც იმატებს.

განათლების სამინისტროს ჩანაფიქრს არც მოკლევადიან პერსპექტივაში ექნება ერთგვაროვანი ეფექტი. გამომცემელი ბაკურ სულაკაური ზოგიერთ წიგნზე ფასის კლების ნაცვლად ფასის მატებას ვარაუდობს. მისი თქმით, წიგნების უმრავლესობა ისედაც 10 ლარზე ნაკლები ღირდა, თუმცა რადგან ახლა ლიმიტია მითითებული, ბუნებრივია, გამომცემლობა, რომელიც შარშან ნაკლებად ყიდდა, წელს იმავე წიგნს თამამად დააფასებს 10 ლარად. ამდენად, მშობელი ზოგს უფრო იაფად, ზოგს კი – უფრო ძვირად იყიდის. 

ღარიბთა დაცვის მოტივს, ფასის კონტროლის სხვა შედეგებიც ვერ პასუხობს. ხარჯის შემცირების მიზნით, მწარმოებელი ფულს აღარ დახარჯავს ახალი ტექნიკის შესყიდვაზე ან ძველის გაუმჯობესებაზე. ეს ერთი მხრივ გააუარესებს ხარისხს და მეორე მხრივ, გამორიცხავს ინოვაციის პროცესს. ბაზარზე აღარ შემოვლენ განსაკუთრებული ექსპერტიზის მქონე ახალი მოთამაშეები, ხოლო არსებული მწარმოებლები კვლევისა და განვითარების ინვესტირებას შეწყვეტენ, რადგან კონტროლირებულ ინდუსტრიაში, ადეკვატურ მოგებას ვერასდროს ნახავენ. ამ შემთხვევაში ვერც სახელმძღვანელოს ავტორი ნახავს მოგებას. საბოლოოდ, გაქრება ეკონომიკური მოტივაცია, რის შედეგადაც ავტორები უარს იტყვიან ახალი წიგნების დაწერაზე,

პროფესიონალი მწარმოებლები კი საკუთარ მატერიალურ თუ ადამიანურ რესურსებს უფრო მომგებიან სფეროში დააბანდებენ. შესაბამისად, ღარიბიც და არაღარიბიც სახელმძღვანელოს გარეშე დარჩება.

საქსტატის მიერ მოწოდებული, 2010-2011 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 285.5 ათასი მოსწავლეა. 

კომენტარები