„ევროპული შემოდგომის” მოლოდინი

ევროკავშირი,  საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა. ინიციატივას, 3-4 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ სოპოტში, არაფორმალურ სამიტზე შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაუჭირეს მხარი. 


მოლაპარაკებების დაწყება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე” (DCFTA) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯერ კიდევ  წლის დასაწყისში იგეგმებოდა. ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული ურთიერთობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია. თუმცა, თებერვალში მოლაპარაკებებში მოულოდნელმა სირთულეებმა იჩინა თავი. 
 მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე აცხადებდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის მიერ მოლაპარაკებების დასაწყებად დაყენებული წინაპირობები შეასრულა. თუმცა, ბრიუსელიდან მოულოდნელად ახალი მოთხოვნები მიიღო. თანაც, მოლაპარაკებების წინაპირობად ისეთი საკითხებიც დასახელდა, რაც მანამდე მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა. თბილისში ვარაუდობდნენ, რომ
ბრიუსელის პოზიციის ცვლილება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიზნით, საქართველოზე ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდა.  

თუმცა, ტაბულას ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასაწყებად, შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში მოხერხდა. ქართულ მხარეს ყველა წინაპირობა შესრულებული აქვს. ევროკავშირმა, რიგი ფორმალობებისა, მათ შორის ექსპერტთა მისიის ვიზიტი სექტემბრის ბოლოს უნდა შეასრულოს. მოლაპარაკებების დაწყებას ამჟამად მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.  

30 სექტემბერს ვარშავაში „აღმოსავლური პარტნიორობის” (რომლის მონაწილეები, საქართველოსთან ერთად, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან)  სამიტი გაიმართება. სოპოტში ევროკავშირის წევრების მიერ გამოხატული პოზიცია საბოლოოდ სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს.  

როგორც სოპოტში გამართული შეხვედრების შემდეგ, პოლონურ მედიას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განუცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ღრმა და მნიშვნელოვანი დისკუსია” გამართეს აღმოსავლური პარტნიორობის პერსპექტივებისა და მომავალი დეკლარაციის თაობაზე. მისი თქმით, „შესაძლებელია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების საქართველოსთან და მოლდოვასთან დაწყება”.  

თუმცა, დეკლარაციის ტექსტი საბოლოოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ხელმძღვანელ ორგანოებს უნდა შეუთანხმდეს. ჯერჯერობით უცნობია, ამ დოკუმენტში გამოცხადდება თუ არა საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტული თარიღი, თუ ევროკავშირი მხოლოდ პროცესის სწრაფ სტარტს დაუჭერს მხარს. 

პოლონეთი, როგორც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, მთელი რიგი ინიციატივებით გამოდის „აღმოსავლური პარტნიორობის” წევრი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასთან  დაკავშირებით. კერძოდ, იგი მხარს უჭერს ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების შეთავაზებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფართოებას  „სრული ეკონომიკური ინტეგრაციის” დონემდე – ნორვეგიისა და შვეიცარიის მსგავსად. პოლონეთი  „აღმოსავლური  პარტნიორობის”  წევრებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივასაც აყენებს – იმ პირობით, რომ ამ ქვეყნებმა საზღვრების დაცვისა და მიგრაციის კონტროლის შესაბამისი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. 

პოლონური სააგენტო РАР-ის ინფორმაციით, ვარშავის წინადადებებს ევროკავშირის ყველა წევრი მხარს არ უჭერს. მაგალითად, მათ წინააღმდეგ საფრანგეთი გამოდის. ევროკავშირის ახალი პრიორიტეტები „აღმოსავლური პარტნიორობის” პროგრამის მიმართ 30 სექტემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება. 

საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარებას 7 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაუჭირა მხარი. „რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველო და მოლდოვა ასე სწრაფად გაივლიდნენ გზას ევროპისკენ”, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, ევროკავშირმა „უნდა მიიღოს საქართველოსა და მოლდოვის ამბიცია, და მან ეს უნდა გააკეთოს არა მხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე”. 

როგორც პოლონეთში ვიზიტად ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „წლევანდელი შემოდგომა საქართველოსთვის ევროპული შემოდგომა იქნება” და წლის ბოლომდე საქართველო „ძალიან სერიოზულ გარღვევას” ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. 
 

კომენტარები