კრიმინალი აშშ-ში

კრიმინალური სტატისტიკა ამერიკულად

 გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალადობრივი და საკუთრების მიმართ დანაშაულის დონე შემცირდა – მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონის შენარჩუნებისა. ამერიკული პრესა ამ სიტუაციის ასახსნელად დაეყრდნო პროფესორ ჯონ ეკის დასკვნას, რომ „კრიმინალსა და ეკონომიკას შორის კავშირი ილუზიაა”.

საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ეკონომიკური რეცესიის დროს, როგორც წესი, კრიმინალის დონე ქვეყანაში მატულობს. თუმცა, აშშ-ის სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ყველაფერი თავდაყირა დგება. მაგალითად, მშფოთვარე 20-იან წლებში კრიმინალის დონემ იმატა, ხოლო დიდი დეპრესიის დროს – იკლო. 90-იან წლებში, როცა ამერიკის ეკონომიკა მყარად იდგა, კრიმინალის დონე იკლებდა. ეს ტენდენცია არც 2000 წლის რეცესიის დაწყების შემდეგ შეჩერებულა.

ამჟამინდელი კრიზისისა და  უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად, კრიმინალის კოეფიციენტის კლება არ შეწყვეტილა.  2008-2009 წლებში ძალადობრივი დანაშაულის დონე 5.3%-ით შემცირდა, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ბოროტმოქმედების დონე – 4.6%-ით. 2009-2010 წლებში კი მათი 5.5%-2.8%-ით კლება შეინიშნებოდა. ყველაზე მკვეთრად ეს პატარა ქალაქებში შეიმჩნევა. ორ ქალაქში – სან ანტონიოსა და ნიუ იორკში კრიმინალური დონის ზრდა აღინიშნა. საერთო მონაცემებით, კრიმინალის დონე შეერთებულ შტატებში, 40 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ 90-იანებში, სხვადახვა სოციოლოგი, 2000 წლისთვის კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობდა. მაგალითად, ჯეიმს უილსონის აზრით, ნიუ იორკში 30 ათასით მეტი ახალგაზრდა კრიმინალი იქნებოდა. ჯონ დილულიო ამბობდა, რომ 2010 წლისთვის, ნიუ იორკს ახალგაზრდა „სუპერმტაცებლები” ააოხრებდნენ. ფაქტები კი სხვა რამეს გვეუბნება: 1991 წლიდან, ძალადობრივი დანაშაულის რიცხვი კლებულობს – გამონაკლისია მხოლოდ 2004-2006 წლები.

1970-იანებში ამერიკაში, კერძოდ ნიუ ჯერსის შტატში, ახალი პროგრამა შეიმუშავეს. ის მოსახლეობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას უნდა მომსახურებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში პოლიციელების მოტოციკლეტებისთვის და მანქანებისთვის მოშორება და ქვეითი პატრულის შექმნა იყო. პროგრამის ავტორების აზრით, ქვეით პოლიციელებს უფრო ეფექტურად შეეძლოთ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა. 
პროგრამას თავიდანვე ბევრმა სკეპტიკური თვალით შეხედა. მიზეზი ლოგიკური იყო. ქვეითი პოლიციელები ნაკლებად მობილურნი არიან. სკეპტიკოსების ეჭვი გამართლდა და კრიმინალის დონეს მართლაც არაფერი დასტყობია. ნიუ ჯერსის შტატის მცხოვრებლები თვლიდნენ, რომ, რაც ქვეითი პოლიციელები გამოჩნდნენ, მათ საცხოვრებელ უბნებში უსაფრთხოების დონე ამაღლდა და კრიმინალმაც იკლო. რატომ მოხდა, რომ სტატისტიკამ ერთი აჩვენა და სოციალურმა გამოკითხვამ მეორე? პასუხი ადვილად გასაგები იქნება, თუ გავარკვევთ, რას წარმოადგენს ნიუ ჯერსის მცხოვრებლებისთვის ზოგადად კრიმინალი და უსაფრთხოება. შეიძლება საცხოვრებელ უბნებში კვლავაც არსებობს მკვლელობისა და გაქურდვის საფრთხე, მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებს აწუხებს „მთვრალი”, მას ქვეითი პატრულის იმედი ყოველთვის ექნება. როგორც აღმოჩნდა, ამ ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი წესრიგის დამრღვევი მოქალაქეებისგან დაცვა იყო. ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება სასაცილოდ და არასერიოზულად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ დავაკვირდებით, მსგავსი „მარტივი” დანაშაულები ხშირად სერიოზული დანაშაულის წინაპირობა ხდება. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კრიმინალის დონის უცნაური ცვლილების ასახსნელად, სხვადასხვა თეორია არსებობს – იქნება ეს პოლიციის მიერ უფრო დახვეწილი მეთოდების გამოყენება თუ 70-იან წლებში ლეგალური აბორტის გაკეთების შესაძლებლობა. ამ უკანასკნელმა განაპირობა, რომ უფრო ნაკლებ თინეიჯერ, ღარიბ თუ მარტოხელა დედას უჩნდებოდა შვილი. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მოტივიაცია იკლებდა. ამას გარდა, რამდენიმე საინტერესო, თუმცა სადავო მოსაზრება არსებობს. მაგალითად, კრიმინოლოგმა ალ ბლუმშტაინმა შეიმუშავა თეორია, რომელსაც „ობამას ეფექტი” ჰქვია. ბლუმშტაინი თვლის, რომ აფროამერიკელი პრეზიდენტის არჩევამ ბევრ ახალგაზრდა შავკანიანზე დადებითად იმოქმედა. ისინი უარს ამბობენ ძალადობაზე. მართლაც, 2008-2009 წლებში, აფროამერიკელ დამნაშავეთა რიცხვი 2%-ით შემცირდა. 
 

კომენტარები