ქარვასლა

„ნეოკათარზისი“

0 კომენტარი

ოქტომბრის საღამომ მხატვრობის მოყვარულთა საზოგადოებას თბილისის ისტორიის მუზეუმში,  ქარვასლაში მოუყარა თავი, სადაც ირაკლი მაისურაძეს (1963–2010)  და მის მხატვრობას იხსენებდნენ.  რეტროსპექტივაზე, რომელიც მხატვრის ხსოვნას  მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო მის მიერ 80–90 იან წლებში შექმნილი ნამუშევრები სერიებიდან: 43 ავტოპორტრეტი,  ნეოკათარზისი,  დაბრუნება,  დიდი საიდუმლო,  არჩევანი  და სხვა.  იმის გამო,  რომ დიდი ზომის კონსტრუქციები და ექსპონატები, თბილისის ვერც ერთმა საგამოფენო დარბაზმა ვერ დაიტია, გამოსაფენი დარჩა საზოგადოებისათვის უცნობი  ნამუშევრებიც.

რამდენიმე წამი  მხატვრის მიერ შექმნილი ექსპონატის წინ ჩერდები და ტაატით აგრძელებ ერთი ნამუშევრიდან მეორეზე გადანაცვლებას. კონტრასტული ფერების თანხვედრა გაოცებს და  მონტაჟის ხელოვნება გახსენდება, რომელიც მხატვარს ერთ დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ფერწერა საქართველოში წარმოდგენილიც არ იყო, თავისი ხელწერის, რიტმის, კონსტრუირებული ფიგურების გამოსახატავად გამოუყენებია. ფერების,  უცნაური  ფიგურებისა და ფორმების განუწყვეტელ დინებას საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზში გაყავხარ, იქ, სადაც მხატვრის  მიერ შექმნილი პორტრეტების სერიაა წარმოდგენილი: “პირველი კვადრატის დაბადება“,  „მგელი“, „ღიმილი“, „მისტიური სიმღერა წითელზე“,  „მისტერია სიყვარულზე“, „ახალი წყვილი“...

ირაკლი მაისურაძის მხატვრობა, მრავალფეროვანი და რადიკალურად განსხვავებული ჟანრობრიობით გამოირჩევა. მხატვარი, რომელმაც სრულიად რადიკალური,   ექსპრესიული მხატვრობით დაიწყო, საბოლოოდ  ხატწერამდე მივიდა.

„ირაკლი მაისურაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მჯერა, რომ ირაკლი დღეს  ჩვენთან არის - აღნიშნავს მხატვრის მეუღლე, მხატვარი და საღამოს ორგანიზატორი ლელა ზარნაძე - მისთვის მხატვრობა მთელი ცხოვრება იყო. ირაკლის მრავალი ექსპონატიდან დღეს რაღაც ნაწილი შევარჩიეთ და სწორედ ისინი გამოვფინეთ. ამ რეტროსპექტივით ჩვენ ვეცადეთ მხატვრის მიერ განვლილი მოღვაწეობის რამოდენიმე პერიოდი გვეჩვენებინა, თუ საიდან დაიწყო  და სადამდე მივიდა.“

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები