რა ღირს სიკვდილი

 

ადრე თუ გვიან, ყველა კვდება. თუმცა, თუ რა ბედი ეწევა მის სხეულს, სიცოცხლეში ბევრს არ ადარდებს. მეორე მხრივ, არიან ისეთები, ვისთვისაც საკუთარი დაკრძალვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ყველაფერმა ღირსეულად უნდა ჩაიაროს. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ახლობლებსაც კი ვერ ანდობენ. ყველაფერს წინასწარ გეგმავენ – ირჩევენ სასახლეს, საფლავს უვლიან, ქვას ადგამენ. დანარჩენი ხარჯებისთვის კი დანაზოგს ტოვებენ. ამით ოჯახის წევრებსაც უადვილებენ საქმეს. მათ ზრუნვა მხოლოდ მემორიალურ დაფაზე გარდაცვალების წლის მიწერასა და დაკრძალვაზე მისული სტუმრების პატივისცემის ორგანიზებაზე მოუწევთ.

სხვა შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლები მეტ-ნაკლებად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქმედებენ. მით უმეტეს, როდესაც „ასეთ საქმეებში” გამოცდილი ადამიანი არ ჰყავთ ახლოს. თუ ახლობელი მოულოდნელად გარდაგეცვალათ, ტრადიციული დაკრძალვის ორგანიზება მოგიწევთ. განსხვავებულ მეთოდებს, მაგალითად, მიცვალებულის კრემაციას, აქ ვერ მიმართავთ – თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში კრემატორიუმი არ არსებობს. სამაგიეროდ, თბილისში დაკრძალვის სერვისების არცთუ მცირერიცხოვანი არჩევანია, დაბნეულობისთვის კი ცოტა დრო გაქვთ.

მართალია, ამაზე ფიქრი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ინფორმაცია თითოეული ნაბიჯისა და ხარჯების შესახებ, რომელიც ადამიანის სიკვდილს მოჰყვება, ინტერესს მოკლებული არ არის. მაშ ასე: როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თბილისში დაკრძალვის ორგანიზება გიწევთ?

უპირველესად, სასწრაფოსგან გარდაცვალების შესახებ ცნობა უნდა მიიღოთ. შემდგომ კი ყველაფერი თქვენს სურვილებზე, გემოვნებასა და მატერიალურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ირჩევთ დამკრძალავ ბიუროს და თითოეულ საკითხს პუნქტობრივად ათანხმებთ ან ყველაფერს მას მიანდობთ.

სიკვდილი არც ისე იაფი ღირს, გაპატიოსნება და დასაფლავება კი ყველა მიცვალებულს სჭირდება. ბაზარზე სასახლეებისა და გადასასვენებელი სატრანსპორტო საშუალებების ფართო არჩევანია. სხვადასხვა ფორმისა და მატერიის სასახლეების ფასები 150 ლარიდან იწყება და 4 ათასს აღწევს. როგორც დამკრძალავ ბიუროებში ირწმუნებიან, სასახლე რაც უფრო ძვირადღირებულია, მით უფრო ხარისხიანია და დიდხანს გაძლებს. გარდა ამისა, საჭიროა სუდარა – სპეცდამზადებით ან სტანდარტული, ყველაზე იაფფასიანი 25 ლარი ღირს. მიცვალებულის დასასვენებელ ტახტს 30 ლარად იქირავებთ. გარდაცვლილის ბალზამირება, ჩაცმა, მოწესრიგება დაახლოებით 150 ლარია. თუ გარდაცვლილი ქალია, ხარჯი იზრდება – თმის დავარცხნისა და მსუბუქი მაკიაჟის ფასი 80 ლარიდან იწყება. კომფორტი ტრანსპორტირებისასაც საჭიროა – ფასი მომსახურების შესაბამისად იზრდება. ღირებულება მანქანის მარკასა და კილომეტრაჟზეა დამოკიდებული. კატაფალკის დაქირავების საფასური 60-დან 200 ლარამდე მერყეობს. ერთი ავტობუსის ფასი კი 80 ლარიდან იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ საოჯახო სასაფლაო არ გაქვთ, დასაფლავებისთვის საჭირო მიწისთვის სასურველი სასაფლაოს ადმინისტრატორს უნდა მიმართოთ: არჩევთ თავისუფალ ადგილს, აფორმებთ მიმართვას და მიგაქვთ მერიის დაფუძნებულ საწარმო ჰერმესში. სწორედ ეს სარიტუალო სამსახური უწევს ადმინისტრირებას მერიის დაქვემდებარებაში მყოფ 26 სასაფლაოს. შესაბამისად, ამ საფლავებზე ადგილის დასაკავებლად ხელშეკრულებას მასთან დებთ. ერთ და ორადგილიანი მიწა უფასოა, ხოლო სამარხის მოწყობა – მიწის გათხრა და მიცვალებულის ჩასვენება – 230 ლარი დაგიჯდებათ. მემორიალური დაფა სურათითა და წარწერით, სულ მცირე, 150 ლარი ღირს. 15 წლის შემდეგ, ამ საფლავზე სანიტარული დასკვნის საფუძველზე, ახალი მიცვალებულის ზემოდან დასვენება შეიძლება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათ სამარხზე მომსახურების თანხას მერია ფარავს. ასევე, მერია იხდის მათი დაკრძალვის ხარჯებსაც, ვისაც არავინ ჰყავს. ადგილი ვერის სასაფლაოზეა გამოყოფილი. შპს ჰერმესის დირექტორის მოადგილის, მიხეილ ქადაგიშვილის თქმით, მათთან ყოველთვიურად 600-700 დაკრძალვა რეგისტრირდება, საქართველოს მასშტაბით კი, ყოველწლიურად – 50 ათასამდე.

საქართველოში ტრადიციული დაკრძალვა პურ-მარილის გაშლასაც გულისხმობს. ე.წ ქელეხი მიცვალებულისადმი პატივისცემის გამოხატვის საშუალებაა. ჭირისუფლის სურვილები, გემოვნება და ფინანსები ამ შემთხვევაში კარგად წარმოჩნდება. იშვიათად თუ მოხვდებით ქელეხზე, რომელიც მხოლოდ საახლობლო წრით შემოიფარგლება. ძირითადად, სულ მცირე, საბანკეტო დარბაზებსა და ძვირადღირებულ რესტორნებში 100-კაციანი სუფრები იშლება. თბილისში ქელეხის სუფრა ყველაზე იაფფასიან დარბაზში კაცზე 15 ლარი ღირს. „ჭირისუფალს არც ერთ შემთხვევაში არ გავუშვებთ, – გვითხრეს ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში, – თუ ბევრის გადახდის საშუალება არ აქვთ, მენიუში მხოლოდ ცხელ საჭმელებს ვტოვებთ”.

როგორც ვნახეთ, საქართველოში „სიკვდილის ფასი” 1000 ლარიდან იწყება. დაკრძალვაში დახარჯული ფულის ოდენობა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბევრად უფრო შთამბეჭდავია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მონაცემებით, ტრადიციული დაკრძალვის ცერემონიალის ფასია $6 000-$15 000. დიდ ბრიტანეთში £1415-დან (3 608 ლარი) იწყება. ტრადიციულ დაკრძალვასთან შედარებით, მიცვალებულის კრემაცია იაფი ჯდება – ფასი $1 000-დან იწყება. სხვათა შორის, ჭირისუფალთა დიდი ნაწილი ახლობლის იმქვეყნად გაცილების ამ მეთოდს ირჩევს. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში კრემატორიუმი არ არის, ამიტომ რთული სათქმელია, რამდენი ოჯახი მოისურვებდა ტრადიციული დაკრძალვის კრემაციით ჩანაცვლებას. თუმცა, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ხშირად ბჭობენ ამ თემაზე – კრემაცია თუ დაკრძალვა. მაგალითად, Facebook-ზე ორასზე მეტი ადამიანი გაერთიანდა ჯგუფში – „ჩვენ გვინდა კრემაცია საქართველოში”.

მანამდე, საზოგადოება არსებული სერვისებით კმაყოფილდება. ასეა თუ ისე, ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ.

კომენტარები