სოფლის შენებას რა უნდა

სოფლის შენებას რა უნდა

«Расти, расти, кукуруза, на всей территории Советского Союза!»

 

ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 35%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში უნდა გატარდეს – სოფლის მეურნეობის რეფორმაა. თუმცა მხოლოდ 9%-ს სჯერა, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდება. რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოიცვალა, ბაკურ კვეზერელის პოსტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ დაიკავა. ამ საკადრო ცვლილების მიზეზის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის – ტრადიციისამებრ, არავინ აგვიხსნა რა ვერ შეძლო წინა მინისტრმა, ან რას შეცვლის ახალი.

ოქტომბერშივე შევიტყვეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გამხდარა – თურმე მთავრობა, ბენდუქიძის ზეწოლით, ხელს უშლიდა მილიარდერს, ქართული სოფელი წილკნის ინ ვიტრო ლაბორატორიებში გამოყვანილი ელიტური თესლით გაემდიდრებინა.

ბატონი ბიძინა გამონაკლისი არ არის. ჩვენ შევეგუეთ, რომ პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, თუ ოპოზიციური სპექტრიდან, სოფლის მეურნეობის აყვავების პირობას დებს. ეს გასაკვირი სულაც არაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სოფლად ცხოვრობს და, მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის განცხადებები ელექტორალურად მომგებიანია.

ამომრჩევლის გულის მოგების სურვილი პოლიტიკოსისთვის დასაძრახი როდია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი პოლიტიკური კლასის წარმოდგენები ეკონომიკის ამ დარგის შესახებ ზედაპირულია და კლიშეებს არ ცდება.

საბჭოთა პერიოდში სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკა, ცენტრალური დაგეგმარების პრინციპზე იყო აგებული. გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში არ არსებობდა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, რაც შეუძლებელს ხდიდა იმის გარკვევას თუ რამდენად მომგებიანი იყო საქართველოში, მაგალითად – ციტრუსის, ჩაის ან ყურძნის მოყვანა. ვიღაცამ სადღაც ასე გადაწყვიტა და ქვეყნის ეკონომიკაც ამ მიმართულებით განვითარდა. პროდუქციის გასაღების გარანტირებული ბაზრის საბჭოთა კავშირთან ერთად გაქრობა, მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ქართული სოფლისთვის. იმპერიის დაშლიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ საბჭოთა გამოცდილების აღმოფხვრა ბოლომდე ვერ მოხერხდა. ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობა, სადაც მოსახლეობის ნახევარი, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ქვეყნის წლიური დოვლათის მხოლოდ 10%-ს ქმნის. მომსახურების სფეროში კი მოსახლეობის მესამედია დასაქმებული და მასზე მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60% მოდის. ხოლო მრეწველობა, სადაც მოსახლეობის მეათედია დასაქმებული, დოვლათის თითქმის 30%-ს აწარმოებს.

სოფლის მეურნეობის განვითარებაში ცუდი რა უნდა იყოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ დარგში მოსახლეობის ნახევარი უშუალოდ დასაქმებულია, ხოლო მის პროდუქციას ყველა მოვიხმართ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ხელოვნურ „განვითარებაზე” საუბარი, არამედ ბაზარზე ნებისმიერი სახელმწიფო ჩარევის გაუთვალისწინებელი შედეგების ანალიზიც. ასეთი შედეგები კი ყოველთვის არსებობს. და ისინი, როგორც წესი, ნეგატიურია.

ქართული სოფლის გულშემატკივართა მთავარი მიზანი ამ დარგის პროდუქტიულობის გაზრდაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის ინიციატივა, რომელიც წლების მანძილზე ხორციელდებოდა, იქნება ეს ახალი ჯიშების შემოტანა, მექანიზაციისა და ირიგაციის პროგრამები თუ სხვა რამ. რეალურად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის დაბალი დონის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მცირე მიწიანობაა. დღევანდელი მდგომარეობით, სოფლად მცხოვრებ 1 ოჯახზე საშუალოდ 1 ჰექტარი მიწა მოდის. ასეთ მცირე ფართობზე მიღებული მოსავლის თვითღირებულება ბევრად უფრო მაღალია და კონკურენციას ვერ უძლებს – არა მხოლოდ საგარეო ბაზრებზე, არამედ შიდა ბაზარზეც. შედარებისთვის, თურქეთში ერთი ფერმერი საშუალოდ 6 ჰექტარს, საფრანგეთში – 50 ჰექტარს, ხოლო ამერიკაში 170 ჰექტარს განკარგავს.

მიწის ნაკვეთების გამსხვილება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდას ხელს შეუწყობს. მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ პროცესის ფორსირება ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს. აი, რატომ: საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამსხვილება ავტომატურად გულისხმობს, რომ მიწის მესაკუთრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ დღეს 700 ათასი ოჯახი, საშუალოდ, თითო ჰექტარ მიწას ფლობს და ამ რესურსით ავად თუ კარგად ირჩენს თავს, ნაკვეთების გამსხვილების შემთხვევაში, შეიძლება, მივიღოთ პირობითად 70 ათასი მესაკუთრე, რომელთა განკარგულებაშიც 10-10 ჰექტარი მიწა იქნება. შედეგად, 630 ათასი ოჯახი დარჩება მიწის და, შესაბამისად, დღეს არსებული თუნდაც მინიმალური შემოსავლის გარეშე. ეს ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიგრაციას – თუ ქვეყნიდან არ გავლენ, ქალაქებს მიაწყდებიან. აქვს კი საქართველოს ეკონომიკას იმის რესურსი, რომ მოსახლეობის ასეთ რაოდენობას შესთავაზოს შემოსავლის ალტერნატიული წყარო? სამწუხაროდ არა, რადგან უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ქალაქებშია. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით “ჭკვიანურმა” ინიციატივამ, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაშე დაგვაყენოს.

ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ უნდა ავიტკიოთ აუტკივარი თავი, მაშინ როდესაც დღეს არსებული ფორმით, ქართული სოფელი შეიძლება უკიდურესად არაპროდუქტიული და ღარიბი, მაგრამ ამავდროულად ეკონომიკურად და ბიოლოგიურად მდგრადია. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დახმარების გარეშე ვითარდებოდა, ისე, რომ უდიდესი გაჭირვების მიუხედავად, მასობრივი შიმშილის და ამის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის მოწმენი არ გავმხდარვართ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული სოფელი გადაარჩინა, მისი მრავალფეროვნებაა – ჩვენთან ერთ ტერიტორიაზე, ერთდროულად იზრდება კაკალი, სიმინდი, კენკრა, მისდევენ მეფრინველეობას და მეცხოველეობას, ასეთ პირობებში ვირუსის ან პარაზიტის მასშტაბური გავრცელების საფრთხე ნაკლებია, რაც ბიოლოგიური მდგრადობის წინაპირობას ქმნის. ბევრ ქვეყანას მსგავსი “ფუფუნება” არ აქვს – ხშირ შემთხვევაში მათი ეკონომიკის დიდ ნაწილს, რომელიმე მონოკულტურა ქმნის. მაგალითად, შუა აზიაში ბამბის, ან დასავლეთ აფრიკაში კაკაოს მოსავალი რომ ჩავარდეს, ეკონომიკისთვის ამას დრამატული შედეგი ექნება. საქართველოს სოფლის მეურნეობა კი დივერსიფიცირებულია და ერთ კულტურაზე დამოკიდებული არ არის.

ასე მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, რაჭაში ღორებს აფრიკული ჭირი შეეყარათ და მათი დიდი ნაწილი გაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ღორი ამ რეგიონის მეცხოველეობის მთავარი პროდუქტი იყო და მომხდარმა რაჭის მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა – კატაკლიზმი ამას არ მოჰყოლია, რადგან რაჭველების შემოსავალი რამდენიმე ასეულ ღორზე მთლიანად დამოკიდებული არ ყოფილა. რაღაც დროის შემდეგ, მათ სიტუაციასთან ადაპტირება შეძლეს და მეღორეობა მეფრინველეობით ჩაანაცვლეს. იგივე შეიძლება ითქვას ქათამზეც – ვირუსის შედეგად საქართველოში ქათამი რომ გაწყდეს, მნიშვნელოვანი პრობლემა შეიქმნება, მაგრამ იმ მასშტაბის ზიანს ჩვენი ეკონომიკა არ მიიღებს, რასაც, ვთქვათ, არკანზასი იმავე სიტუაციაში, რადგან მეფრინველეობა ამ შტატის სოფლის მეურნეობის ღერძია. გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ კახეთი, სადაც მევენახეობას განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვა აქვს.

ამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ასეთ პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა ძალიან რთულია. თავადვე წარმოიდგინეთ, სად ერთი ტრაქტორით რომ მოხნავ რამდენიმე ჰექტარს და სად ინდივიდუალურად რომ უნდა მოუარო ყველა კულტურას, რომელიც ერთ ტერიტორიაზე მოგყავს. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შორის ბალანსის შეცვლის და ამ გზით პროდუქტიულობის გაზრდის ხელოვნური მცდელობა რისკის მატარებელია.

საილუსტრაციოდ ჰიბრიდული სიმინდის თესლი ავიღოთ – სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნიკიტა ხრუშჩოვს ესტაფეტა გამოსტაცა და გადაწყვიტა, “მინდვრების დედოფალს” საქართველოს სახნავ-სათესი მიწების მეოთხედი აეთვისებინა. საბჭოთა ლიდერთან უხერხულ ასოციაციებს თუ დავუძვრებით, სიმინდის მოსავლის გაზრდის იდეა მშვენივრად ჟღერს და რთულია, მას ერთი შეხედვით წუნი უპოვო, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ სიმინდს ჭია შეესია – რას ვაკეთებთ? ანდაც დავუშვათ, რომ მსოფლიო ბაზარზე სიმინდის ფასი დავარდა – რას ვშვებით? როგორ ვეხმარებით სოფლის მოსახლეობას? ის, რომ იდეის ავტორი სახელმწიფოა, მის პასუხისმგებლობას განსაკუთრებით ზრდის.

მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად სარისკოა, შესაძლოა განვითარებულმა ქვეყნებმა გაბედონ, რადგან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი იქ 1-5%-ს შორის მერყეობს და მისი შენახვა დანარჩენ 95-99%-ს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ამავე მიზეზით, განვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკის სუბსიდირებაც ნაკლებ ზიანს აყენებს. მაგრამ საქართველოში, სადაც მოსახლეობის ნახევარი შოულობს სოფლის მეურნეობით ლუკმა პურს, მსგავსი რამ გაუმართლებელია – ჩვენი ეკონომიკა ფიზიკურად ვერ გაუძლებს მსგავს გამოწვევას.

ის, რომ ქართული სოფლის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეიცვალოს, დავას არ იწვევს. მაგრამ, უმჯობესია, სახელმწიფომ არა მეურნეობაზე, არამედ თავად სოფელზე იზრუნოს – რის შედეგადაც, სოფლის მოსახლეობა თავად მიხედავს საკუთარ მეურნეობას. ოპტიმალურია, რომ აგრარული სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ფული არა თესლების შესყიდვასა და ჯიშების გამოყვანაზე, არამედ ინფრასტრუქტურაზე და სოფლის მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე დაიხარჯოს.

კომენტარები