თავისუფალი ვაჭრობა

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს

0 კომენტარი

გასულ კვირას საქართველოს, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ქეთრინ ეშტონი ეწვია. საქართველოში ეს მისი მეორე ვიზიტია. გასულ წელს, ქვეყანაში მან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გახსნა. ასოცირების პროცესის ნაწილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებაა. ქეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების „უახლოეს კვირებში” დაწყებას იმედოვნებს.

თავის მხრივ, ეშტონმაც აღნიშნა, რომ საქართველომ „დიდ პროგრესს” მიაღწია მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. „სავსებით მართალი ბრძანდებით. ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ მომდევნო რამდენიმე კვირაში. ხოლო შობისთვის მოვახერხებთ იმ პროგრესის ჩვენებას, რომლისთვისაც თქვენ ასე ბეჯითად იშრომეთ”, – განაცხადა ეშტონმა. 

ის, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე შეიძლება დაწყებულიყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაშიც აღინიშნა – იმ პირობით, თუ „საკმარისი პროგრესი იქნებოდა მიღწეული მთელი რიგი დარჩენილი ძირითადი რეკომენდაციების შესრულების საქმეში”. 

როგორც ტაბულას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ, განუცხადა, ქართულ მხარეს ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს და გაწეული სამუშაო ახლა ევროკავშირის კომისიამ უნდა შეაფასოს. ის დასკვნას მოამზადებს, რომელსაც წევრი ქვეყნები უნდა დაეთანხმონ. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ ეს პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება, ძალიან დიდია. 

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დაწყებას ქართული მხარე ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვარაუდობდა. თუმცა, მათ ახალი, ან მოდიფიცირებული პირობები წამოუყენეს. ის, რომ ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და ევროკავშირი მეტისმეტად მკაცრ პირობებს უყენებდა, ბრიუსელში დაფუძნებულმა ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის კვლევამაც დაადასტურა. მათი მტკიცებით, საქართველომ გადაჭარბებითაც კი შეასრულა მოლაპარაკებების დაწყებისთვის საჭირო პირობები. შეფერხების მიზეზად არაერთი რამ დასახელდა, პირველ რიგში – პოლიტიკური ნების არქონა, სხვა ქვეყნებთან ნეგატიური გამოცდილება და სხვა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ შემაფერხებელი ფაქტორი WTO-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია იყო. დღეს საქართველომ და რუსეთმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ამ საკითხზე. ეს ეშტონმაც აღნიშნა – „თქვენ დიდი ძალისხმევა გაიღეთ. მისასალმებელია ის ფორმა, რომლითაც ამას მიაღწიეთ”.  

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები